ინფორმაციული განათლება/მედიაწიგნიერება _ აქტიური მოქალაქეობის ინსტრუმენტი
მედიაწიგნიერების/ინფორმაციული განათლების გარეშე დღეს შეუძლებელია ცხოვრება, რომ აღარაფერი ვთქვათ მის მნიშვნელობაზე ნებისმიერი საქმიანობის დაგეგმვის, პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, ეს კომპეტენცია აუცილებელია დემოკრატიული ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის, რათა მან შეძლოს ინფორმაციის ფლობა, პასუხისმგებლიანი სამოქალაქო ჩართულობის განხორციელება. ასე რომ, ინფორმაციული განათლება დღეს დემოკრატიის რეალიზების ჩაუნაცვლებელ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამიტომაც საქართველოში ინფორმაციული განათლების საერთშორისო ასოციაციის შექმნა დროული და მისასალმებელი საქმეა. ასოციაციის შექმნის წინაპირობებზე, მიზნებსა და პერსპექტივებზე გვესაუბრება მისი ხელმძღვანელი ნატალია ინგოროყვა:
_ინფორმაციული განათლება თანამედროვე სამყაროში განიხილება როგორც სასიცოცხლო აუცილებლობა. მისი საშუალებით შეგვიძლია გავიგოთ, როგორ გამოიყენება მასობრივი კომუნიკაცია სოციუმებში და როგორ ზემოქმედებს ის ადამიანებზე. განათლების ეს მიმართულება ასევე გვაძლევს ცოდნას იმისათვის, რომ შევძლოთ ინფორმაციის ანალიზი, კრიტიკული შეფასება, შევქმნათ ახალი მედიატექსტები, განვსაზღვროთ მედიატექსტების წყარო, მათი სანდოობა, პოლიტიკური, კულტურული, სოციალური, კომერციული ინტერესი და კონტექსტი, შევძლოთ როგორც ტექსტების, ისე მედიის საშუალებით გავრცელებული ღირებულებების ინტერპრეტირება, საინფორმაციო ნაკადიდან საჭირო ინფორმაციის გამოყოფა და ახალი მედიატექსტების შექმნა/გავრცელება, აუდიტორიის დაინტერესება, თავისუფალი წვდომა მედიაზე. ჯერჯერობით, ჩვენს საზოგადოებაში არ იკვეთება სათანადო დაინტერესება ინფორმაციული განათლებისადმი, არ ხორციელდება შესაბამისი აქტივობები გადაწყვეტილების მიმღებებსა და ბენეფიციარებს შორის, არ იკვეთება ინფორმაციული განათლების ფორმალური ან არაფორმალური გზით შეთავაზების ტენდენცია. ასეთია გარემო, რომელშიც ჩვენი ასოციაცია შეიქმნა.
_რა მიზანს ისახავს ინფორმაციული განათლების ასოციაცია?
