”ეკვილიბრიუმი - სოფლის განახლებული ბიბლიოთეკები” – წლის საგანმანათლებლო პროექტი
ხალხის გამოკითხვის საფუძველზე ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი ”ეკვილიბრიუმი - სოფლის განახლებული ბიბლიოთეკები” 2015 წლის საგანმანათლებლო პროექტად დასახელდა. რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად 500 სოფლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი განახლდა, 200 ბიბლიოთეკას წიგნებთან ერთად კომპიუტერებიც გადაეცა. პროექტით რამდენიმე სადისკუსიო ცენტრის მოწყობაც გახდა შესაძლებელი. პროექტმა საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებიც მოიცვა და თავისი არსით მოქალაქეთა მოხალისებრივი საქმიანობის კარგი მაგალითი მისცა მოზარდ თაობას, რადგან ეს აქტივობები ჯერჯერობით მხოლოდ გამომცემლობებისა და რიგითი მოქალაქეების, მოხალისეების კეთილი ნების შედეგად მოხერხდა. წლების განმავლობაში არათუ სოფლის, რაიონულ და საქალაქო ბიბლიოთეკებსაც კი დახურვის საფრთხე ემუქრებოდა. ამ რეალობაში ეს პროექტი ძალიან საჭირო საგანმანათლებლო რესურსის გადარჩენის წინაპირობად იქცა.
იდეის ავტორი და ინიციატორი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე :
_ 2012 წლიდან დავიწყეთ პროექტი ,,ეკვილიბრიუმი“, რომელიც შემდეგ გაფართოვდა და სოფლის ბიბლიოთეკების განახლება ან აღდგენა დაისახა მიზნად. ეს გულისხომბდა წიგნადი ფონდითა და კომპიუტერებით დახმარებას და კადრების გადამზადებას. შემდგომში პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდა და მხარს უჭერდა ისეთ წამოწყებებს, როგორიც იყო ,,წიგნი ყველა სოფელს”, ,,წიგნი მაღალმთიან სოფლებს”, პრეზიდენტის მიერ დაფინანსებული საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პროექტი ,,ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას”. პროექტის მასშტაბები იმდენად გაფართოვდა, რომ სახალხო მოძრაობის სახე მიიღო და ჩვენ დღეს უკვე ამ მოძრაობის ავანგარდში ვართ. გასახარია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ეხმაურება ამ პროექტს, ვგულისხმობ წიგნების შემომწირველებს. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ მეტი გამოგვეხმაურება. ამ ეტაპზე 500 სოფლის ბიბლიოთეკას დავეხმარეთ წიგნადი ფონდით, 200-მდე სოფლის ბიბლიოთეკას წიგნებთან ერთად კომპიუტერებიც გადავეცით.
- როგორც ცნობილია, პროექტი სადისკუსიო ცენტრების მოწყობასაც გულისხმობს.
- სადისკუსიო ცენტრების მოწყობისას ძალიან მნიშვნელოვანია ინიციატივები თავად რეგიონებიდან. თუ მათი მხრიდან წამოვა ასეთი სივრცის მოწყობის სურვილი, ჩვენ შეგვიძლია ინფრასტრუქტურული საკითხები გადავუწყვიტოთ, ინვენტარით მოვამარაგოთ, გავცეთ რეკომენდაციები, გადავამზადოთ კადრები. შეგვიძლია სივრცე მოვაწყოთ ისე, რომ იგი სოფელში ყველაზე აქტიურ სადისკუსიო ცენტრად იქცეს. სოფლისა და მუნიციპალიტეტების ბიბლიოთეკებისთვის კადრების მომზადება ამჟამადაც მიმდინარეობს. ამ პროცესს საბიბლიოთეკო ასოციაცია ხელმძღვანელობს. ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი, რომელიც უკავშირდება მუნიციპალიტეტებს, არის შენობების საკითხი. ბევრი ბიბლიოთეკის შენობა სავალალო მდგომარეობაშია და ამაზე მინუციპალიტეტებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ზოგ შემთხვევაში შედეგი გვაქვს, შენობები გარემონტდა კიდეც, მაგრამ ყველგან ეს არ მოხერხდა.
- პროექტში საჯარო სკოლების ჩართულობა რამდენად აქტიურია?
- ძალიან ხშირად თავად მოსწავლეები გვწერენ მათი სკოლების ბიბლიოთეკების განახლების ან მოწყობის თხოვნით და ჩვენც ვპასუხობთ. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ინიციატივები ახალი თაობისგან მოდის. ვეხმარებით მხოლოდ იმ საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებს, რომლებიც მოგვმართავენ. სოფლის ბიბლიოთეკების შემთხვევაში ყველას დავეხმარებით. პროექტი აუცილებლად გაგრძელდება.
-დახმარება ძირითადად შემოწირულობებით ხდება. ეს რესურსი ამოწურვადი ხომ არ არის?
- შემოწირულობები აუცილებლად გაგრძელდება. ძალიან ბევრი ბიზნეს-კომპანია არსებობს, რომელიც პროექტში ჯერჯერობით არ ჩართულა და იმედი გვაქვს, ამის სურვილი ექნებათ. აქამდე აქტიურობდნენ გამომცემლობები, რომელთა წვლილი პროექტის განხორციელებაში ძალიან დიდია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ პროცესში ჩაერთნენ რიგითი მოქალაქეები, მოხალისეები, რომელთაც საკუთარი წიგნები და ხშირ შემთხვევაში მთლიანად ბიბლიოთეკებიც კი შემოგვწირეს. ყველა მსურველს მოვუწოდებთ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენს პროექტში, ვარწმუნებთ, მათი შემოწირული წიგნები თავიანთ ადგილზე მოხვდება _ და წიგნიერი თაობების აღზრდაში წვლილს შეიტანს.
- გრძელვადიან პერსპექტივაში რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ პროექტს. როგორ გაგრძელდება სოფლის ბიბლიოთეკების ფუნქციონირება?
- პროექტი უნდა იქცეს სოფლებში მედია-ბიბლიოთეკების შექმნის წინაპირობად, სადაც ადამიანები შეძლებენ შექმნან საზოგადოებრივი ცენტრები, რომელიც ძალიან ბევრ ფუნქციას შეითავსებს. შეიძლება ეს იყოს საინფორმაციო ცენტრი, ოფიციალური დოკუმენტების გაცემის ადგილი და ა. შ. მრავალფუნქციური დაწესებულება.