მეფე ფარნავაზი
ქართველურ ტომებს მრავალი განვითარებული ხალხი ემეზობლებოდა. მათთან ურთიერთობა ხელს უწყობდა ჩვენში მეურნეობისა და კულტურის განვითარებას. თუმცა მეზობლებთან ურთიერთობას ყოველთვის მეგობრული ხასიათი როდი ჰქონდა. ხშირი იყო სამხედრო შეტაკებებიც, რასაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰქონდა.
"ქართლის ცხოვრების" თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოში ალექსანდრე მაკედონელმა ილაშქრა და ქვეყნის გამგებლად თავისი სარდალი აზო დანიშნა. სინამდვილეში, ალექსანდრე მაკედონელის ქართლში ლაშქრობის ფაქტი არ დასტურდება. 20 წლის ალექსანდრე საბერძნეთის მბრძა ნებელი გახდა. მისი სურვილი იყო, შეექმნა მსოფლიო იმპერია და საოცარი სამხედრო ნიჭის წყალობით მოკლე ხანში თითქმის განახორციელა კიდეც ჩანაფიქრი.
აზო მკაცრი მმართველი აღმოჩნდა. მისი ბრძანებით მრავალი ციხესიმაგრე, სოფელი და ქალაქი დაანგრიეს. მასთან ბრძოლაში დაიღუპა მცხეთის მმართველი სამარა. სამარას სამი წლის ძმისშვილი ფარნავაზი დედამ კავკასიონის მიუვალ მთებში გადამალა. ფარნავაზი ბავშვობიდან სწორუპოვარი ცხენოსანი და მონადირე იყო. მალე მთელს ქართლში გავრცელდა ხმა ჭაბუკი ფარნავაზის სიძლიერეზე, მის სამართლიანობასა და გულადობაზე. აზოს მმართველობით შეწუხებული ხალხი ახალგაზრდა გმირზე ამყარებდა იმედს.
გადმოცემის მიხედვით, ერთხელაც ფარნავაზი ნადირობისას ირმის ჯოგს წააწყდა. მისგან დაჭრილი ირემი კლდის პირას დაეცა. ფარნავაზმა იქვე გამოქვაბული შენიშნა, სადაც აურაცხელი განძი იყო დამალული. ნაპოვნი განძით ფარნავაზმა ჯარი დაიქირავა და აღჭურვა. შემდეგ დასავლეთ საქართველოს მმართველს _ ქუჯს დაუკავშირდა და აზოს წინა აღმდეგ ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. ქუჯიმ პასუხი არ დააყოვნა: `შევერთდეთ, რათა გაიხაროს ყოველმა ქართველმა... თუ გავიმარჯვებთ, შენ იქნები მმართველი, ხოლო მე ქვეშევრდომი შენი~.
აზო ბრძოლაში დაიღუპა, მისი ჯარის ნაწილი კი გამარჯვებულებმა დაატყვევეს. ამ გამარჯვების შედეგად ქართლი დამპყრობლისაგან განთავისუფლდა და ფარნავაზი ერთიანი საქართველოს პირველი მეფე გახდა.
გამეფების შემდეგ ფარნავაზმა საქართველო საერისთავოებად დაყო. ერისთავები გარკვეულ ტერიტორიებს განაგებდნენ, მეთაურობდნენ ლაშქარს, განაჩენდნენ სამართალს და აგებდნენ ციხესიმაგრეებს.
ძველად სხვადასხვა კუთხის ქართვე ლები განსხვავებულ ღვთაებებს სცემდნენ თაყვანს. ფარნავაზმა სამფეოს მთავარ ღვთაებად არმაზი გამოაცხადა და მისი კერპი მცხეთასთან ახლოს, არმაზის მთაზე აღმართა. სპილენძისაგან ჩამოსხმული არმაზის კერპი ძვირფასი ქვებით იყო მორთული. ის მეომარს განასახიერებდა და ხელში ბასრი მახვილი ეპყრა.
ძველი ქართული ისტორიული კრებულის, "ქართლის ცხოვრების" ცნობით, ფარნავაზმა "განავრცო ენა ქართული და შექმნა მწიგნობრობა ქართული...". ამ ცნობას ბევრი ისტორიკოსი იზიარებს. თუმცა ფარნავაზის დროინდელი ქართული წარწერა ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი.
ფარნავაზმა აზოს მმართველობის დროს გაჩანაგებული მცხეთა განაახლა და გაამაგრა, ააგო შორაპნისა და დიმის ციხეები.