"დამწერლობის წარმოშობა"
პირველყოფილ ადამიანებს გამართული მეტყველებაც არ შეეძლოთ. ისინი ჟესტებითა და გაურკვეველი ბგერების წამოყვირებით გამოხატავდნენ თავიანთ სათქმელს. მოგვიანებით, ამეტყველებული ადამიანი სრულყოფილად გადმოსცემდა საკუთარ აზრსა და შთაბეჭდილებებს. სხვებს უზიარებდა თავის გამოცდილებას _ როგორ ნადირობდა ან თევზაობდა, ამზადებდა იარაღს ან იბრძოდა მტრის წინააღმდეგ.
თანდათანობით ადამიანის საქმიანობა სულ უფრო რთულდებოდა: ხელოსნები მრავალგვარ ჭურჭელსა და იარაღს ამზადებდნენ. მიწათმოქმედებმა იცოდნენ მიწის დამუშავების წესები, მოსავლის დათესვისა და მომკის დრო. ამ ცოდნის ნაწილი მათ წინაპრებისგან ჰქონდათ მიღებული, ნაწილიც _ საკუთარი გამოცდილებით შეძენილი. ეს ცოდნა რომ არ დაკარგულიყო საჭირო იყო მომავალი თაობებისათვის მისი გადაცემა. ცოდნის გადაცემა ზეპირადაც შეიძლებოდა. მაგრამ ასეთ დროს ნათქვამი, შესაძლოა, მალე მიეცეს დავიწყებას, ხოლო თუ სათქმელს დაწერ, მას საუკუნეების შემდეგაც წაიკითხავენ და შენი ცოდნა მრავალი თაობისთვის გახდება გამოსადეგი.
დამწერლობა ერთბაშად არ შექმნილა. თავდაპირველად, ადამიანები სპეციალური საგნების გამოყენებით ამცნობდნენ ერთმანეთს საკუთარ სათქმელს. მაგალითად, ზოგიერთ ხალხში ქვა მაგარს, გამძლეს ნიშნავდა; ნახშირი _ შავს, მწუხარებას; გამხმარი თავთავი _ ტანჯვას, ტკივილს; ჩვარი _ ცუდ მდგომარეობას და ა.შ.
ადამიანები სათქმელს ნახატების საშუალებითაც გადმოსცემდნენ. ასეთ "ნაწერს" "ხატოვანი დამწერლობა" ეწოდება. ის საკმაოდ რთული იყო. დამწერს ხატვის ნიჭი უნდა ჰქონოდა, ხოლო მკითხველს _ ნახატის ზუსტად გაგების (წაკითხვის) უნარი.
დროთა განმავლობაში შეიქმნა იეროგლიფური და ანბანური დამწერლობები. თუ "ხატოვანი დამწერლობა" ერთიან ამბავს მოგვითხრობს (მაგალითად, ბრძოლის მსვლელობას), იეროგლიფი ცალკეულ წინადადებას, სიტყვას, ან სიტყვის მარცვალს აღნიშნავს. ანბანურ დამწერლობაში კი თითოეული ნიშანი, ანუ ასო, ჩვენ მიერ წარმოთქმულ ამა თუ იმ ბგერას გამოხატავს.
დღეს მსოფლიოში მრავალი ხალხი ცხოვრობს. თითქმის ყოველი მათგანი სხვადასხვა ენაზე საუბრობს და განსხვავებულად წერს. სინამდვილეში კი, მსოფლიოში სულ 14 დამწერლობაა. ზოგიერთი მათგანი (მაგ., იაპონური, ჩინური და სხვ.) იეროგლიფურია, ნაწილი კი _ ანბანური. მათ შორის, ქართული ერთ-ერთი უძველესია.
უძველესი ქართული წარწერა V საუკუნის I ნახევრით თარიღდება და ის ბეთლემის მახლობლად მდებარე მონასტერშია მიკვლეული. ბეთლემი ძველი ებრაული ქალაქია და პალესტინაში მდებარეობს.? იმავე საუკუნისაა ბოლნისის სიონის კედელზე შესრულებული ქართული წარწერაც.
ქართული დამწერლობა თანდათან ვითარდებოდა და იცვლებოდა. თავდაპირველად ასოებს მომრგვალებული ფორმები ჰქონდა. ასეთ ანბანს მრგლოვანი ეწოდებოდა. მრგლოვანი ასოები ლამაზია, მაგრამ მათი ერთმანეთზე გადაბმა ვერ ხერხდება, ამიტომ მრგლოვანი ანბანი სწრაფი წერისთვის არ გამოდგებოდა. სწრაფი წერის საშუალებას იძლეოდა ნუსხური ანბანი, რომლის ასოები დახრილია და ერთმანეთს ებმის. მას, ძირითადად, საეკლესიო პირები იყენებდნენ. სწორედ ნუსხურითაა დაწერილი ბიბლია და სხვა რელიგიური ტექსტები. მრგლოვან ნიშნებს კი ტექსტის დაწერის დროს პირველ ასოდ იყენებდნენ და ამიტომაც ეწოდა მას ასომთავრული.
