ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილის“ ზოგიერთი ასპექტი
ლიტერატურაში არაერთგზის აღნიშნულა, რომ ილია ჭავჭავაძის „განდეგილმა“ გამოსვლისთანავე დიდი ვნებათაღელვა დაბადა ქართველ საზოგადოებაში. აზრი ორ, თითქმის ურთიერთგამომრიცხავ, ნაკადად გაიყო: თუ ერთნი ილიას უკიჟინებდნენ, რომ „კალამმა უმტყუნა“, „უაზრო თხზულება დაგვიწერა“, რომ „განდეგილი“ „უსუსტესია როგორც შინაარსით, ისე გარეგანი ფორმით“ (დავით კეზელი), „ამას ვერ დავარქმევთ ჩვენის მწერლობის ფეხის წინ წადგმას“ (ესტატე ბოსლეველი), მეორენი - პირიქით - ამტკიცებდნენ, რომ „განდეგილი“ დამამთავრებელია და დამაგვირგვინებელია რეალური მიმართულების განვითარებისა“ (კიტა აბაშიძე)... „განდეგილის“ შექმნის შემდეგ სახელი ილიასი, როგორც პირველხარისხოვანისა და ღრმად მოაზროვნე მგოსნისა, უფრო გაითქვა და განდიდდა, სამარადისო თემა, ჩაქსოვილი ამ პოემაში, თემა სულისა და ხორცისა, კეთილისა და ბოროტისა, რწმენისა და ურწმუნოების ოლიმპის მწვერვალამდე ამაღლებს ილიას და ჰქმნის მის გარშემო თაყვანისცემის ატმოსფეროს“ (გრ. ყიფშიძე).