როგორ ვიმუშაოთ შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებულ ბავშვებთან
მოსწავლე თავისი დროის დიდ ნაწილს სკოლაში ატარებს, აქ იზრდება და ყალიბდება ის სულიერად და პიროვნულად. კლასის დამრიგებელმა უნდა შეძლოს, დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი თავის შეცნობაში, აღმოჩენაში და პიროვნებად ჩამოყალიბებაში. კიდევ უფრო იზრდება დამრიგებლის პასუხიმგებლობა, როდესაც შემოქმედებით მოსწავლეებთან უწევს მუშაობა, რადგან უფრო აქტიურდება „ჩარჩოებიდან გასვლის“, „ახალი შინაარსის“ შექმნის საჭიროება, ისეთი პირობების გამოწვევა, რომელიც ნიჭიერ მოსწავლეს შეუწყობს ხელს თავისი შესაძლებლობების გამოვლენაში, ტალანტის წარმოჩენაში, თვითრეალიზაციაში, პიროვნებად ფორმირებაში და საზოგადოებასთან ინტეგრირებაში.
შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებთან მუშაობისას კლასის დამრიგებელმა მთელი რიგი ამოცანები უნდა გადაწყვიტოს:
- ესაა საკუთარი კომპეტენტურობის შეფასება და შესაძლებლობა, მზაობა - გადაწყვიტოს ყველა წამოჭრილი პრობლემა და დაეხმაროს მოსწავლეს;
- მოსწავლის ინტელექტუალური და კრეატიული განვითარებისთვის ხელშეწყობა;
- მისი სულიერი სამყაროს წვდომა, ყოველ გამოძახილზე რეაგირება, ხელშეწყობა გარესამყაროსთან ადაპტაციაში;
- ზრუნვა მოსწავლის კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარებისთვის;
- მიზნის დასახვისა და მიღწევის, ჰიპოთეზის წამოჭრისა და შემოწმების, მტკიცებითი უნარების ფორმირებისთვის ხელშეწყობა;
- თვითშეფასების და რეფლექსიის უნარების ფორმირება.
მოსწავლის თვითრეალიზაციის მიღწევისთვის საჭიროა სასწავლო პროცესის ორგანიზების ფორმის, მეთოდებისა და მიდგომების შერჩევაც, თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულების პედაგოგებთან და მუდმივად თვალყურისდევნება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის. ამ მიმართებით, კლასის დამრიგებლის ორგანიზაციული მუშაობა რთული და მრვალმხრივია. ეს საქმიანობა შესაძლებელია რამდენიმე ეტაპად დაიყოს:
1. ეტაპი - კლასის დამრიგებელს გაუდვილდება მუშაობა, თუ ის დაგეგმვას შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებულ ბავშვებთან მუშაობას, შეიმუშავებს სათანადო ფორმებს და დავალებებს მათი წარმატებული საქმიანობისთვის. ამისთვის საჭიროა წინასწარი დიაგნოსტირება და შემოქმედებითი უნარების არეალის განსაზღვრა და სათანადო გეგმის პირობებში მათი განვითარებისთვის და ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობა.
დიაგნოსტიკა შესაძლებელია დაკვირვებით, ტესტირებით, შემოქმედებითი პროდუქტების ანალიზით, საუბრით. დამრიგებელს შეუძლია დიაგნოსტირებისთვის გამოიყენოს ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: წარმოსხვა, თვითმყოფადობა, სიახლის განცდა, ინტუიცია, ინიციატივიანობა, მიზანსწრაფვა, შრომისმოყვარეობა, შემოქმედებითი მიმართულება, რეფლექსია და თვითშეფასება. ამ მიზნით, კლასის დამრიგებელმა უნდა გამოიკვლიოს მოსწავლის შემოქმედებითი უნარები, მათი შინაარსი და მიმართულება, იქნება ეს სოციალური (ანუ გამოიყენებს სოციალური კომპეტენციების შკალას, ან სოციალური სიმწიფის შკალას, ლიდერის თვისებების ტესტს და სხვა), სულიერი (მორალური კრიტერიუმები), შემოქმედებითი (მუსიკა, ფერწერა, თეატრი და ა.შ.) თუ პრაქტიკული უნარები (საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების გამოკვეთა; უნარი, გამოიყენოს ეს ცოდნა) .
