მასწავლებლების შედეგები ,,ძველი სქემის“ მიხედვით
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2011-2014 წლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის კრედიტქულების მინიჭების პროცესი განსაზღვრულ ვადაში _ 25 დეკემბერს, 18:00 საათზე დასრულდება. შესაბამისად, მასწავლებლები საბოლოო შედეგს კრედიტქულების ჯამური რაოდენობის სახით სწორედ ამ დროს შეიტყობენ.
შედეგების მიმართ პრეტენზიების წარმოშობის შემთხვევაში, მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, შეფასების შედეგების შესახებ საჩივრით მიმართონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს 2015 წლის 28 დეკემბრიდან - 2016 წლის 8 იანვრის ჩათვლით, eflow-ს სისტემის საშუალებით. საჩივარს საპრეტენზიო კომისია განიხილავს. გასაჩივრება უფასო იქნება.
,,განათლებულმა საქართველომ“ ამ თემასთან დაკავშირებით, კითხვებით მიმართა კახა ჟღენტს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის _ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვა“ მენეჯერს.
_ ბატონო კახა, როგორია ძველ სქემაში ჩართული პედაგოგების შედეგები ამ ეტაპზე?
_ იმ 5 266 მასწავლებლიდან, რომელთაც განაცხადი გააკეთეს, მიმართულებაში ,,სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა“ 3 კრედიტი აიღო 3 028 მასწავლებელმა; ,,სასწავლო რესურსის მართვაში“ თითო კრედიტი _ 1 487 მასწავლებელმა; ,,პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაში“ 2 კრედიტი _ 2 341-მა მასწავლებელმა.
ყველა მიმართულებაში კრედიტები აიღო და ჯამში 6 კრედიტი დააგროვა 703-მა უფროსმა მასწავლებელმა. ამჟამინდელი მონაცემებით, ოთხივე მიმართულებით 10 კრედიტის მფლობელია 6 წამყვანი მასწავლებელი.
გვინდა დავძინოთ, რომ 19_მა წამყვანმა მასწავლებელმა, რომელთაც დოქტორის ხარისხი აქვთ, მხოლოდ მათთვის განკუთვნილ მიმართულებაში _ ,,საკუთარი პროფესიული საქმიანობის კვლევა“ აიღო 4 კრედიტქულა.
_როგორ აისახება ეს შედეგები ახალ სქემაში, ანუ რას მისცემს ეს კრედიტები პედაგოგებს კარიერული წინსვლის თვალსაზრისით?
_ ამ შედეგებით მასწავლებლები შეივსებენ მხოლოდ არჩევით და არა _ სავალდებულო კრედიტქულებს. იმთავითვე იყო ცნობილი, რომ ეს შედეგები არ იქცეოდა საფეხურებრივი წინსვლის პირობად.
_ ბატონო კახა, სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა პრეტენზიები შედეგების მიმართ...
_ შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობა არსებობს, პროცესი არის მარტივი და უფასო და ასეთი განაცხადის გაკეთება მათი უფლებაა.