ნინა გრიშაშვილი და ანა კაპანავა
სწორება სალომე ფაჟავაზე
მხატვრული ტანვარჯიშის მწვრთნელი ნინა გრიშაშვილი 2004 წლიდან მოღვაწეობს ამ სფეროში. დღეს მას 4 ჯგუფი ჰყავს, რომლებშიც სხვადასხვა ასაკის ბავშვები ვარჯიშობენ. საერთოდ, სპორტის ამ სახეობაში ჩაბმა 4-6 წლის ასაკიდან შეიძლება. გოგონა აუცილებლად უნდა იყოს ელასტიური და სპორტული ხასიათის. ყველაზე წარმატებული სპორტსმენები 8-11 წლის ასაკში არიან. ეს ბავშვები საკმაოდ კარგ შედეგებს აღწევენ სხვადასხვა შეჯიბრებაზე.
ნინა გრიშაშვილს ჰყავს ერთი წარმატებული სპორტსმენი გოგონა, 11 წლის ანა კაპანავა რომელიც ხუთი წელიწადია ვარჯიშობს. იგი მრავალგზის მეორე პრიზიორია საქართველოში გამართულ სხვადასხვა ტურნირისა. თვითონ ანას სჯერა, რომ გახდება წარმატებული სპორტსმენი და ასახელებს საქართველოს. ანა განსაკუთრებით ძლიერია რგოლით ვარჯიშში, სადაც მას ძალიან ლამაზი და რთული პროგრამა აქვს.
საქართველოში მხატვრული ტანვარჯიშის 3 ჯგუფია: სანაპიროზე მდებარე ოლიმპიური მზადების ცენტრი, ნელი სალაძის აკადემია და ნაკრები.
სამწუხაროდ, დღეს სპორტის ეს სახეობა არ არის სათანადოდ განვითარებული, არც თანამედროვე ტიპის დარბაზებია და გოგონებს არა აქვთ იმის საშუალება, რომ ივარჯიშონ საჭირო სტანდარტების დარბაზებში და უმასპინძლონ სხვადასხვა ტურნირებს.
საქართველოში აუცილებლად უნდა განვითარდეს ეს ულამაზესი სახეობა. მარტო ის რად ღირს, რომ გვეზრდება ერთი უნიჭიერესი სპორტსმენი სალომე ფაჟავა (მასზე წერილს ნაახალწლევს შემოგთავაზებთ), რომელმაც საქართველოს სპორტსმენთაგან ერთ-ერთმა პირველმა მოიპოვა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. ახლა სწორება სალომეზე უნდა ავიღოთ. დღეისთვის გვყავს ძალიან კარგი გოგონები რომლებსაც სურთ რომ დიდ შედეგებს მიაღწიონ მხატვრულ ტანვარჯიშში. იმედია ეს სახეობა მალე დაიბრუნებს ძველ დიდებას და ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშეები სახელს გაუთქვამენ საქართველოს.