ჭაბუკებმა საშობაო ტურნირი მეოთხე ადგილზე დაამთავრეს
საქართველოს კალათბურთელთა 18-წლამდელთა ნაკრებმა ბელგიაში გამართულ კოკა-კოლას გრანდიოზულ საშობაო ტურნირში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მთლიანობაში 50-ზე მეტმა გუნდმა იასპარეზა, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა 12-19 წლამდელებით დაკომპლექტებული გუნდები.
საქართველოს ნაკრები ერთი წლით უფროს, 19-წლამდელთა ტურნირში ჩაება, რომელშიც 8 კლუბი გამოდიოდა. მატჩები საფრანგეთის მოსაზღვრე ქალაქ კორტრეკში გაიმართა. ტურნირზე მხოლოდ საქართველო და ბელგია იყვნენ ნაკრებებით წარმოდგენილნი, დანარჩენები ევროპის ცნობილი კლუბების ახალგაზრდულ გუნდებს წარმოადგენდნენ. ჩვენს ჯგუფში იტალიური „რომა“ (U-19), ესანური „გრან კანარია“ (U-19) და ბელგიის 18-წლამდელთა ნაკრები იყვნენ. მეორე ჯგუფი შეადგინეს სერბულმა „ბელგრადმა“ (U-19), ისრაელის „აკადემიამ“ (U-19), ჩეხურმა Uშ-მა (U-19) და ბელგიურმა „ანტვერპენმა“ (U-19).
ერთი წრის შემდეგ გუნდებმა ჯგუფებში ადგილები გაინაწილეს, ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ, მეორეადგილოსნები კი მე-3 ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ქართველ 18-წლამდელებს გია კაზანჯიანი წვრთნის, რომელსაც ასისტენტობას არჩილ ჟღენტი და მიხეილ კობეშავიძე უწევენ. საქართველოს ნაკრებში 4 ლეგიონერი თამაშობს, რომელთაგან ნაკრებს ბელგიაში 3 შეუერთდა.
თბილისში ნაკრებში სავარჯიშოდ ესპანურ „სევილიაში“ მოთამაშე გიორგი თვალაბეიშვილი ჩამოვიდა, რაც შეეხებათ დანარჩენ ლეგიონერებს - ლუკა ბულაშვილს, ლევან ბაბილოძეს და გიორგი ცირიკიძეს, ისინი პირდაპირ ბელგიაში შეუერთდნენ გუნდს. ნაკრებს ვერ დაეხმარა გოგა ბითაძე, რომელიც სერბულმა კლუბმა არ გამოუშვა, ასევე ქუთაისელი ლადო ფურცხვანიძე, რომელიც კარიერის გასაგრძელებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა“.
საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: უკანახაზელები: ლუკა ბულაშვილი („ლაბორალ კუჩა“, ესპანეთი), ბერდია ქავთარაძე („ჰიუნდაი“), ლევან ბაბილოძე („დ’ორლანდო“, იტალია), ნიკა ლეონიძე, საბა აკობია, გიორგი გვიანიძე (სამივე – „აკადემია“); ფორვარდები: საბა ღვედაშვილი („რუსთავი“), გიორგი ცხოვრებოვი, ნიკა ლოლიშვილი (ორივე – „აკადემია“), გიორგი ცირიკიძე („რიმინი“, იტალია); ცენტრები: გიორგი კორსანტია („ვითა“), გიორგი თვალაბეიშვილი („სევილია“, ესპანეთი).
29 დეკემბერი ??
27 დეკემბერი, 16:30 საათი.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ბელგიის ქალაქ კორტრეკში დაწყებულ საშობაო ტურნირის პირველ მატჩში გამარჯვება მოიპოვა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი ესპანურ „კანარიასს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში – 72:66 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების მეტოქე წამყვანი ესპანური კლუბის ახალგაზრდული გუნდი იყო, რომელიც ქართველებზე 1 წლით უფროსი – 19-წლამდელი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. პირველი მეოთხედი ფრედ – 17:17 დასრულდა, ხოლო მეორე პერიოდში ქართველებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, რაც ანგარიშშიც აისახა. კაზანჯიანის შეგირდებმა გუნდური თამაშის წყალობით 20:11 მოიგეს 10-წუთეული და დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 37:28.
მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება იოლი არ იყო, თუმცა ეს ქართველებმა კარგი დაცვის ხარჯზე მოახერხეს და მომდევნო პერიოდების მცირე სხვაობებით დათმობის შემდეგ საბოლოოდ 6 ქულით - 72:66 იმარჯვეს. საქართველოს ნაკრებში 16 ქულით ბომბარდირი გახდა იტალიურ „რიმინიში“ მოთამაშე გიორგი ცირიკიძე, ხოლო აკადემიელმა საბა აკობიამ ქართველებს 9 ქულა შეაშველა.
ქართველების გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ქომაგებს, რომლებიც ბელგიასა და მის მოსაზღვრე საფრანგეთიდან კორტრეკში შეიკრიბნენ და ჩვენს ნაკრებს მხურვალედ უქომაგეს. ბელგიურ ქალაქში საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად ჩავიდა ყოფილი კალათბურთელი ირაკლი ლოლაძე, რომელმაც მეგობრებთან ერთად აქტიური ქომაგობით დიდი სტიმული შემატა ჩვენს ბიჭებს. მომცრო დარბაზი ქართული დროშებით იყო აჭრელებული, ხოლო მხარდასაჭერი შეძახილებით ქართველები ესპანელებს აშკარად ჯაბნიდნენ.
