„არმარიუმი“- მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში
„არმარიუმი“ სახელოვნებო-შემეცნებითი ჟურნალია 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, რომლის ფურცლებზე პატარა მკითხველის თვალწინ საოცარი სამყარო იშლება. ბავშვები ფიფქების შემქმნელ ლეანასთან ერთად ჯადოსნურ ქვეყანაში, ღრუბლებისა და ცისარტყელების მაღლა იმოგზაურებენ. შემოუვლიან მსოფლიოს და სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციებს გაეცნობიან. კალიდასთან და პერეგრინოსთან ერთად ულამაზეს და ორიგინალურ დეკორაციებს შექმნიან. გოგონებს კი შეეძლებათ ბებოს რეცეპტების წიგნიდან საახალწლოდ გემრიელი ნუგბარი მოამზადონ.
ერთი სიტყვით, „არმარიუმი“ ის ადგილია, სადაც ბავშვების ჯანსაღ განვითარებაზე და მათთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე ზრუნავენ. ჟურნალის სარედაქციო ჯგუფმა წინასაახალწლოდ შემეცნებითი-გასართობი აქტივობები, შეხვედრები, ექსპერიმენტები, თამაშები, ვორქშოფები დაგეგმა, რაც ბავშვის კრეატიული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. ბავშვები ეცნობიან ხელოვნების დარგებს, კითხულობენ საინტერესო წიგნებს, სიტყვებით თამაშობენ, წერენ მოთხრობებს, ქმნიან ილუსტრაციებს.
„არმარიუმში“ უკვე ჩატარდა ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა, ვორქშოფი, რომელსაც ჟურნალის ლიტერატურული რუბრიკის რედაქტორი ინა იმედაშვილი უძღვებოდა. პატარებმა მოისმინეს ფიფქების შემქმნელი ანგელოზის, ლეანას საოცარი ამბავი, რომლებიც ღრუბლებში ან ცისარტყელაზე კი არა, უფრო, უფრო ზევით ცხოვრობს. ძერწავს, ქმნის , ხატავს, ჭრის და აწყობს ათასნაირი ფორმის ფიფქებს. ბავშვებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ნაამბობი. შემდეგ მოთხრობიდან ამოიღეს სიტყვები და ითამაშეს, იყო ერთი ჟრიამული და აურზაური. რიგის მიხედვით ადგენდნენ წინადადებებს და მშვენიერი, ახალი ამბავიც შეთხზეს. ყველაზე სახალისო და სასიამოვნო მოთხრობის მიხედვით ილუსტრაციების შექმნა იყო. სიხარულით მიუსხდნენ მაგიდას, მოიმარჯვეს ფანქრები და საკუთარ წარმოსახვაში შექმნილი ლეანა ფურცლებზე გააცოცხლეს. მუყაოთი კი ანგელოზების და ფიფქების გამოჭრა ისწავლეს.
ბავშვებმა ერთმანეთს ოცნებები და სურვილები გაუზიარეს. მათი ფანტაზია ხომ დაუშრეტელია... თეკლა ლეკვზე ოცნებობს, ქეთევანს თეთრი რაში უნდა ჰყავდეს, ნინოს ბალერინობა სურს, დემეტრეს ბევრი, ბევრი „ლეგო“ უნდა, გიორგი დიდ, უზარმაზარ წიგნზე ოცნებობს, რომელშიც ყველა საბავშვო მწერლის მოთხრობა იქნება თავმოყრილი. ინა გიორგის ოცნებას ნაწილობრივ უსრულებს, უზარმაზარ წიგნს ვერა, მაგრამ მსოფლიო კლასიკოსი მწერლების კრებულს ჩუქნის.
„არმარიუმი“ 27 დეკემბრამდე აგრძელებს საბავშვო შემეცნებით ვორქშოფებს თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის საგამოფენო დარბაზში. პატარებს საახალწლო დეკორაციების, წიგნის სანიშნეების, პლანეტარიუმის ვორქშოფები, ნაწარმოების კითხვა და განხილვა, საახალწლო ვიქტორინა და ბევრი მხიარული თავგადასავალი ელით.