კულაში კვლავ ჩემპიონების მოლოდინშია
სამტრედიის რაიონის სოფელი კულაში თავისი მოჭიდავეებითაა ცნობილი. აქ 17 წელიწადია არსებობს თავისუფალი ჭიდაობის კლუბი „ფალავანი“, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. ბავშვები უფასოდ მეცადინეობენ ბიძინა მელაშვილისა და ზაზა არქანიას ხელმძღვანელობით.
აქ გაზრდილი მოჭიდავეებიდან გოგა ხუჭუამ 2009 წელს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო. ორი წლის შემდეგ შოთა ფანცულაიამ იმავე რანგის ტურნირში ვერცხლის მედალი დაიმსახურა. 2013-14 წლები კი შმაგი თოდუას წარმატებებით აღინიშნა – იგი ჯერ ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის მესამე პრიზიორი გახდა, შემდეგ მსოფლიოს ჭაბუკთა შორისაც ბრინჯაოს მედალს გამოჰკრა ხელი.
გარდა ამისა, „ფალავანის“ აღსაზრდელები არიან ირანის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები და პრიზიორები.
დღეისთვის საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში კულაშის საჭიდაო სკოლის სამი მოწაფეა: გია უღრელიძე, ელგუჯა ბალანჩივაძე და გოგა ძიგუა,
ახალგაზრდულ ნაკრებში მიწვეულები არიან: ედემ ბოლქვაძე, შმაგი თოდუა, გია ავალიანი და იმედო ფანცულაია.
ქვეყნის მთავარი გუნდის ღირსებას კი გიორგი ლეჟავა, ზურაბ ახობაძე და გოგა ხუჭუა იცავენ.
„ფალავანში“ 80 ბავშვი ვარჯიშობს. მაგრამ არ გეგონოთ, ყველა კულაშელია, ნეტამც ამდენი მოზარდი იყოს ჩაბმული სპორტის სახეობებში ნებისმიერი სოფლის სპორტულ სექციებში. კულაშში ვარჯიშობენ მიწაბოგირელი, ნაბაკეველი, ხუნჯულაურელი, მელაურელი, ნინუაკუთხელი, ნინოშვილელი, ღანირელი, ჭაგანელი, ჩხენიშელი და კულაშელი 7-დან 20 წლამდე ჭაბუკ-ახალგაზრდები.
მაგრამ კლუბს თავისი გასაჭირიც მრავლად აქვს. ამის შესახებ „ფალავანის“ დირექტორი ზურაბ ახობაძე გველაპარაკება.
– ეს კლუბი 17 წელიწადია არსებობს, თუმცა ამ შენობაში მხოლოდ ორი წელია ვართ. ჩვენი სოფლის თვალი, ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი ნატო კვანტალიანი ძალიან გვეხმარება. ახლა ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში ვართ. უნდა გენახათ, რა საშინელება ხდებოდა. ქალბატონმა ნატომ შენობის წინა მოედანზე დაგვიგო ფილები და იქაურობა გაამშვენიერა. უფრო სერიოზული ჩანაფიქრიც გვქონდა. ჩვენ გვერდით ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის კიდევ ერთი, მიტოვებული კორპუსია და იქ პატარა სასტუმროს მოწყობას ვაპირებდით, მაგრამ საქმეში სპორტის ყოფილი მინისტრი დავით ნამგალაური ჩაერია და ახლა ამისთვის არ გვცალიაო, საქმე ჩაგვიფარცხა. ქალბატონ ნატოსაც არ უნდოდა ურთიერთობის გამწვავება. ახლა მერიდება კიდევ ერთხელ შეხსენება. არადა, ისე გაგვიჭირდება სერიოზული ტურნირის გამართვა. ახლო-მახლო რაიონებიდან კიდევ რა უჭირს, ორდღიანი შეჯიბრების პირობებში, შეჯიბრების პირველი დღის შემდეგ შინ დაბრუნდებიან და მეორე დილით ისევ ჩამოვლენ. აი, ვთქვათ, თბილისიდან, კახეთიდან, რუსთავიდან, გორიდან, ბათუმიდან სპორტსმენების მოწვევა სასტუმროს გარეშე შეუძლებელია.
ნატო კვანტალიანს ფინანსურადაც არაერთხელ გაუმართავს ჩვენთვის ხელი, ბავშვებისთვის მაისურებიც უჩუქებია. ერთი სიტყვით, ყველანაირად მხარში გვიდგას.
სამწუხაროდ, ბევრი ვერ მივა მასთან გულკეთილობით, ყურადღებით.
მანამ ამ დარბაზში გადავიდოდით, ძველი სამკერვალოს თითქმის დანგრეულ შენობაში ვავარჯიშებდით ბავშვებს, არანაირი პირობები არ გვქონდა, შხაპზე და გასახდელებზე ხომ ოცნებაც არ შეიძლებოდა. ფარღალალა ნაგებობა იყო, ქარი შემოდიოდა, წვიმა... რამდენჯერ გაყინულ ბავშვს ხელი მოტყდა. ძვალი ცივი რომაა, შუშასავითაა. ამიტომაც მშობლები ბავშვებს აღარ უშვებდნენ, ასეთი არც ჭიდაობა გვინდა და არც არაფერიო. ერთი სიტყვით, ბევრი ვიწვალეთ, ბევრი ვიბრძოლეთ და ძლივს ამ დარბაზში გადმოვედით.
– და ჩემპიონების რიცხვიც იმატებს...
– ღმერთმა გისმინოთ, ჩვენც ამისთვის არ ვიღვწით?