ფასილიტაცია, ფასილიტატორი მასწავლებელი
"განვითარება და განათლება არავის არ შეიძლება გადაეცეს ან ეცნობოს.ყველამ, ვისაც სწადია, მათ ეზიაროს, ამას საკუთარი ძალებით, საკუთარი რუდუნებითა და ნებისყოფით უნდა მიაღწიოს. გარედან იგი შეიძლება მხოლოდ წახალისდეს და მართებულად იქნეს წარმართული... ამიტომ თვითმოქმედება _ საშუალებაცაა და თან ნაყოფიც განათლებისა" [ა. დისტერვეგი].
ფასილიტატორი მასწავლებლის მიერ წარმოსათქმელ წინადადებათა უმრავლესობა _ კითხვითი წინადადებებია, რომლებიც კლასს შეკითხვას უსვამს და დაფიქრებისაკენ მოუწოდებს; დანარჩენთა უმრავლესობა _ ბრძანებითი წინადადებებია, რომლებიც კლასს რაიმეს ავალებს და მოქმედებისაკენ მოუწოდებს (მაგალითად: გადაშალეთ რვეული, გამოდი დაფასთან, შეავსეთ ცხრილი და სხვა); და მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია თხრობითი წინადადებები, რომლებიც კლასს პასიური მოსმენისა და დამახსოვრებისკენ მოუწოდებს. რასაკვირველია, ესეც აუცილებელია, მაგრამ ძალიან მცირე ზომით. ისინიც თითქმის ყოველთვის მას შემდეგ წარმოითქმის, რაც თავად მოსწავლეები იტყვიან. შესაძლოა, არაზუსტად, არასრულად, მოუხეშავად _ მაგრამ მაინც იტყვიან ისე, რომ ცხადი იქნება _ მათ გაიგეს. მასწავლებელი მხოლოდ ამის შემდეგ იტყვის თხრობით წინადადებას, რომელიც, არსებითად, მხოლოდ გაიმეორებს, დაადასტურებს და დახვეწს მოსწავლეთა მიერ ნათქვამს. და ესეც _ ძალიან ხანმოკლეა, სულ ერთი-ორი მოკლე წინადადება.
გაკვეთილზე მთავარია კარგად დასმულ შეკითხვათა თანწყობა. მხოლოდ ამგვარად, აქტიურად, დიალოგურად, შეისწავლება საკითხი. ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ მოსწავლეები რამდენად ხშირად სვამენ შეკითხვებს.
ფასილიტაცია, ფასილიტატორი, მოდერაცია, სასწავლო ხარაჩოები, ინდივიდუალური მიდგომა, ინტერაქციული სწავლება, შეკითხვების დასმა მასწავლებლისა და მოსწავლეთა მიერ.