“ყვავილი აქაც ჰყვავისა...”
ვაჟა-ფშაველა, ერთი დიდი ქართველი, “ბადალი მთელი ხმელეთისა”, “სამყაროს სხვა თვალზე მნახველი”, მთელი თავისი შემოქმედებით ქადაგებს ადამიანის სიყვარულს, სამართლიანობასა და გაჭირვებულის თანადგომას.
მკითხველში თანაგრძნობის აღძვრა სურდა მწერალს თავისი მოთხრობების ჩაგრული და სამყაროულ უსამართლობაში გამოსრესილი პერსონაჟების მიმართ. ია ხომ პატარა და საცოდავი ადამიანის სიმბოლოა, მოკლე სიცოცხლის ჟამით; შვლის ნუკრი ბედისაგან დაბრიყვებული და ადამიანთა სისასტიკით გულმოკლულია; კეთილი მთის წყარო ბოროტების სიძლიერესა და დაუნდობლობას ჩაჰფიქრებია; ხმელი წიფელი სიბერის ტრაგედიით დაგვადარდიანებს და იმ ადამიანებს წარმოგვადგენინებს, უამრავი სიკეთე რომ აქვთ გაკეთებული ახალგაზრდობისას, მოხუცები კი არა მარტო აღარავის ახსოვს, “ნეტავ შენ არ გვაუშნოვებდეო”, ისინი ეუბნებიან, ადრე მათ მიმართ მისი მხრიდან გამოჩენილი უმცირესი ყურადღებითაც კი რომ იამაყებდნენ; ფესვები _ უფუნქციოდ დარჩენილი შვილმკვდარი მშობლები თავისი საწუხარით გულგრილს არავის ტოვებენ...