აირჩიე სიკეთე! რ. ჯ. პალაციოს „საოცრება“
„თუ საშუალო სკოლა ისე დაამთავრე, რომ არავის აწყენინე, უმაგრესია!“
ჯუნ დოუსონის მაქსიმა
ძალიან ძნელია დაწერო ამ ულამაზესყდიან, საშუალო სიმძიმის წიგნზე (წონას ვგულისხმობ, თორემ...), რომელიც საშიშია მშვიდი ცხოვრებისათვის – სულ რაღაც სამასიოდე გვერდით გადატრიალების მოხდენა შეუძლია, ცრემლების წყალდიდობის მოწყობა, სულის დაბზარვა და სიკეთის ზვავში თქვენი ჩამარხვა. არ გატყუებთ, მართლა შეუძლია. 10 წლის ავგუსტ პულმანის პირველი სასწავლო წელი მთელი ცხოვრება არ დაგავიწყდებათ.
„როგორი შესახედავი ვარ, არ ვიტყვი, მაგრამ იმაზე ცუდადაა საქმე, ვიდრე თქვენ გგონიათ“ – წარმოიდგინეთ, თქვენ რომ გჭირდებოდეთ თავის ასე წარდგენა... მე წარმოვიდგინე და, რაღა დაგიმალოთ, შემეშინდა. სამყარო ჩვეულებრივი გარეგნობის ადამიანებისთვისაც მკაცრია ხოლმე, განსხვავებულებისთვის კი ხშირად ყოველდღიურ ჯოჯოხეთს აწყობს. თანაც, სკოლაში პირველად მიდიოდე? ისიც მეხუთე კლასში? როცა ბევრ საბავშვო მოედანზე გითამაშია და იცი, რომ ბავშვები ავები არიან?
„პატარაობაში სულაც არ მეშინოდა ბავშვების გაცნობისა, იმიტომ, რომ ის ბავშვებიც ჩემსავით პატარები იყვნენ. პატარა ბავშვებს კარგი ისა აქვთ, რომ დასაცინად საგანგებოდ არაფერს გეუბნებიან. მართალია, ხანდახან შეიძლება რაღაც ისეთი გითხრან, რომ გაწყენინონ, მაგრამ სინამდვილეში ვერ ხვდებიან, რას გეუბნებიან. დიდმა ბავშვებმა კი პირიქით, მშვენივრად იციან, რასაც ამბობენ. ამიტომ არის, რომ თავს ვარიდებ,“ – გვიტყდება კლასელებთან პირველი შეხვედრის წინ ავგი და მაშინვე გახსენდება, თუკი ოდესმე ვინმესთვის გიწყენინებია, დაგიცინია, ან პირიქით, შენ ყოფილხარ ამ ყველაფრის მსხვერპლი. ბავშვებს მიზეზებს რა გამოულევთ – გარეგნობიდან დაწყებული, ნიშნებით დამთავრებული, ყველაფრის გამო შეუძლიათ დაცინვა. ერთოსანი ხარ თუ ათოსანი, ლამაზი თუ ულამაზო, მსუქანი თუ გამხდარი – ვინმეს თუ თვალში არ მოუხვედი, წასულია შენი საქმე. გაგიმხილოთ? მე იმიტომ ვყავდი ამოჩემებული რამდენიმე ბავშვს, რომ კარგად ვსწავლობდი და შატალოებზე არ დავდიოდი. არადა, ძალიანაც მინდოდა ხანდახან, მაგრამ რა მექნა – დედა სკოლაში მუშაობდა და ყველას მაგივრად მე მომხვდებოდა. ოო, როგორ ვერ ვიტანდი იმ გოგოების გამოჩენას დილით... ძალიანაც კარგად მესმის ავგუსტის, რომელსაც დაბადებიდან ოცდაშვიდი ოპერაცია აქვს გაკეთებული და ბოლო ოპერაცია სულ რაღაც რვა თვის წინ გაიკეთა. იმასაც გავუგებდი, კლასელები რომ შესჯავრებოდა. თუმცა, ჩემგან განსხვავებით, მას უფრო მეტი მოთმინება აქვს და როცა სკოლაში მის უცნაურ სახეს ყველა თვალს არიდებს, საქმეს ფილოსოფიურად უდგება: „ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ. ყველანი ასე არ შვებიან?! მინდოდა მეთქვა, ვიცი, რომ უცნაური შესახედავი ვარ. მიყურეთ, რამდენიც გინდათ, არ ვიკბინები-მეთქი. აი, ვთქვათ, სკოლაში რომ რომელიმე ჰუმანოიდი, მაგალითად, „ვარსკვლავეთის ომების“ ვუკი რომ გამოჩენილიყო, მეც ხომ დავინტერესდებოდი, მეც ხომ მივაშტერდებოდი! და თუ ჯეკთან ან ჯუნთან ერთად ჩავუვლიდი, მეც ხომ გადავუჩურჩულებდი ერთსაც და მეორესაც, შეხედე, ვუკი-მეთქი. და თუ ვუკი გაიგონებდა, ხომ მიხვდებოდა, რომ საწყენად არ მითქვამს. უბრალოდ, ფაქტი დავაფიქსირე, რომ ვუკია“.