საქართეველო (U18) 72:66 კანარიასი (U19)
(17:17, 20:11, 17:18, 17:20)
საქართველო: ცირიკიძე (16), აკობია (9), ბულაშვილი (8), თვალაბეიშვილი (8), ლოლიშვილი (8).
27 დეკემბერი, 23:00 საათი.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა კორტრიკში მეორე გამარჯვება მოიპოვა. თუკი პირველ შეხვედრაში გია კაზანჯიანის გაწვრთნილ გუნდს ესპანური „კანარიასის“ დასამარცხებლად ჯაფა დააგდა, იტალიურ „რომას“ იოლად – 83:63 სძლია.
კალენდრით გუნდებმა ტურნირის პირველ დღეს ორი 2 მატჩი გამართეს. საქართველოს ნაკრებისა და „რომას“ შეხვედრა თბილისის დროით გვიან ღამით, 23:00 საათზე დაიწყო. ქართველებმა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს დამაჯერებელი ლიდერობა (26:15), თუმცა ერთი წლით უფროსმა – 19 წლის კალათბურთელებით დაკომპლექტებულმა იტალიურმა გუნდმა მეორე პერიოდში მოინდომა და ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა.
მეორე ტაიმში ლუკა ბულაშვილის, გიორგი თვალაბეიშვილის, გიორგი ცირიკიძისა და ზოგადად, ქართველების გუნდური თამაშით საქართველოს ნაკრებმა ლიდერობა გაიმყარა და საბოლოოდ 20-ქულიან გამარჯვებამდე მივიდა.
კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ქართველი ემიგრანტების აქტიური მხარდაჭერა, რომლებიც პირველი მატჩისგან განსხვავებით უფრო მეტნი იყვნენ „რომასთან“ შეხვედრაში და როგორც ჩვენი გუნდის მენეჯერმა გიორგი ბუცხრიკიძემ ბელგიიდან შეგვატყობინა, ქართველებმა, რომ იტყვიან, დარბაზი შეაძახილებთა და მხურვალე ქომაგობით დაანგრიეს, რითაც ჩვენ გუნდს დიდად დაეხმარნენ.
„რომა“ (U-19) 63:83 საქართველო (U-18)
(15:26, 21:18, 16:20, 11:19)
საქართველო: თვალაბეიშვილი (18), ბულაშვილი (17), ცირიკიძე (12), აკობია (12), ლოლიშვილი (7), კორსანტია (5), ქავთარაძე (5), ლეონიძე (3), გვიანიძე (2), ცხოვრებოვი (2)
28 დეკემბერი, 16:30.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა წარმომადგენლობით ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა. ბელგიურ ტურნირზე ყველაზე რთული მატჩი ქართველებმა ამ დღეს ჩაატარეს. ბელგიის ნაკრები საკმაოდ ძლიერია, მით უფრო, შინაურ კედლებში თამაშობდა და საქართველოს ნაკრების დამარცხების ამბიციაც ჰქონდა. კაზანჯიანის გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა მასპინძლებთან დაპირისპირება, ბოლო პერიოდში ღირსეულად იბრძოლა და 74:70 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ბელგია (U-18) 70:74 საქართველო (U-18)
(19:27, 15:16, 19:11, 17:20)
საქართველო: ცირიკიძე (18), აკობია (13), ბულაშვილი (11), ლოლიშვილი (9), თვალაბეიშვილი (8), გვიანიძე (7)
28 დეკემბერი, 23:00 საათი.
სამი დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ნახევარფინალში ჩვენმა ბიჭებმა ბელგრადის საკალათბურთო აკადემიის გუნდთან დათმეს. სერბეთს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საკალათბურთო სკოლა ჰყავს და მის ერთ-ერთ წამყვან წარმომადგენელთან საქართველოს ნაკრებმა წარმატებას ვერ მიაღწია.
ქართველები ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდნენ წარმატების შანსს, თუმცა სერბულმა გუნდმა უფრო მობილიზებით ჩაატარა დასკვნითი წუთები და საბოლოოდ 84:72 იმარჯვა. ბელგრადელები ფინალში გავიდნენ, სადაც მეორე ნახევარფინალის გამარჯვებულ ისრაელის 18-წლამდელთა ნაკრებს შეხვდებიან.
29 დეკემბერი.
ბელგიის ქალაქ კორტრიკში დასრულდა საშობაო ტურნირი, რომელიც, როგორც ითქვა, მრავალ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 3 მოგებითა და 2 მარცხით, მე-4 ადგილზე დაამთავრა. მესამე ადგილისთვის მატჩში მან ბელგიურ „ოსტენდესთან“ 75:86 წააგო.
ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები 3 ქულით იგებდნენ, თუმცა ქართველებმა ვერ მოახერხეს სასურველ შედეგამდე მისვლა. ჩვენს ნაკრებში 20 ქულით საუკეთესო გიორგი ცირიკიძე იყო, ხოლო ლუკა ბულაშვილმა თავი 15 ქულას მოუყარა.
საქართველო 75:86 „ოსტენდე“ (ბელგია)
(22:30, 19:15, 19:18, 15:23)
საქართველო: თვალაბეიშვილი (8), ცირიკიძე (20), გვიანიძე (10), ცხოვრებოვი (4), ბულაშვილი (17), ლოლიშვილი (3), კორსანტია (6), ქავთარაძე (3), აკობია (4)