ენა - სიტყვით შეკრული საზოგადოება
დღეისათვის კვლავაც გადასაჭრელია ქართული ენის (ანუ - საქართველოს სახელმწიფო ენის) გრამატიკის სკოლაში სწავლების პრობლემა, იქნება ეს შეუსაბამობა ქართული ენის სტანდარტულ პროგრამასა და სახელმძღვანელოებში „ინფორმაციულად“ მიწოდებულ მასალას შორის, ამ დისციპლინის ცალკე, დამოუკიდებელი სასკოლო სახელმძღვანელოების არარსებობა თუ გრამატიკისათვის განკუთვნილი უკიდურესად შემცირებული საათობრივი განაკვეთი. განსაკუთრებით საგრძნობია და მტკივნეული სათანადო ფუნდამენტურ მეცნიერულ დონეზე შედგენილი მეთოდიკური სახელმძღვანელოს არარსებობაც. ამას ემატება მოსწავლის ინდიფერენტული დამოკიდებულება გრამატიკისადმი, რასაც უმთავრესად სწორედ გრამატიკის სწავლების ჯერ კიდევ დაუხვეწელი მეთოდიკა განაპირობებს.