„ბილი მილიგანის მრავალი გონება“ – „ელჯერნონის“ ავტორისაგან
„ეძღვნება ყველას, ვისაც ბავშვობაში ძალადობა განუცდია, განსაკუთრებით მათ, ვინც იმალება“.
25 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიხსნა. 26 დეკემბერს ფესტივალის ფარგლებში დენიელ კიზის ნაწარმოების „ბილი მილიგანის მრავალი გონება“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი თარგმნა თინათინ ხომერიკმა.
როგორც წინასიტყვაობაში ვკითხულობთ, უილიამ სტენლი მილიგანი პირველი ადამიანია აშშ-ში, რომელიც ერთგვარი ფსიქიკური დარღვევის გამო არაერთ მძიმე ბრალდებაში ცნეს უდანაშაულოდ, რადგან ერთსა და იმავე დროს რამდენიმე პიროვნება იყო.
ბილი მილიგანს შეუძლია ნებისმიერი ვინმე იყოს, გარდა საკუთარი თავისა.
საკუთარ ქცევაზე კონტროლდაკარგულ ბილი მილიგანს ოცდაოთხი ცალკეული პიროვნება ტანჯავდა, რომლებიც მის სხეულზე ბატონობისათვის იბრძოდნენ. ბრძოლამ კულმინაციას 1977 წლის მიწურულს მიაღწია – ბილიმ ციხეში გაიღვიძა, სადაც სამი ქალის გატაცებისა და გაუპატიურებისთვის ჩასვეს. გადამწყვეტ სასამართლო პროცესზე ბილი მრავლობითი პიროვნების აშლილობით გამოწვეული შეურაცხადობის მიზეზით უდანაშაულოდ ცნეს. ეს ისტორიაში პირველი ამგვარი სასამართლო განაჩენი იყო, რომელმაც მრავლობითი პიროვნების შემთხვევებიდან ყველაზე გამორჩეულ და სულისშემძვრელ ამბავს მოჰფინა ნათელი.
წიგნს ორი პრემია აქვს აღებული – 1986 და 1993 წლებში.
1994 წელს დენიელ კიზმა წიგნის გაგრძელება „The Milligan Wars“ დაწერა, რომელიც იაპონიაში გამოიცა (ამერიკაში წიგნი ფილმთან „The Crowded Room“ ერთად გამოვა, რომელიც ახლა გადაღების პროცესშია. ფილმის სცენარი „ბილი მილიგანის მრავალი გონების“ მიხედვითაა შექმნილი და მთავარ როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს).
„ბილი მილიგანის მრავალი გონება“ დენიელ კიზის მეორე წიგნია ქართულ ენაზე, რომელიც გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა. ამავე ავტორის „ყვავილები ელჯერნონისათვის“ უკვე დიდი ხანია შეიყვარა ქართველმა მკითხველმა.