წიგნის კითხვის უპირატესობანი
რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები ყოველდღიურად
გაიხსენეთ ბოლოს როდის წაიკითხეთ წიგნი? კითხვის ყოველდღიური ჩვევები მხოლოდ facebook-ის სტატუსებისა და პროფესიული ლიტერატურის კითხვით ხომ არ შემოფარგლეთ? თუ თქვენ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც ყოველდღიურად არ კითხულობენ, ბევრ რამეს კარგავთ: კითხვას უამრავი უპირატესობა აქვს. მხოლოდ რამდენიმეს ჩამოგითვლით.
1. აზროვნების სტიმულირება
კვლევები გვიჩვენებს, რომ გონებრივ აქტიურობას შეუძლია შეანელოს (და შესაძლოა, წინ აღუდგეს) ალცჰეიმერის დაავადებისა და დემენციის (დაავადება, რომელიც ხასიათდება მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების ნაწილობრივი დაკარგვით) განვითარება, შეუნარჩუნოს თქვენს ტვინს აქტიურობა და დაიცვას იგი ავადმყოფობისაგან. ისევე, როგორც ადამიანის სხეულის შემადგენელ კუნთებს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში, რათა ჯანმრთელი და ძლიერი იყოს. ასე რომ, გამოთქმა: „გამოიყენე ან დაკარგე“, ზუსტად მიესადაგება ჩვენს ჭკუასა და გონებას. ტვინის აქტიურობის შესანარჩუნებლად სასარგებლოა თავსატეხების ამოხსნა და ჭადრაკის თამაშიც.
2. სტრესის შემცირება
არ აქვს მნიშვნელობა, კვირაში რამდენჯერ ხვდებით სტრესულ სიტუაციაში სამსახურში, პირად ურთიერთობებში ან რამდენი პრობლემა გხვდებათ ყოველდღიურად, ყველა მათგანი გავიწყდებათ, როდესაც წიგნის კითხვის დროს დიდი ისტორიის თანაზიარი და მონაწილე ხდებით. კარგად დაწერილმა რომანმა შეიძლება სულ სხვა სამყაროში გადაგიყვანოთ, ხოლო საინტერესო სტატიამ ყურადღება გადაგატანინოთ ყოველდღიური პრობლემებიდან და მოდუნებისა და დასვენების საშუალება მოგცეთ.
3. ცოდნის შეძენა
ყველაფერი, რასაც კითხულობთ, თქვენს გონებას ახალ ინფორმაციას აწვდის, რომელიც არ იცით, როდის გამოგადგებათ. რაც უფრო მეტი ცოდნა გაქვთ, მით უფრო კარგად ხართ შეიარაღებული, რათა წარმატებით გაუმკლავდეთ ნებისმიერ პრობლემას, თუ მის წინაშეც ოდესმე აღმოჩნდებით.
გარდა ამისა: თუ ოდესმე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, შეიძლება დაკარგოთ სამსახური, ქონება, ფული, ჯანმრთელობაც კი, მაგრამ ცოდნას ვერავინ წაგართმევთ.
4. სიტყვების მარაგის ზრდა
რაც უფრო ბევრს კითხულობთ, მით უფრო მეტი სიტყვა ემატება თქვენს ყოველდღიურ ლექსიკონს. მკაფიო მეტყველება კი ნებისმიერი პროფესიის ადამიანისათვის საჭიროა. ეს დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. ის ადამიანები, რომლებიც ბევრს კითხულობენ, საინტერესოდ ლაპარაკობენ და ბევრ თემაზე შეუძლიათ საკუთარი აზრის გამოთქმა, უფრო სწრაფად მიიწევენ წინ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც სიტყვების მცირე მარაგი აქვთ და არაფერი იციან ლიტერატურაზე, მნიშვნელოვან აღმოჩენებსა და საინტერესო გლობალურ მოვლენებზე.
კითხვა მნიშვნელოვანია ახალი ენის შესწავლისას. არამშობლიურ ენაზე კითხვის დროს ვიძენთ გამოცდილებას, როგორ გამოვიყენოთ ესა თუ ის სიტყვა კონტექსტში, რაც აუმჯობესებს ლაპარაკისა და წერის უნარებს.
5. მეხსიერების გაუმჯობესება
როდესაც წიგნს კითხულობთ, იმახსოვრებთ პერსონაჟებს, მათი ბიოგრაფიის დეტალებს, ისტორიას, სიუჟეტურ ხვეულებს, ალტერნატიულ ისტორიებს, რომლებიც პერსონაჟების ცხოვრებაში იხლართება. ეს არც ისე იოლია, მაგრამ ტვინი არაჩვეულებრივი რამაა და ყველაფერ ამას მარტივად იმახსოვრებს. ყოველი ახალი მოგონება ტვინში ქმნის ახალ სინაფსებს (ნეირონების შეკავშირების ადგილი) და ხელს უწყობს ძველების გაძლიერებას. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ეს დადებითად მოქმედებს მოკლევადიან მეხსიერებაზე და არეგულირებს განწყობას. აბა, როგორ ფიქრობთ, ხომ მშვენიერია?
6. ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესება
ოდესმე წაგიკითხავთ დეტექტიური რომანი და თავადვე ამოგიხსნიათ საიდუმლო, სანამ წიგნს დაასრულებდით? ამ შემთხვევაში ყველა მოცემული დეტალის გაანალიზების გზით თქვენ შეძელით დამნაშავის საპოვნელად კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების გამოყენება.
დეტალების ანალიზის უნარი ასევე გვეხმარება იმის შეფასებაში, თუ რამდენად კარგადაა რომანი დაწერილი, სათანადოდ ვითარდება თუ არა პერსონაჟების ხასიათები, მიედინება თუ არა სიუჟეტი უწყვეტად და ა.შ. სხვებთან წიგნის განხილვის შესაძლებლობა თუ მოგეცემათ, შეძლებთ მკაფიოდ გამოთქვათ თქვენი მოსაზრება, რადგან საკმარისი დრო დაუთმეთ ყველა ასპექტის გაანალიზებას.
7. კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესება
ინტერნეტის საშუალებით ყოველდღიურად უამრავი სხვადასხვა რამ იქცევს ჩვენს ყურადღებას. ხუთწუთიან ინტერვალში ჩვეულებრივმა ადამიანმა შეიძლება გადაანაწილოს დრო სამუშაოზე, ელფოსტის შემოწმებაზე, რამდენიმე ადამიანთან მიმოწერაზე (მაგალითად, სკაიპით), ამასთან, თვალი ადევნოს ტვიტერს, სმარტფონს და თან თანამშრომელს ელაპარაკოს. ასეთი ქცევა, რომელიც ძალიან ჰგავს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომს, ზრდის სტრესის დონეს და ამცირებს შრომისუნარიანობას.
როდესაც წიგნს კითხულობთ, მთელი ყურადღება სიუჟეტისკენაა მიპყრობილი. დანარჩენი სამყარო კი უმნიშვნელო ხდება, რადგან ცდილობთ თითოეულ დეტალს ჩაუღრმავდეთ. შეეცადეთ სამსახურში წასვლამდე 15-20 წუთი მაინც დაუთმოთ კითხვას, და გაოცდებით, როგორ გაგიუმჯობესდებათ კონცენტრაციის უნარი.
8. წერის უნარის გაუმჯობესება
სიტყვების მარაგის ზრდასთან ერთად, კარგად დაწერილი ნაწარმოების წაკითხვა დიდ გავლენას ახდენს მკითხველის წერის უნარზე. სხვადასხვა ავტორის რიტმი, დინამიურობა და წერის სტილი აუცილებლად იმოქმედებს თქვენს ნაწერზე. ისევე, როგორც მუსიკოსები ახდენენ ერთმანეთზე გავლენას და მხატვრები იყენებენ უკვე არსებულ ტექნიკებს, მწერლებიც სწავლობენ პროზის შექმნას სხვისი ნამუშევრების კითხვით.
9. შინაგანი სიმშვიდე
წიგნის წაკითხვის დროს რელაქსაციის გარდა, ნაწარმოების თემამაც შეიძლება მოგანიჭოთ შინაგანი სიმშვიდე. კითხვა ადამიანს ამშვიდებს, განწყობის დარეგულირებაში გვეხმარება და მსუბუქი სულიერი აშლილობებისგან განკურნებას უწყობს ხელს.
10. უფასო გართობა
მართალია, ბევრ ჩვენგანს უყვარს წიგნების ყიდვა, რომ საჭიროებისამებრ გავხაზოთ ან ჩავინიშნოთ რამე, მაგრამ ხანდახან ეს ძვირი სიამოვნებაა. მცირებიუჯეტიანი გართობისათვის კი შეგიძლიათ ადგილობრივ ბიბლიოთეკას ესტუმროთ და ისიამოვნოთ უფასო ლიტერატურის უამრავი ტომით. ბიბლიოთეკებში ყველა არსებულ თემაზე იპოვით წიგნს.
თუ ვერ ახერხებთ ბიბლიოთეკაში მისვლას, არსებობს წიგნების ელექტრონული ვერსიები, რომლებიც შეგიძლიათ წაიკითხოთ საკუთარ ელექტრონურ რიდერში, აიპედში ან კომპიუტერში. არსებობს უამრავი წყარო უფასო ელექტრონული წიგნების გადმოსაწერად. ასე რომ, შეგიძლიათ ადვილად ინადიროთ ახალ წიგნებზე!
წერა-კითხვის მცოდნე ყველა ადამიანისათვის არსებობს სასურველი ჟანრი, რომელიც მის ცნობისმოყვარეობას ატყვევებს, ზოგისათვის ეს არის კლასიკური ლიტერატურა, სხვისთვის - პოეზია, მოდის ჟურნალები, ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები, რელიგიური ტექსტები, ფენტეზი, თვითდახმარების სახელმძღვანელოები, სასიყვარულო რომანები. ცოტა ხნით გამორთეთ კომპიუტერი, გადაშალეთ წიგნი და შემატეთ სულს ახალი ენერგია.