ტრენინგები სადამრიგებლო საქმიანობისთვის გაგრძელდება
სადამრიგებლო საქმიანობა მეტად რთული და მრავალმხრივი პროცესია და ითხოვს აღზრდისა და განათლების თანამედროვე თეორიების ცოდნას, მათ ამოქმედებას პრაქტიკაში. რა მხარდაჭერას სთავაზობს ამ სამიზნე ჯგუფს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი? ამ საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ ცენტრის დაწყებითი განათლების ექსპერტ-კონსულტანტს ნინო ლაბარტყავას.
_მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს დამრიგებლებისთვის შეთავაზებული აქვს ორი ტრენინგ - მოდული: ,,წიგნიერების კომპეტენციის განვითარება სადამრიგებლო საათზე“, რამდენადაც კითხვის საათი შევიდა სადამრიგებლო საქმიანობაში და მეორე _ ,,ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებში’’ (აღნიშნული მოდულის არჩევა შეუძლიათ დაწყებითი საფეხურის სხვა პედაგოგებსაც).
მოდულით ,,წიგნიერების კომპეტენციის განვითარება სადამრიგებლო საათზე“ გადამზადებულია 5000 დამრიგებელი. იანვრიდან ეს ტრენინგები კვლავ განახლდება. ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: სადამრიგებლო საათის მიზნები, ემერჯენტული წიგნიერება; კითხვის ეფექტური მეთოდები; ბლუმის კოგნიტურ მიზნებზე დაყრდნობით შეკითხვების ფორმულირება. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები განიხილავენ ფილმებს ციკლიდან ,,კითხვის ეფექტური მეთოდები’’, მათზე დაყრდნობით ქმნიან სადამრიგებლო საათის გეგმებს, ერთვებიან სიმულირებულ აქტივობებში მოსწავლის პოზიციიდან, ქმნიან რესურსებს. პედაგოგები ხშირად გამოთქვამდნენ საჩვენებელ გაკვეთილებზე დასწრების სურვილს, ამის გათვალისწინებით, მოიძებნა ოპტიმალური გამოსავალი _ ფილმების ჩვენება, სადაც პედაგოგის რეალური გაკვეთილებია ჩაწერილი, რაც უიოლებს პედაგოგებს ახალი მეთოდების აღქმას და მის გადატანას საკუთარ საკლასო სივრცეში. ტრენინგის შემდეგ, მათ ეძლევათ დრო, გავლილი მეთოდები საკლასო ოთახში გამოსცადონ და შემდეგ გადმოაგზავნონ აქტივობების ანგარიშები. ამით ვიღებთ უკუკავშირს ტრენინგის ეფექტურობის შესახებ. უკუკავშირის ფორმებიდან ჩანს, რომ მონაწილეებს მოსწონთ ახალი გამოცდილება და კოლეგებსაც უზიარებენ. პედაგოგთა უმრავლესობა უკუკავშირის ფორმებში აქტივობების შემაფერხებელ მიზეზებს შორის ასახელებს სკოლებში საბავშვო ლიტერატურის ნაკლებობას. გამოთქვამენ სურვილს რომ სკოლის ბიბლიოთეკებში ხელმისაწვდომი იყოს თანამედროვე საბავშვო მწერლობა.
_ როგორია მეორე სადამრიგებლო ტრენინგის_ ,,ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებში’’ სპეციფიკა?
_ ტრენინგის მიზანია მოსწავლეებში თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება, რაც ერთგავარად მიმართულია კონფლიქტების პრევენციისკენ. მოდულით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა : საკლასო გარემოში კლასის კლიმატზე მომქმედი ფაქტორები; სტიგმისა და საკლასო გარემოში დისკრიმინაციის გამომწვევი მიზეზები, კომუნიკაციის სახეები, ეფექტური მოსმენა; კონფლიქტის მოგვარების გზები; ასერტული ქცევა; უმცროს სასკოლო ასაკის მოსწავლეებში ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარების ძირითადი პრინციპები. ტრენინგებზე პედაგოგები უშუალოდ მონაწილეობდნენ თამაშებსა და აქტივობებში, შემდგომ კი ხდებოდა მათი განსჯა-ანალიზი. პროგრამაში აქტივობების თანმიმდევრობა მოსწავლეებთან წარსამართი მუშაობის ლოგიკას მისდევს: რას ვაკეთებთ, რომ კარგად გავიცნოთ ერთმანეთი, შევიცნოთ ერთმანეთის ინტერესები, მოვძებნოთ, რა გვაქვს საერთო, განსხვავებული, მერე ვნახოთ, რა დადებითი მხარეები აქვს განსხვავებულობას და ასე შემდეგ. ვაძლევთ შესაბამისი თამაშების პაკეტებს. აქაც ტრენინგის შემდეგ ისინი გვიგზავნიან უკვე განხორციელებული აქტივობების ანგარიშებს. ამ პროგრამით წელს გადავამზადეთ 300 პედაგოგი, მანამდე კი 100 პედაგოგი იყო გადამზადებული.