_ინფორმაციული განათლების ასოციაციის მიზანია, გამოიყენოს ადვოკატირების მექანიზმები, აწარმოოს საინფორმაციო შეხვდრები ბენეფიციარებისა და გადაწყვეტილების მიმღებებისთვის. მოხდეს პრობლემის შესახებ საზოგადოების ინფორმირება მედიით. კვლევამ გვიჩვენა, რომ უმაღლესი განათლების დაწესებულებათა სასწავლო პროგრამები ინფორმაციული განათლების მიმართულებით არის დეფიციტური და ძირითადად კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლასა და ვიდეო-აუდიო ფაილების მომზადებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს სთავაზობს სტუდენტებს. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ინფორმაციული განათლების სწავლების სილაბუსი, რომლის პილოტირება საჯარო ლექციების ფორმატში გვქონდა გათვალისწინებული; ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით შექმნილი პროექტის ფარგლებში ინფორმაციული განათლების საერთშორისო ასოციაციამ შეიმუშავა ეს სილაბუსი, უმაღლეს სასწავლებლებში ვატარებთ საჯარო ლექციების ციკლს ,,მედიაწგნიერების და ინფორმაციული განათლების მნიშვნელობაზე განათლებაში“. ამ სილაბუსს ვთავაზობთ უმაღლეს სასწავლებლებს და სურვილი გვაქვს, უმაღლეს სასწავლებლებში გაჩნდება მზაობა ამ კომპეტენციის განვითარებისათვის. პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავატარეთ საჯარო ლექცია ,,მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული განათლების მნიშვნელობაზე განათლებაში“ (http://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/gonisdziebebi-346/nato-ingoroyvas-sadjaro-leqcia.page), რომელმაც დამსწრეთა მაღალი ინტერესი გამოიწვია. სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მიმართეს უნივერსიტეტის რექტორს, რომ ინფორმაციული განათლების სალექციო კურსი, მისი აქტუალობის გათვალისწინებით, სასწავლო პროგრამაში შეეტანათ. სტუდენტთა მოთხოვნა გათვალისწინებულია და მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული განათლების სასწავლო კურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო სწავლების საფეხურზე დაინერგა. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით, საჯარო ლექციების კურსი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში გაგრძელდება.
_როგორია საგანმანათლებლო ინსტიტუციებში ამ კომპეტენციის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების საერთაშორისო გამოცდილება?
_ინფორმაციული განათლება მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქის ძირითად უფლებად მიიჩნევა, რადგანაც ის მოქალაქეებს აძლევს თვითგამოხატვის საშუალებას, უფლებას ინფორმაციაზე, რომელიც დემოკრატიის მხარდამჭერ ინსტრუმენტად არის აღიარებული. ასეთ პირობებში, განათლების სისტემის წინაშე ახალი კომპეტენციების ფორმირებასთან დაკავშირებული ახალი ამოცანები დგება, რომელთა მიზანია, საზოგადოების ადაპტაცია მუდმივად ცვალებად გარემოსთან. ერთ-ერთი ასეთი კომპეტენცია არის ინფორმაციული განათლება(მედიაწიგნიერება). ინფორმაციული განათლება არაერთი სახელმწიფოს სასწავლო გეგმის ნაწილია, ასევე, ეს არის დამატებითი, არაფორმალური განათლების ნაწილი, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იღრმავებს მედიაწიგნიერების თვალსაზრისით.
_ეროვნული სასწავლო გეგმით, ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაშიც მოქმედებს სამართლებრივი საფუძველი ამ კომპეტენციის განვითარებისთვის...
_დიახ, მედიაწიგნიერება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პრიორიტეტად აღიარა და გამჭოლ კომპეტენციად შეიტანა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საფეხურის შემდეგ რომ არ მოხდეს ამ კომპეტენციის განვითარების შეწყვეტა, აუცილებელია უმაღლესი განათლების საფეხურზეც გაგრძელდეს და გაღრმავდეს სასწავლო პროგრამებში ინფორმაციული განათლების სალექციო კურსი.
_ ქალბატონო ნატალია, ესგ-ით დასახული მიზნის მიღწევას, ვგულისხმობ მედიაწიგნიერების განვითარებას, შესაბამისი ადამიანური რესურსი ესაჭიროება. მოქმედი პედაგოგებიც საჭიროებენ პროფესიული განვითარებას ამ მიმართებით. მასწავლებლებს თუ შესთავაზებთ სასწავლო პროგრამას?
_ ცხადია, ჩვენი მასწავლებლებისთვისაც აუცილებელია ცოდნისა და უნარების განვითარება მედიაწიგნიერების მიმართულებით, რადგან ეს თავისთავად არ მიიღწევა და გამოცდილებაც თითქმის არ არსებობს. უახლოეს პერიოდში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჩვენი ასოციაციის თანამშრომლობით უწყვეტი პროფესიული განათლების მიმართულებით გამოცხადდება ტრენინგკურსი და მსურველ პედაგოგებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ ამ პროცესში.
http://iaie.org.ge/- ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციის ვებგვერდი