ჯანმრთელობას დღესასწაულზეც გავუფრთხილდეთ
ახალი წლის დღესასწაულმა ყოველგვარი პრობლემების გარეშე რომ ჩაიაროს, აუცილებელია მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ საფრთხის შემცველ რამდენიმე ფაქტორზე. წინდახედულება თავიდან აგვაცილებს უსიამოვნობებს და დღესასწაულის ბრწყინვალებას არაფერი დაჩრდილავს.
ალერგია
ახალ წელს პატარებს და მათ მშობლებს ყველაზე ხშირად პრობლემებს ალერგიული რეაქციები უქმნის.
ამ დროს ორგანიზმში ალერგიული რეაქციები შესაძლოა განვითარდეს როგორც სადღესასწაულო ატრიბუტების მიმართ, ისე საყოველთაოდ აღიარებული ალერგენების შემცველ პროდუქტებისადმი, განსაკუთრებით: ციტრუსები, კვერცხი, ზღვის პროდუქტები, შოკოლადი და სხვა.
ზოგჯერ ალერგიის გამომწვევი შესაძლოა იქ იყოს, სადაც მას არავინ ელის, მაგალითად საახალწლო ნაძვის ხეზე, ამასთან როგორც ნატურალურზე ისე სინთეზურზე.
საახალწლო ალერგენები
ტყიდან მოტანილ ნაძვის ხეზე შესაძლოა უხვად ბინადრობდეს ალერგიის გამომწვევი სოკოვანი მიკროორგანიზმები, პლასტიკურზე კი წვრილი ალერგიის გამომწვევი ტკიპების შემცველი მტვერი იდოს, რომლებიც იწვევენ ცემინებას, ცრემლდენას და ზოგჯერ ასთმურ შეტევასაც კი.
ასევე საშიშია ნაძვის ხის მოსართავი სათამაშოები. ხშირად აღნიშნული ტიპის ალერგიას ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელ გაციებას უკავშირებენ, თუმცა ამგვარი ტიპის ალერგიულ რეაქციებს, გაციებისგან განსხვავებით, ახასიათებს გამონაყარი და ქავილი.
ხშირად წინასაახალწლოდ მაღაზიებში იყიდება არომატული ესენციების შემცველი საახალწლო ატრიბუტები, რომლებსაც ოთახების არომატიზაციისთვის იყენებენ, ალერგიული თვალსაზრისით, მათთანაც სიფრთხილე გვმართებს.
თუ ოჯახში ალერგიული რეაქციებისადმი დადებითად განწყობილი პატარაა, ეცადეთ:
1. თავი შეიკავოთ ნატურალური ნაძვის ხის დადგმისგან, არომატული ესენციების შემცველი საახალწლო ატრიბუტებისგან;
2. აკონტროლოთ, რომ საახალწლო სუფრასთან პატარამ ზომიერად მიირთვას საკვები, რომელიც გადაჭარბებით მირთმევის შემთხვევაში, შესაძლოა მისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.
პიროტექნიკური უსაფრთხოება
_ ბენგალური ცეცხლი დიდსა და პატარას ერთნაირად გვიყვარს, მაგრამ ერთი შეხედვით უვნებელ შუშხუნას დიდი უსიამოვნების მოტანა შეუძლია, თუ ნაპერწკალი ბავშვის ტანსაცმელს, ფარდას, სუფრას მოხვდა, არაფერს ვამბობთ იმ დიდ ზიანზე, რომლის მოტანაც მას შეუძლია თვალში მოხვედრისას.
_ ნუ მისცემთ ამგვარ სათამაშოებს პატარა ბავშვებს, ან უთუოდ ადევნეთ მათ თვალყური.
_ ანთებული სანთლებითა და შუშხუნებით ოთახებში სირბილი არ შეიძლება.
_ შუშხუნა სახეს, ტანსაცმელსა და რბილ ავეჯს უნდა მოარიდოთ.
_ ასევე არ შეიძლება ცეცხლოვანი შადრევნების პირდაპირ სუფრაზე დადება. იგი მინის ფართო ჭურჭელზე უნდა მოათავსოთ და ისეთ ადგილას დადგათ, სადაც პატარები მას ვერ მიწვდებიან.
_ პეტარდები მხოლოდ უფროსების დახმარებით უნდა გაუშვათ, თანაც ისეთების, რომლებსაც აღნიშნულის გამოყენების გამოცდილება გააჩნიათ.
_ საახალწლო ფეიერვერკს პატარებმა სჯობს ფანჯრებიდან უყურონ.
სუფრასთან ზომიერება გვმართებს
არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ საახალწლო დღესასწაულის ჩავლის შემდგომ საკმოდ ბევრ პატარას კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა უჩნდება. ყოველივე ჩვენს ტრადიციულ სადღესასწაულო სუფრას უკავშირდება.
ამ კუთხით აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვებიც კი გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან. ნიგვზით და თხილით, არომატული სანელებლებით უხვად ნაზავი კერძები, ცხიმიანი ხორცი და თევზი, სხვადასხვა ტიპის გაზიანი სასმელი 2-3 დღეში ნამდვილ საპროტესტო გამოსვლებს აწყობენ პატარების კუჭ-ნაწლავში.
გირჩევთ, დიდი სურვილის მიუხედავათაც კი, არ დაივიწყოთ ბავშვისთვის ჩვეული პრობლემები, აკრძალვები და სადღესასწაულო სუფრას ყველა იმ პრინციპისა და რეკომენდაციათა გათვალისწინებით მიუსხედით, რომელიც, კონკრეტულ შემთხვევაში სპეციალისტებისგან გაქვთ მიღებული.
ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის საჭიროა, ყველაზე ლამაზ და პომპეზურ დღესასწაულის პერიოდშიც კი.