_რა იგეგმება დამრიგებლების შემდგომი პროფესიული განვითარების მიმართულებით?
_ მიმდინარეობს მუშაობა საკითხზე ,,დამრიგებელი, როგორც ინდივიდუალური სასწავლო გეგმის კოორდინატორი“, რაც გულისხმობს დამრიგებლის კომპეტენციების განვითარებას ინკლუზიური განათლების თვალსაზრისით.
უკუკავშირით გამოკვეთილია მშობლებთან კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგების სურვილი და საჭიროება. მართალია ეს საკითხი შეთავაზებული იყო ზოგადი უნარების ტრენინგების პროგრამაში, თან საკმაოდ სრულად და საინტერესოდ. მაგრამ რადგან ჩვენს სამიზნე ჯგუფში არსებობს მოთხოვნა, ალბათ, ამაზეც ვიფიქრებთ სამომავლოდ.
მშობლებთან მუშაობის თვალსაზრისით, წიგნიერების ტრენინგში პედაგოგებს ვაცნობდით ემერჯენტული წიგნიერების თეორიას. ამ თეორიის თანახმად, თუ გვინდა ჩვენი შვილი კარგ მკითხველად ჩამოყალიბდეს, საჭიროა ის ხედავდეს როგორ კითხულობენ მშობლები, როგორ საუბრობენ წაკითხულის შესახებ, უკითხავენ ბავშვებს და ბავშვისთვის ეს პროცესი ძალზედ სასიამოვნოა, ვინაიდან პატარები ძირითადად უფროსებს ბაძავენ და სურთ კვლავ განიცადონ სასიამოვნო ემოციები. ტრენინგებზე ვქმნიდით პოსტერებსაც, რომლებიც კითხვის მნიშვნელობას ეხებოდა. ძალიან საინტერესო პოსტერები შემოგვთავაზეს პედაგოგებმა, მახსოვს კიდეც ერთერთი მათგანი: ,,წაიკითხე, წაუკითხე, წაიკითხავს!“
_თქვენ საუბარში ახსენეთ მეთოდები, აქტივობები, რომელიც ტრენინგზე განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს, მოდით, მკითხველებს შევთავაზოთ ზოგიერთი მათგანი.
- თუ უკუკავშირის შედეგებით ვიმსჯელებთ, დამრიგებლებისთვის ტრენინგზე ,,წიგნიერების კომპეტენციის განვითარება სადამრიგებლო საათზე“ განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მეთოდები: ,,დიორამა’’, ,,მხიარული ბანქო’’... ტრენინგზე ,,ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებში’’ პედაგოგებს ყველაზე მეტად მოეწონათ აქტივობები: ,,ცალკე და ერთად’’, ,,დეტექტივი“. გთაბაზობთ ზემოთ აღნიშნული მეთოდებისა და აქტივობების აღწერას.
დიორამა
დიორამა რაიმე მოვლენის, ინტერიერის, პეიზაჟის ამსახველი სამგანზომილებიანი მინიატურული მოდელია, რომელსაც ქმნიან გასართობი, შემეცნებითი ან სასწავლო მიზნებისათვის. მათ ხშირად ვხვდებით მუზეუმებში. აღნიშნული მეთოდი მოსწავლეებს ტექსტის გაგება–გააზრებასა და შემოქმედებითი უნარების განვითრებაში ეხმარება.
