როგორ ვიმუშაოთ პროექტზე: იდეა და დაგეგმვა
პროექტული მეთოდით სწავლება განათლების წარმატებულ სისტემებში ხშირად და ეფექტურად გამოიყენება. რა განაპირობებს ამ მეთოდის წარმატებულობას? რატომ ანიჭებენ მას უპირატესობას?
პროექტული სწავლება ქმნის პირობებს, რომ სკოლაში მოსწავლეების სტატიკური ცოდნა გარდაიქმნას ფუნქციურ და პირობისეულ ცოდნად, რომელსაც ცხოვრებაში გამოიყენებენ საჭირო დროს და საჭირო სიტუაციაში (ცოდნის ტრანსფერი).
,,საუკეთესოდ სწავლობდა და ცხოვრებში ვერ გამოიყენა“._ რამდენჯერ მოგვისმენია და თავადაც გვითქვამს გულდაწყვეტილებს. პროექტული სწავლება არის წვრთნა ცოდნის გასააქტიურებლად, გამოსაყენებლად. ეს არის შესაძლებლობა მოსწავლის და მასწავლებლის კომპეტენციათა განვითარებისთვის.
სანამ ამ მეთოდის გამოყენებას დავიწყებთ, საჭიროა ჩვენც კარგად გავერკვეთ მის რაობაში და მოსწავლეებიც გავარკვიოთ, თორემ ხშირად მასწავლებელი დამოუკიდებლად, ან სხვების კონსულტაციების საფუძველზე ადგენს პროექტის გეგმას, შემდეგ უნაწილებს ფუნქციებს მოსწავლეებს (ხშირ შემთხვევაში _ აკადემიურად წარმატებულებს) და ისინიც, მასწავლებლის უწყვეტი კონტროლისა და ზედამხედველობის პირობებში, ასრულებენ დავალებებს, შეიძლება წარმატებითაც, მაგრამ არც ერთს გააზრებული არ აქვს, რას აკეთებს და რატომ აკეთებს. ეს მათ ,,მონაწილეობითი კიბის“ ქვედა საფეხურებზე ტოვებს, რაც საგანმანათლებლო მიზნებს არ შეესაბამება.
სასწავლო პროექტი არის აქტივობა, რომელიც თავისი სტრუქტურით, შინაარსით ძალიან ჰგავს თავად ცხოვრებას, რომელიც სავსეა ბარიერებით, ნეგატიური რეალობებით. მათ დასაძლევად, შესაცვლელად ადამიანი ბუნებრივად ისწრაფის. ნეგატიურ რეალობებს, რომელთა შეცვლაც ჩვენ გვსურს პრობლემებს ვუწოდებთ.
პროექტი არის კონკრეტული პრობლემის მოგვარებისთვის დაგეგმილი აქტივობების ერთობლიობა, რომელსაც შეთანხმებულად ახორციელებს მონაწილეთა გუნდი. ეს პროექტის ერთერთი განმარტებაა.
პრობლემებთან გამკლავება, მათი შეცვლა სასურველი რეალობით ყველას სურს, მაგრამ ყველას არ გამოსდის, ან მეტ-ნაკლებად გამოსდის. სასურველ რეალობას მიზანი ეწოდება. მიზნის მიღწევა ადვილი არ არის და იმ ცოდნისა და უნარების ფლობას ითხოვს, რომელიც უკვე დაგროვილი და განზოგადებულია ამ მიმართებით. სკოლა, კლასი უსაფრთხო გარემოა, რომელიც მოზარდს ამ მიმართებით პირველი გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს. ამიტომაც ამ მეთოდის შესწავლა და მშვიდ, ყოველდღიურ რეჟიმში და არა _საჩვენებლად გამოყენება, ესგ-თი დასახულ შედეგამდე _ პირობისეულ ცოდნამდე მიგვიყვანს.
ამიტომ ანიჭებენ პროექტულ მეთოდს უპირატესობას.