ანბანს, რომელსაც დღეს ჩვენ ვიყენებთ, მხედრული ჰქვია. ის მრგლოვანისა და ნუსხურის საფუძველზე შეიქმნა, თუმცა მოხაზულობით მათგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
დღეს საწერ მასალად ქაღალდს ვიყენებთ. ქაღალდი ორი ათასზე მეტი წლის წინ ჩინეთში გამოიგონეს. მაგრამ სხვა ხალხებისათვის ეს აღმოჩენა შედარებით გვიან გახდა ცნობილი. ქაღალდს ჩინელები ხის მერქნისაგან ამზადებდნენ. დიდი ხნის ხარშვის შედეგად მერქანი ფაფის მსგავს მასად გადაიქცევა. მერქნის ფაფას სპეციალურ დაფებზე ასხამდნენ და აშრობდნენ, შემდეგ კი ფურცლებად ჭრიდნენ. ქაღალდით ვაჭრობას ჩინეთისათვის დიდი მოგება მოჰქონდა და ამიტომ ისინი საიდუმლოდ ინახავდნენ მისი დამზადების წესს. გადმოცემის მიხედვით, არაბებს ტყვედ ჩავარდნიათ ერთი ჩინელი, რომელსაც მათთვის ქაღალდის დამზადების საიდუმლო გაუმჟღავნებია. ასე გავრცელებულა ქაღალდის წარმოება არაბეთსა და, მოგვიანებით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში ქაღალდი არაბებმა შემოიტანეს. მისი დამზადება მალე ქართველებმაც ისწავლეს.
ქაღალდის გამოგონებამდე კი ადამიანები სხვადასხვა მასალაზე წერდნენ. ძველი ეგვიპტელები პაპირუსს წვრილ ზოლებად ჭრიდნენ და ერთმანეთზე აწებებდნენ. დღეისათვის ბევრი პაპირუსის გრაგნილია აღმოჩენილი, მათგან ყველაზე გრძელი 45 მეტრისაა. შუმერები ნედლ თიხაზე წერდნენ, რომელსაც შემდეგ სპეციალურ ღუმლებში გამოწვავდნენ ხოლმე. უძველესი კანონები, რომლებიც ბაბილონის მეფე ხამურაბმა გამოსცა, ქვის სტელაზეა ამოტვიფრული. ხოლო ურარტული წარწერები, სადაც დიაოხისა და კოლხაში მათი ლაშქრობებია აღწერილი, კლდეზეა შესრულებული.
საქართველოსა და ბევრ სხვა ქვეყანაშიც თავიდან ეტრატზე წერდნენ. ეტრატის დამზადება არცთუ იოლი საქმე იყო. ხელოსნები ცხოველის, ძირითადად, ხბოს ან ცხვრის ტყავს კირიან წყალში ალბობდნენ და ბალანს აშორებდნენ, შემდეგ სპეციალურ დაფაზე გადაჭიმავდნენ. გამშრალ ტყავს ქონს უსვამდნენ, სირბილე რომ შეენარჩუნებინა. საშუალო ზომის წიგნის დასამზადებლად ასამდე ხბოს ტყავი იყო საჭირო. ამიტომ წიგნების რაოდენობა ცოტა იყო, მათი შეძენა კი მხოლოდ მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ. სამაგიეროდ, ეტრატი დიდხანს ძლებდა და მასზე დაწერილი ამბის წაკითხვა საუკუნეების შემდეგაც თავისუფლად შეიძლებოდა.
წიგნის დაწერა რთული საქმე იყო. წერაში დახელოვნებული ოსტატები განსაკუთრებული გულმოდგინებით ასრულებდნენ საკუთარ საქმეს. მწერალს შეცდომა არ ეპატიებოდა, თან ყოველი ასო საოცარი ხელოვნებით უნდა გამოეყვანა. ლამაზად დაწერილი წიგნი ასევე დიდი ოსტატობით ფორმდებოდა: მხატვრები სურათებით რთავდნენ ნაწერს, ყდას კი ძვირფასი თვლებით ამკობდნენ. ზოგიერთი ძველი წიგნი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.