დიორამის შესაქმნელად საჭიროა სხვადასხვა მასალა: მცირე ზომის მუყაოს ყუთი, წებო, პლასტელინი, ფერადი ფურცლები, მუყაოს ნაჭრები, ქსოვილები, ფერადი ფანქრები / ფლომასტერები, თოჯინები, გირჩები, გამხმარი ფოთლები, ტოტები, ასანთის ღერები, სათამაშო ჭურჭელი და ა.შ.
ვინაიდან დიორამის შექმნა საკმაოდ კომპლექსური და შრომატევადი პროცესია, მისი დაგეგმვა სასურველია დავიწყოთ ერთი ან ორი დღით ადრე. აგრეთვე, დაგეგმვისა და მომზადების პროცესში შეიძლება ჩავრთოთ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი, ასე უფრო იოლი იქნება მუშაობისას გამოვლენილი სირთულეების დაძლევა და სამუშაო პროცესიც მეტად შემოქმედებითი გახდება.
მეთოდის საწყის ეტაპზე, მასწავლებელი მოსწავლეებს უკითხავს ტექსტს. კითხვის პროცესში სვამს შეკითხვებს და მოსწავლეებს ვარაუდების გამოთქმის საშუალებას აძლევს. მათთან ერთად ყოფს ტექსტს ეპიზოდებად და მოსწავლეების დახმარებით ასათაურებს გამოყოფილ ეპიზოდებს.
მომდევნო ეტაპზე, ანუ ტექსტის წაკითხვისა და ეპიზოდების გამოყოფის შემდეგ, მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს დიორამისთვის საჭირო მასალას და აძლევს ინსტრუქციას, თუ რომელმა წყვილმა რომელი ეპიზოდი უნდა ,,გააცოცხლოს’’ დიორამის მეშვეობით. მოსწავლეები იხსენებენ მათთვის განკუთვნილ ეპიზოდს და შესაბამისად ასათაურებენ თავიანთ დიორამას. ყუთში აქვთ აუცილებელი მასალა, ხოლო დამატებითი, შესაძლო მასალა თავად უნდა შეარჩიონ საერთო მასალიდან. ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტექსტთან დაკავშირებული დეტალების გახსენებას, მოსწავლის შემოქმედებითი და ფანტაზიის უნარების განვითარებას. ისინი დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას, რა მასალის დაკავშირება შეუძლიათ თემატურად მათთვის განკუთვნილ ეპიზოდთან .
მას შემდეგ, რაც წყვილები დაასრულებენ დიორამის შექმნასა და კლასის მოწესრიგებას, იწყება მომდევნო ეტაპი – პრეზენტაცია. გაკვეთილის დასაწყისში გამოყოფილი ეპიზოდების რიგითობის მიხედვით, წყვილები იწყებენ მათ მიერ შექმნილი დიორამების პრეზენტაციას. ყვებიან, რა გააკეთეს, როგორ გააკეთეს, რაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელი დეტალები დაამატეს და რატომ. პრეზენტაცია ძალზე მნიშნელოვანი ეტაპია, რადგან გარდა ვიზუალურად საინტერესო ნამუშევრებისა, ესაა ტექსტის ერთგვარი ინტერპრეტაცია და მასწავლებელს შეუძლია შეაფასოს, თუ როგორ გაიგეს მოსწავლეებმა ტექსტი. წარმოდგენილი პრეზენტაციები საბოლოოდ ამთლიანებს ტექსტს. შესაბამისად, წყვილები დიდი ინტერესით ეცნობიან სხვა წყვილების მიერ შესრულებულ სამუშაოს.
სტრატეგია ,,მხიარული ბანქო’’
მისი გამოყენება მნიშვნელოვანია კითხვის სწავლების საწყის ეტაპზე. მანამ, სანამ მოსწავლეებს უჭირთ მარცვლების სიტყვად გამთლიანება, მიღებული სიტყვებისგან წინადადებების აწყობა და მათი გაგება-გააზრებაა.
„მხიარული ბანქოს“ განხორციელების საწყის ეტაპზე მასწავლებელი წინასწარ ამზადებს რესურსს. აუცილებელია მომზადდეს პატარა ბარათები, რომელზეც დაწერილია მარცვლები. ამ მარცვლებმა შემდგომში უნდა შეადგინონ სიტყვები, სიტყვებმა - წინადადებები, ხოლო წინადადებების შეერთებით უნდა მივიღოთ მცირე ტექსტი, რომელიც გარკვეულ შინაარსს გადმოსცემს.