ავგუსტს ერთ რამეში გაუმართლა – მართალია, ბავშვებს მასთან მეგობრობა არ უნდათ, მაგრამ მის სკოლას ჰყავს ყველაზე კარგი დირექტორი – მისტერ ტაკუნმენი. ჰო, სასაცილო გვარია, ამაზე თვითონ ბატონო ტაკუნმენიც ძალიან ხალისობს, მაგრამ ესეც ხომ მეორეხარისხოვანია (ავგუსტის სახისა არ იყოს), უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მან ყოველთვის იცის, როგორ მოიქცეს რთულ სიტუაციებში და სკოლაში ყველაფერს, ყველაფერს ამჩნევს! სწორედ მისტერ ტაკუნმენმა უბიძგა თავიდან ავგისა და ჯეკის მეგობრობას. მეგობრობა კი, რისი მეგობრობაა, თუ რთული გამოცდები არ დაძლია? მათი მეგობრობა ყინულს ადნობს და ბოლოს ბიჩერის სკოლაში ყველაფერი იცვლება...
ჯეკის გარდა ავგუსტს კიდევ ერთი მეგობარი ჰყავს თავიდანვე – ჯუნი. ბიჭისგან განსხვავებით, ის თავისი ნებით დაუმეგობრდა ავგუსტს. საერთოდ, ამ წიგნში გოგონები ბევრად უფრო მიმტევებლები არიან, ვიდრე ბიჭები. უფრო მალე ხვდებიან, რომ მათი კლასელი „ზომბი“ ჩვეულებრივი ბავშვია. მაგრამ რასაკვირველია, ისინიც ბევრ შეცდომას უშვებენ. აი, მაგალითად მირანდა... გამოგიტყდებით, მირანდა ბოლოს ერთ–ერთი ჩემი საყვარელი გმირი გახდა, რადგან ამ გოგოს, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობის მეგობრობაც კი დაივიწყა საკუთარი პოპულარობის გამო, ავგუსტი არ დავიწყებია და არასოდეს უწყენინებია მისთვის.
კიდევ, ოჯახში გაუმართლა ავგუსტს. აბა, ბევრ დედას შეუძლია გითხრას – სკოლაში უნდა წახვიდე, თორემ ხომ იცი, წილადებში არაფერი გამეგებაო? ან ბევრ მამას შეუძლია, პატიება გთხოვოს იმის გამო, რომ ის ოხერი ჩაფხუტი გადაგიგდო, რომელშიც ორი წელი იმალებოდი? ბევრი და იტყოდა ძმაზე – ავგუსტი მზეაო და თითქმის ყოველთვის გაუგებდა მშობლებს, როცა ისინი მათდაუნებურად ყურადღებას მოაკლებდნენ მის გამო? ავგუსტის და ვიას მშობლები შვილებს აღმერთებენ, მაგრამ ცდილობენ არ გაანებივრონ, სამყაროსთვის თვალის გასწორება, საკუთარი მიზნებისათვის ბრძოლა ასწავლონ. მშობლები, რომლებიც არ ეპუებიან გავლენიან ადამიანებთან დაპირისპირებას, პატარა ცუგა დეიზის გამო კი ტირიან... ასეთი მშობლების შვილი ვერასოდეს გაბოროტდება.
ვცდილობ, ემოციები ისე გადმოგცეთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები გიამბოთ წიგნიდან. თან ცდუნებას ვებრძვი, ავდგე და სულ გადმოვწერო გამოსაშვებ დაჯილდოებაზე მისტერ ტაკუნმენის წაკითხული სიტყვა – მაგრამ არა. ეს ამბავი, ავგუსტის, მისი მეგობრებისა და მტრების ამბავი თვითონ უნდა წაიკითხოთ. როგორც წიგნის ყდაზე წერია, თქვენს თავს მართლა უნდა აჩუქოთ ეს წიგნი. და „მოდით, ახალი წესი დავამკვიდროთ ცხოვრებაში... ყოველი ჩვენგანი მუდამ ეცადოს, იყოს იმაზე კეთილი, ვიდრე საჭიროა.“
ეს წიგნი – მართლა საოცრებაა. მე შემცვალა. მიეცით საშუალება, თქვენც შეგცვალოთ.