2. ეტაპი - კლასის დამრიგებლის აქტიური თანამშრობლობა პედაგოგ-ფსიქოლოგთან, რომელიც დაეხმარება მას დიაგონსტირებაში და მოსწავლეთა ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენაში, გამოავლენს მათ დამოკიდებულებას კლასელებთან, დამრიგებელთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან), ამით დამრიგებელს გაუადვილდება მუშაობა; ამავე დროს, პედაგოგი-ფსიქოლოგის დახმარებით უკეთესად განისაზღვრება მოსწავლის შემოქმედებითი უნარები, მისი სტიმულირებისა და მოტივაციის ხერხები.
3. ეტაპი - კლასის დამრიგებლის საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა სკოლის სპეციფიკასთან (შიდასასკოლო განაწესთან და აქტივობებთან);
4. ეტაპი - აქტიური თანამშრობლობა საგნის მასწავლებლებთან, რომელთა ხელშეწყობით ადვილად გამოვლინდებიან ასეთი მოსწავლეები და მათი უნარ-ჩვევები, შემოქმედებითობის ხარისხი, ინტერესები და ა.შ.
5. ეტაპი - მას შემდეგ, რაც გამოიკვეთება შემოქმედებითი მოსწავლის მიმართულებები, კლასის დამრიგებელი პარალელურად ყურადღებას ამახვილებს საგნობრივ კომპეტენციებზე, რაც დამატებითი სტიმული და კარგი მოტივატორი გახდება მოსწავლისთვის.
რაც შეეხება შემოქმედებით ბავშვებთან მუშაობის ფორმებს და მეთოდებს, ისინი ცხადია უნდა შეესაბამებოდეს ზოგადად სკოლის მოსწავლეებთან მუშაობის ფორმებს და მეთოდებს. მუშაობის პროცესში აქტიურად შეიძლება „გონებრივი იერიშის“ მრავალფეროვანი მიმართულებების გამოყენება, როლური თამაშები, კვლევით საქმიანობაზე გათვლილი დავალებები, სამეცნიერო-პრაქტიკული სამუშაოები, ფაკულტატური მეცადინეობები, კონკურსები, ინტელექტუალური თამაშები და ა.შ., რომლებიც მოსახერხებელია ბავშვებში დაფარული ნიჭების და უნარების გამოსავლენად. ეს საქმიანობა კლასის დამრიგებლის აღმზრდელობითი საქმიანობის ნაწილია და მის შესრულებაზე ზრუნვით ის პარალელურად ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებით წინსვლას, ცოდნის ამაღლებას და უნარების გაუმჯობესებას.
გასათვალისწინებელია, რომ ასეთ საქმიანობას მხარდაჭერის, დახმარების და თანადგომის ფორმა ჰქონდეს და არა _ ვალდებულებითი, მოსწავლე რომ არ დავაბრკოლოთ. და რაც მთავარია, უმჯობესი იქნება თუ მასწავლებლის საქმიანობის ზოგადი პრინციპი იქნება „ყველა ნიჭიერია“! ასეთი დამოკიდებულებით დამატებითი მოტივაცია წამოიწევს წინ და გააქტიურდება მათი შემოქმედებითი უნარები, კლასის დამრიგებლის ავტორიტეტი და ნდობა კი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს ამ წარმატების მიღწევაში.
მოსწავლეთა უნარების გამოსავლენად ძალიან სასრგებლო და ეფექტურია შემეცნებითი ხასიათის დავალებების გამოყენებაც, კონკრეტულად მუშაობის პროცესში კლასის დამრიგებლმა აქტიურად შეიძლება გამოიყენოს პედაგოგიური თანამშრომლობის თეორია, მაგალითად, „დიფერენცირებული სწავლის ტექნოლოგია და სწავლის ინდივიდუალიზაცია“; „სწავლის ჰუმანური ტექნოლოგია და განმავითარებელი სწავლის თეორია და ტექნოლოგია“ და სხვ, რომელშიც მკვეთრადაა გამოკვეთილი „სუბიექტი-სუბიექტის" („მოსწავლე-მასწავლებელი") ურთიერთობები. მასში მთავარია მოზრდილებისა და ბავშვების „ერთობლივი განვითარება" და ურთიერთგაგება, მოსწავლესა და პედაგოგს შორის მიმდინარე დიალოგი და აზრთა ურთიერთგაცვლა, რაც ზოგადად სამუშაო გეგმის განხორციელებაში აქტიურად დაეხარება კლასის დამრიგებელს.
სასკოლო გარემოს სწორი ორგანიზებით და კლასის დამრიგებლის აქტიური მოღვაწეობით მოსწავლეთა შემოქმედებითობის განვითარება სავსებით შესაძლებელია, კლასის დამრგებლის როლი და მნიშვნელობა კი - შეუცვლელი.