მხოლოდ მოსწავლეთა სრული მონაწილეობითა და ჩართულობით დაგეგმილი პროექტი აღძრავს მათში მოტივაციასა და პასუხისმგებლობის გრძნობას პროექტის განხორციელებაზე. ეს ჩართულობა ყველა ეტაპზე აქტუალურია.
თვალი გადავავლოთ პროექტზე მუშაობის ციკლს:
იდეაზე მუშაობა სხვადასხვანაირად შეიძლება დავიწყოთ. პედაგოგს აქვს მიზნების ჩარჩო ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგების სახით.
იდეების პროვოცირება შეგვიძლია:
- არსებულ სიტუაციაზე დისკუსიის წამოწყებით;
- სტატისტიკური მონაცემების გაცნობით;
- ვიდეოსიუჟეტის, სოციალური რეკლამის ჩვენებით;
- დონორისგან შემოთავაზებული პირობების გაცნობით და ასე შემდეგ;
საკლასო დისკუსიის შემდეგ, გონებრივი იერიშის გამოყენებით, ვკრებთ საკითხების ჩამონათვალს, რომელიც მათ სკოლაში აწუხებთ. ეს საპროექტო იდეაზე მუშაობის დასაწყისია. ბავშვებთან ერთად ვმსჯელობთ, ვაჯგუფებთ პრობლემებს, ისევ მოსწავლეების აზრით გათვალისწინებით, ვარჩევთ ერთერთ მათგანს, რომლის მიმართაც მეტი ინტერესი გამოიკვეთა. მაგალითისათვის, ავიღოთ ესგ-ით შემოთავაზებული თემა ,,ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, კერძოდ, მავნე ჩვევების პრევენცია“.
პრობლემა ასეთი შინაარსის არის: ,,სკოლის მოსწავლეებში ფეხმოკიდებულია მავნე ჩვევა_ ნიკოტინის მოხმარება და ეს მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის“. ეს პრობლემა თავისთავად არ წარმოქმნილა, მას აქვს გამომწვევი მიზეზები, ანუ ქვეპრობლემები. მთლიანობაში ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სქემის სახით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.
თუ ჩვენ არ გვაკმაყოფილებს პრობლემაზე მოკრებილი ინფორმაცია, შეიძლება გავაფართოოთ მუშაობა პრობლემის იდენტიფიცირებისათვის და ჩავატაროთ გამოკითხვა სკოლაში, თემში და უფრო სრულად წარმოვაჩინოთ პრობლემის მიზეზები.
შემდეგ საჭიროა ჩამოვყალიბდეთ პროექტის მიზანთან დაკავშირებით. მოსწავლეების ყურადღება მივაპყროთ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს. კარგად გადავავლოთ თვალი და თითოეულს შევუწონოთ ჩვენი შესაძლებლობები, ვიმსჯელოთ რომელი მათგანის დაძლევა შეგვიძლია და როგორ? ასე ჩამოვაყალიბებთ მიზანს, რომელიც ნათლად, გასაგებად და რეალისტურად უნდა იყოს ფორმულირებული.
მაგალითად, პროექტის მიზანია:
- მოსწავლეებში მოხდება ,,ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, კერძოდ, მავნე ჩვევების პრევენცია“._ესგ
- მოსწავლეები აიმაღლებენ ცნობიერებას ნიკოტინის მავნე შედეგებზე,
- იმსჯელებენ, გაიაზრებენ ამ მავნე ჩვევის თანამდევ შედეგებს,
- დაგეგმავენ მისი დაძლევის გზებს.
- ადგილობრივ თვითმმართველობაში ადვოკატირებას გაუწევენ სპორტული მოედნის მოწყობის საკითხს.
- მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნების, დაგეგმვის და სვა გამჭოლი კომპეტენციები.
