ვაქციოთ ახალი წელი ჯადოსნურ დღესასწაულად
ყოველი ახალი წელი პატარებისთვის ახალი ზღაპარია, ბავშვობის შთაბეჭდილებები კი წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანის სულზე, ამიტომაც აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა იმას, თუ როგორ დაამახსოვრდებათ ჩვენს პატარებს ეს დღე.
გაითვალისწინეთ!
_ დღესასწაულისთვის მზადება ნაძვის ხის მორთვით უნდა დაიწყოთ, თანაც არჩევანი სწორედ ბავშვს უნდა ანდოთ და რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიანიჭოთ. ეს ერთი მხრივ, გაახალისებს მას, მეორე მხრივ კი პასუხისმგებლობას განუვითარებს.
_ ნაძვის ხეზე სასურველია ეკიდოს ის ცხოველი, რომლის წელიც მოდის. ურიგო არ იქნება, თუ ბავშვს მარტივად განუმარტავთ რას ნიშნავს ეს და იმასაც ეტყვით, როდის მოვა “მისი” წელი. ეგებ შეძლოთ და ისიც აუხსნათ, რატომ ვრთავთ მაინც და მაინც ნაძვს. თქვენი მონათხრობი ამ დღესასწაულისადმი ინტერესს ერთი ორად გაუცხოველებს.
_ თუ ბინაში საამისო ადგილი მოიპოვება, აჯობებს, ნაძვის ხე ბავშვების ოთახში დადგათ _ ღამით ის ფერად სიზმრებს აჩუქებს პატარას, დღისით კი _ ხალისიან განწყობას. თუ ნაძვის ხეს ადგილს ვერ გამოუძებნით, ბავშვის ოთახში სხვა საახალწლო მოსართავებით მაინც შექმენით საახალწლო განწყობა.
როგორ გადავცეთ საჩუქრები
საახალწლო საჩუქრისთვის ბავშვს მოლოდინი გაუჩინეთ, თავად საჩუქრის არჩევისას კი გვახსოვდეს:
_ ძვირფას ნივთს უბრალო, პრაქტიკული და ბავშვისთვის სანუკვარი რამ არჩიეთ. ყურადღება მიაქციეთ მის შეფუთვას, შეეცადეთ რაც შეიძლება მეტ ფენაში შეახვიოთ – რაც უფრო მეტ ხანს მოუნდება საჩუქრის გახსნას, მით უფრო ძლიერი იქნება თქვენი პატარას მოლოდინი, ინტერესი და საყვარელი ნივთის ნახვით გამოწვეული სიხარული.
_ ნუ დავამკვიდრებთ ოჯახშიიმ აზრს, რომ საჩუქრზე ზრუნვა მხოლოდ უფროსების მოვალეობაა, ბავშვი პატარაობიდანვე უნდა შეაჩვიოთ იმ აზრს, რომ საჩუქარი დიდსაც და პატარასაც ერთნაირად უხარიათ. ამიტომაც მასაც გაუჩინეთ საზრუნავი საჩუქარი მოამზადოს ახლობლებისთვის: დაახატინეთ, გამოაჭრევინეთ, გამოაძერწინეთ, გააკეთებინეთ მისალოცები მშობლებისთვის, მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, რათა ცნობიერებაში მყარად გაუჯდეს მშობლებზე, ახლობლებსა და მეგობრებზე ზრუნვის აუცილებლობა.
_ არ არის აუცილებელი, საახალწლო საჩუქარი მაინცა და მაინც გამოძახებით მოსულმა პროფესიონალმა თოვლის პაპამ მოიტანოს – მისი როლის შესრულება თავადაც მშვენივრად შეგიძლიათ. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ თქვენი შვილია, თქვენზე უკეთ ვერავინ აგრძნობინებს სითბოსა და სიყვარულს.
იმას რა სჯობს, როცა პატარას გულწრფელად სჯერა, რომ საჩუქრები მისთვის “ნამდვილ თოვლის პაპას” მოაქვს! არ არის საჭირო დაუნგრევთ მას ჯადოსნური სამყარო, დადგება დრო და ის თავად აღმოაჩენს რეალობას, მაგრამ ბავშვობის დადებითი განცდები თავის კვალს დაამჩნევს მის პიროვნებას. თუ კარგად ვერ შეინიღბეთ და პატარამ გიცნოთ, არ დაიბნეთ, საჩუქრებს ნუღარ მიართმევთ, უთხარით, რომ თოვლის პაპა იგვიანებს, მაგრამ როცა დავიძინებთ, ის აუცილებლად მოვა და საჩუქრებსაც მოიტანს – ბავშვს სწორედ თოვლის პაპის მოტანილი საჩუქარი სურს.
წელიწადის ბოლო დღეს
შექმენით ამ დღის საოჯახო ტრადიცია. მისი შინაარსი თქვენს ღირებულებებსა და გემოვნებაზე მოარგეთ. სამაგალითოდ შეგვიძლია ეს დღე ასე დავგეგმოთ:
- დილითვე დაგეგმეთ აბაზანაში შესვლა ბავშვისთვის და თან აუხსენით, თუ რატომ აკეთებთ ამას, შემდეგ მოაგროვეთ მისი დაპატარავებული ტანისამოსი და ძველი ნივთები _ რომლებიც ვარგისია გააჩუქეთ, რომლებიც _ არა, გადაყარეთ, ნიშნად იმისარომ ყველაფერი, რაც არ გვინდა, ძველმა წელმა უნდა წაიღოს.
- აიღეთ ორი ფურცელი, ერთზე დაწერეთ, ის რაც გინდათ აღარ მოხდეს მის ცხოვრებაში: ,ცუდი ნიშნები, უხამსი სიტყვები, ცუდი ჩვევები და საქციელი ..., მეორეზე კი სამომავლო სურვილები: კარგი ნიშნები, საქებარი სიტყვები და სამაგალითო საქციელი.., ორივე ფურცელი შეინახეთ. შეეცადეთ ბავშვს ამ დღეს ახალი სამოსი ჩააცვათ ან ძველი რაიმე დეტალით გაუხალისეთ, თანაც იმ ფერის, დამდეგ წელს რომ შეეფერებოდეს.
- 12 საათამდე ყველა ბავშვი, ცხადია, ვერ ფხიზლობს, ამიტომ კარგი იქნება, თუ მათ წინასწარ გამოძინების საშუალებას მისცემთ (რა თქმა უნდა, გამონაკლისის სახით), 12 საათისთვის კი გააღვიძეთ, რათა მთელი სისავსით შეიგრძნოს ახალი წლის მობრძანება.
- ახალი წლის დადგომამდე 10-15 წუთით ადრე არასასურველი, თავიდან მოსაცილებელი ქცევების ჩამონათვალი ბავშვთან ერთად დაწვით, ხოლო მეორე ფურცელი ერთად შეინახეთ. შემდეგ მთელი ოჯახი ნაძვის ხის გარშემო შეიკრიბეთ, ახალი წლის დადგომა მიულოცეთ ერთმანეთს!
ძვირფასო მშობლებო!
მართალია, წინასაახალწლო სამზადისში გართულებს, ხშირად დრო არც კი გვრჩება პატარებისთვის, მაგრამ მაინც გაიხსენეთ, რომ ამქვეყნად არაფერია შვილზე მნიშვნელოვანი, ცოტა ხნით მოცილდით ჩვეულ საქმეებს და შეეცადეთ, ბავშვები საზეიმოდ განაწყოთ, რათა იგრძნონ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, ირწმუნონ, რომ მათი სურვილებისა და ოცნებების ახდენის წელი დგება!