ჯონ სტაინბეკის „რუსული დღიური“
„ფარდები ომის პრელუდიაა, ჩვენ ფარდების ჩამოხსნის სადღეგრძელო დავლიეთ“.
წიგნის საახალწლო ფესტივალის ფარგლებში ნობელის პრემიის ლაურეატი ამერიკელი მწერლის ჯონ სტაინბეკის „რუსული დღიურის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ახალგაზრდა მთარგმნელმა, თამარ სუბელიანმა თარგმნა.
ჯონ სტაინბეკმა ცივი ომის პერიოდში იმოგზაურა საბჭოთა კავშირში ცნობილ ამერიკელ ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად. მათ ორი თვის განმავლობაში მოინახულეს მოსკოვი, სტალინგრადი, კიევი, უკრაინის რამდენიმე სოფელი და საქართველოს ქალაქები.
იმ პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჟურნალ-გაზეთები ბევრს წერდნენ საბჭოთა კავშირზე, თუმცა მკითხველისთვის მაინც უცნობი იყო საბჭოთა კავშირის მოქალაქეების ყოველდღიური ყოფა და არც მათი ცხოვრების ამსახველი ფოტოები იბეჭდებოდა სადმე. „რუსული დღიური“ 1948 წელს დაიწერა და მასში უბრალო ადამიანების ცხოვრებაა ასახული.
„ეს მხარე რომ ვიხილეთ, ეს მშვიდი ზღვა და თბილი ჰაერი რომ ჩავისუნთქეთ, მივხვდით, მთელ რუსეთში რატომ გვიმეორებდნენ ყველგან და ყველგან, მოიცადეთ, ჯერ თქვენ საქართველო არ გინახავთო“, - წერს სტაინბეკი და ბათუმში მოგზაურობას აღწერს.
„რუსული დღიური“ გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა. ქართველი მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი ჯონ სტაინბეკის „მრისხანების მტევნები“ (ბეჟან სივსივაძის თარგმანი), „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“ (ვახტანგ ჭელიძის თარგმანი) და ცოტა ხნის წინ „არტანუჯის“ მიერ გამოცემული ნოველა „თაგვებსა და ადამიანებზე“ (გვანცა ჯობავას თარგმანი).