პროექტის საბოლოო მიზანი პატარ-პატარა მიზნების დაძლევით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღწევა, მაგრამ მანამდე უნდა განვსაზღვროთ როგორი იქნება ეს ნაბიჯები, რა საქმიანობის/აქტივობების განხორციელება მოგვიწევს მიზნის მისაღწევად. ამ პროექტის მიღწეული მიზანი, თავის მხრივ, იქცევა ნაბიჯად ესგ-თი დასახული შედეგისაკენ.
აუცილებელია, მოსწავლეებს განვუმარტოთ, რომ პროექტის ფარგლებში მოგვიწევს თანამშრომლობა სკოლის დირექციასთან, თვითმმართველობასთან, სკოლის ან ოჯახის ექიმთან, შეიძლება, სტუმრად მოვიწვიოთ ჩვენს თემში მცხოვრები სახელოვანი სპორტსმენები, რომლებიც მოსწავლეების, მათ შორის მწეველებისთვისაც ავტორიტეტებს წარმოადგენენ.
კარგი იქნება, თუ საპროექტო აქტივობების დაგეგმვამდე მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ანალოგიური პროექტების შესახებ, გაეცნობიან მათ სამოქმედო გეგმებს, რესურსებს, შემდეგ იმსჯელებენ ამ საკითხებზე და ისე შეარჩევენ მიზნის მიღწევის გზებს და კონკრეტულ ამოცანებს. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, შეიძლება პროექტის დასაგეგმად კლასში ორი ჯგუფი შევქმნათ.
ამ ეტაპზევე კარგ სამსახურს გაგვიწევს მოსწავლეებისათვის პროექტის შეფასების კრიტერიუმების გაცნობა/განმარტება, რადგანაც ამ კრიტერიუმების გააზრებით დაგეგმილი პროექტი უფრო ორგანიზებული და თანმიმდევრული იქნება. შეგვიძლია გამოვიყენოთ ესგ-ში მოცემული პროექტის შეფასების ზოგად-ანალიტიკური რუბრიკა.
გვახსოვდეს, პროექტს ღირსებას შემატებს მიზნის მიღწევის ინოვაციური, ორიგინალური გზების მოძებნა. ასეთი იდეების ,,საბადოები“ კი სწორედ მოზარდები არიან, ამიტომაც გასაქანი მიეცით მათ თამამ და თავისთავად იდეებს, წაახალისეთ მათი ორიგინალური შემოთავაზებები და რაც მთავარია, შეეცადეთ პროცესში ჩართული იყოს ყველა მოსწავლე!
უკვე გვაქვს იდენტიფიცირებული პრობლემა და გამოკვეთილი მიზანი. ახლა საჭიროა შევიმუშაოთ იმ აქტივობების ჩამონათვალი, რომლითაც მიზანს მივაღწევთ, ანუ შედეგზე გავალთ. ორივე ჯგუფი წარმოადგენს თავის სამოქმედო გეგმას და ასაბუთებს მის ეფექტურობას, რეალისტურობას, საჭირო ვადებს. ღია დისკუსიით შედგება ახალი სამოქმედო გეგმა, რომელშიც ორივე ჯგუფის აქტივობები იქნება შეჯერებული. თითოეული აქტივობისათვის საჭიროა შემუშავდეს ,,სცენარი“, განისაზღვროთ ვადა, საჭირო რესურსები და პასუხისმგებელი პირები.
სამოქმედო გეგმის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ საჭირო რესურსები და შესაბამისად, შევადგინოთ ბიუჯეტი მთელი პროექტისათვის. შეიძლება ჩვენი პროექტი არ იყოს დაკავშირებული დიდ დანახარჯებთან და სკოლაში არსებული რესურსების გამოყენებით განვახორციელოთ აქტივობები, მაგრამ ბიუჯეტის შედგენისთვის გამოცდილების მისაღებად, შეგვიძლია მაინც შევადგინოთ ბიუჯეტი.
პროექტზე მუშაობის ეტაპებზე საუბარი შემდეგ წერილში გაგრძელდება.