ქართველები 18-წლამდელთა ევროლიგის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრმა, 1999 წელს დაბადებულმა გოგა ბითაძემ, რომელიც ერთი თვეა თბილისის „ვითადან“ სერბულ „მეგა ლეკსში“ გადავიდა, ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ითამაშა. ბითაძის გუნდი ფინალში „სტელა აძურა რომას“ დაუპირისპირდა, ვის ღირსებასაც სანდრო მამუკელაშვილი იცავს.
მამუკელაშვილი ქართველია და ის საკალათბურთო „აკადემიაში“ წლების მანძილზე თამაშობდა. მას ამერიკის მოქალაქეობა აქვს და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ამის გამო არ უთამაშია. 16 წლის მამუკელაშვილი უკვე მეორე წელია, იტალიაში, ზემოხსენებულ გუნდში თამაშობს და საკმაოდ პერსპექტიულ კალათბურთელად ითვლება. ბითაძემ და მამუკელაშვილმა იტალიის დედაქალაქში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროლიგის ტურნირში თავიც გამოიჩინეს და ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ.
გუნდები 2 ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. მამუკელაშვილის გუნდმა A რუსული ცსკა-ს (68:62), იტალიური „ვირტუს ბოლონიასა“ (67:62) და თურქული „ანადოლუ ეფესის“ (72:54) ძლევის შემდეგ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მამუკელაშვილი სამივე მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. არმიელებთან შეხვედრაში ის მოედანზე 26:25 წუთით გამოჩნდა და 12 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
იტალიურ „ვირტუსთან“ მატჩში სანდრო უკვე სასტარტო ხუთეულში იყო და 34:19 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 3 ორქულიანი ზუსტად სტყორცნა და სამქულიანებშიც ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა. სანდრომ საუკეთესო მატჩი „ანადოლუ ეფესთან“ ჩაატარა, რომელშიც 18 ქულის, 3 მოხსნის, 2 პასის და 3 ჩაჭრის მოსაგროვებლად 12:19 წუთი (!) ეყო. მამუკელაშვილმა 4-ვე ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
ბითაძის ასპარეზობას რაც შეეხება, „მეგა ლეკსი“ ჯგუფში იტალიურ „არმანი ჯუნიორ მილანთან“, „უმანა რეიერ ვენეციასთან“ და ესპანურ „უნიკახა მალაგასთან“ მოხვდა. პირველ მატჩში „მეგა ლეკსი“ მილანელებს გაეჯიბრა და 74:80 დამარცხდა. ბითაძემ მოედანზე 13:50 წუთი დაჰყო და 3 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა, რომელსაც ცენტრის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია, 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
გოგა გაცილებით შედეგიანი იყო მეორე მატჩში, რომელშიც სერბულმა კლუბმა „უმანა რეიერ ვენეციას“ 77:67 სძლია. ბითაძემ 16:42 წუთში 19 ქულა და 6 მოხსნა (4 შეტევაში) მოაგროვა და სარგებლიანობის კოეფიციენტის (17) მიხედვით, მხოლოდ თანაგუნდელ მარკო პეკარსკის (11 ქულა, 13 მოხსნა) ჩამორჩა. გოგამ 10-დან 8 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ერთხელ დაუფარეს.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში „მეგა ლეკსმა“ „უნიკახა“ 87:44 გაანადგურა, არადა, მალაგელებს მანამდე ორივე მატჩი მოგებული ჰქონდათ. ბითაძე ამჯერად უკვე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 14:54 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. 2 მოგებითა და 1 მარცხით ბელგრადელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ფინალში იტალიურ „რომას შეუწყვილდნენ.
და აი, 18-წლამდელთა ევროლიგის გამარჯვებული 16 წლის გოგა ბითაძის „მეგალეკსი“ გახდა. ბელგრადულმა გუნდმა ფინალურ მატჩში ტურნირის მასპინძელ „სტელა აძურო რომას“ 73:71 სძლია. რაც შეეხება იტალიური კლუბის წევრ 16 წლის სანდრო მამუკელაშვილს, იგი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ფინალური მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ბელგრადელებმა მეტოქეს 2 ქულით - 73:71 სძლიეს. ბითაძე სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 15:08 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მიითვალა. ქართველმა გოლიათმა (16 წლისა 208 სანტიმეტრია) ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 სამიანი ჩააგდო, 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. ჩემპიონებს 28 ქულით ალექსანდარ არატინოვიჩმა ულიდერა.
მამუკელაშვილი რომაელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:38 წუთი გაატარა. სანდრომ 4-დან 4 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საერთო ჯამში მამუკელაშვილმა, რომელიც ამერიკის მოქალაქეა და საქართველოს (და არც ერთი ქვეყნის) ასაკობრივ ნაკრებებში არასდროს უთამაშია, 13 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 5-ჯერ დაკარგა.
მამუკელაშვილი ევროლიგის 4 მატჩში მოედანზე საშუალოდ 24:25 წუთს ატარებდა და 14.5 ქულას, 5,8 მოხსნას, 1,8 ჩაჭრას და 1,3 პასს აგროვებდა. მამუკელაშვილთან ერთად ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში შევიდნენ მილანის „არმანი ჯუნიორის“ წევრი ნემანია დინჩიჩი, ვირტუსელი ალესანდრო პაიოლა, უნიკახელი აბლაი სოუ და ბელგრადელი ალექსანდარ არატინოვიჩი. რაც შეეხება გოგა ბითაძის საშუალო მონაგარს 4 მატჩში: 15.10 წუთი, 7,8 ქულა, 4 მოხსნა და 0,8 დაფარებაა.