„უჩინარი კაცი“ და... მისი მუზეუმი
„უჩინარი კაცი“ – ასე უწოდებდა პირველ ქართველ მესურათხატეს, ალექსანდრე როინაშვილს დიდი ქართველი მოღვაწე ილია ჭავჭავაძე, რადგან როინაშვილმა მთელი ცხოვრება ობიექტივს ამოფარებულმა გაატარა.
როცა პირველად ფოტოაპარატი აიღო ხელში, მხოლოდ 14 წლის იყო. ამ დღიდან დაიწყო მისი ნაყოფიერი მოღვაწეობა ფოტოგრაფიაში.Mმან შექმნა ფოტოგრაფიის სკოლა, სადაც 17 მოსწავლე უსასყიდლოდ სწავლობდა. ალექსანდრე როინაშვილი ოცნებობდა, შეექმნა ქართული მუზეუმი, ამიტომ სიძველეების შესწავლა და შეგროვება დაიწყო. ფეხით შემოიარა საქართველოს ყველა კუთხე. დიდი მონდომებით და ძალისხმევით აგროვებდა ექსპონატებს, იღებდა ფოტოებს. მის კოლექციაში აღმოსავლური გავლენა იგრძნობა. 1887 წელს შექმნა სიძველეთა ნიმუშების და უძველესი ფოტოების მოძრავი მუზეუმი, რომელთან ერთად კავკასიისა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურა. სარატოვში თავისი სამუზეუმო ნივთების კატალოგი შეადგინა. სწორედ ამ ექსპონატების, „კავკასიური მოძრავი მუზეუმის“ გამოფენა მოეწყო სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
კოლექცია მოიცავს უმნიშვნელოვანეს ნივთებს, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნის არა მარტო ქართული, არამედ კავკასიური, აზიური, ისლამური და ევროპული ლითონმქანდაკებლობის შესახებ. როინაშვილის მიერ შეგროვებულმა ნივთებმა ძალიან გრძელი და რთული გზა გაიარა. მათი დიდი ნაწილი დაკარგული იყო. გამოფენის ორგანიზატორმა, ალექსანდრე როინაშვილის შემოქმედების მკვლევარმა ლიკა მამაცაშვილმა ეს ნივთები მოიძია. ძებნა გრძელდება. გამოფენაზე წარმოდგენილია სპილენძის, კერამიკის, ფაიფურის ჭურჭელი, 150-მდე იდენტიფიცირებული ნივთი, საომარი იარაღი, აღკაზმულობა, ეროვნული სამოსი, არქეოლოგიური და ანტიკვარული ნივთები.
ექსპოზიციიდან გამოირჩევა დოქი ბასრადან, რომელსაც პირველი ფოტოგრაფი ხშირად იყენებდა თავის ფოტოებში. საოცარი ოსტატობით შესრულებული დოქი 69 წლით თარიღდება. რამდენიმე მკვლევარი მიიჩნევდა, რომ წარწერაში გამოტოვებული იყო საუკუნე და ნივთი უნდა დათარიღებულიყო 169, ან 269 წლით. გამოფენის ცენტრალურ ნაწილში წარმოდგენილია სამეფო კარის ცხოვრების სცენა, რომელიც ასახავს აღსაყდრებულ სამეფო წყვილს. მათი ტახტი ანგელოზებს უჭირავთ, გარშემო კი დიდებულები არიან გამოსახულნი.
გამოფენაზე დიდ ყურადღებას იქცევს ალექსანდრე როინაშვილის მიერ გადაღებული ქალაქის და უძველესი ძეგლების შესანიშნავი ფოტოები. ძველი თბილისის, მცხეთის, ანანურის საოცარი ხედები დამთვალიერებლის აღფრთოვანებას იწვევს.
ექსპოზიციის ფარგლებში გაიმართა წიგნის „ალექსანდრე როინაშვილი და მისი მუზეუმი“ პრეზენტაცია. წიგნი სრულად ასახავს ქვეყნის ისტორიასა და კულტურულ განვითარებაში როინაშვილის სამუზეუმო საქმიანობით შეტანილ წვლილს.Eეს არის წიგნი პიროვნებაზე, ფოტოგრაფზე, რომელმაც შეაგროვა ისტორიულად ღირებული სიძველეები და შექმნა „კავკასიური მოძრავი მუზეუმი“.