თავდაპირველად მასწავლებელი კლასს ჰყოფს მცირე ჯგუფებად და უხსნის მათ თამაშის წესებს. მოსწავლეებს აუცილებლად უნდა მივცეთ საშუალება, დასვან შეკითხვები დეტალების დასაზუსტებლად. ხალისიანი განწყობის შესაქმნელად, შეგვიძლია, ჯგუფებს შევთავაზოთ დაირქვან სახელი.
მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს მათთვის განკუთვნილი ბარათების, ანუ ”ბანქოს” თითო დასტას. მოსწავლეები მუშაობენ გუნდურად. ცდილობენ, მოძებნონ ლოგიკური ჯაჭვი, მარცვლებისგან ააწყონ სიტყვები, ხოლო სიტყვებისგან - წინადადებები. აღნიშნული მეთოდი გარდა იმისა, რომ ავითარებს კითხვისთვის მნიშვნელოვან უნარებს, ინფორმატულია მასწავლებლისთვისაც, იგი აკვირდება ბავშვებს, თუ რამდენად გაწაფულნი არიან მარცვლების ამოკითხვაში, რამდენად ახერხებენ მარცვლებისაგან სიტყვების შედგენას და შეუძლიათ თუ არა, გუნდური თამაშის პრინციპების გათვალისწინება.
დამატებითი მასალების გაცნობა პედაგოგებს შეუძლიათ როგორც ფილმების ციკლიდან ,,კითხვის ეფექტური მეთოდები’’ აგრეთვე ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის მიერ 2011 წელს შექმნილი პუბლიკაციიდან ,,ქართული ენა და ლიტერატურა I-VI კლასები. გზამკვლევი მასწავლებლებისთვის’’.
აქტივობა ,,ცალკე და ერთად”
ამ აქტივობის მიზანია თანამშრომლობისა და მოლაპარაკების უნარის განვითარება. ამისთვის ხდება ჯერ მონაწილეთა დაწყვილება, შემდეგ - თითოეულ წყვილს ურიგდება A3 ზომის ფურცელი, რომელიც სამ ნაწილად არის დაყოფილი. ფურცლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს მეწყვილეები ხატავენ ინდივიდუალურად, რაც მათ სურთ, მაგრამ შუაში ვერც ერთი წევრი ვერ დაიწყებს მუშაობას, სანამ არ მოილაპარაკებენ როგორც კომპოზიციის, აგრეთვე ფუნქციების გადანაწილების შესახებ, ანუ ვინ რას დახატავს. თამაშის დასარულს წყვილები ასათაურებენ ნამუშევარს. საბოლოოდ კი ხდება განხილვა, თუ რა უფრო საინტერესო იყო, მუშაობა საკუთარ ,,ნაწილში’’ , თუ ,,საერთო სივრცეში’’, როგორ შეთანხმდნენ, თუ რას დახატავდნენ. აღნიშნული ნამუშევრების გამოფენა სასურველია საკლასო გარემოში, რათა ყველასთვის თვალსაჩინო იყოს მოსწავლეთა თანამშრომლობის შედეგი.
აქტივობა ,,დეტექტივი’’
მისი მიზანი - ერთმანეთის მოსმენის, თანამშრომლობის, გადაწყეტილების მიღების უნარების განვითარებაა. აქტივობის დაწყებამდე მონაწილეებს ვაცნობთ პრობლემურ სიტუაციას და თითოეულ მონაწილეს ვურიგებთ ერთ ,,სამხილს’’. ჯგუფის თითოეული წევრი კითხულობს ,,სამხილს’’ სხვები კი უსმენენ და მსჯელობენ, მნიშვნელოვანია არის თუ არა აღნიშნული ინფორმაცია საკმარისი პრობლემის გადასაჭრელად. ამგვარი აქტივობით ჯგუფის წევრები ვერ გადაჭრიან პრობლემას ერთმანეთის გარეშე. ამიტომ აღნიშნული მეთოდი თანამშრომლობითი სწავლების საკმაოდ კარგი მაგალითია. მრავალრიცხოვანი კლასის შემთხვევაში, აღნიშნული აქტივობის განხორცილება შეიძლება მოხდეს მცირე ჯგუფებად დაყოფის გზით.