რა ჩანს მაღლიდან?
ნელ-ნელა ივსება თვითმფრინავის სალონი. სტიუარდესები სასიამოვნო ღიმილს არ იშურებენ მგზავრებისთვის. ცოტაც, და ცაში ავიჭრებით. ისევ მოუსვენარი შფოთვა მავსებს და მღელვარება წუთებთან ერთად ებრძვის მოლოდინს. აჰა, ნაცნობი ბიძგიც და მიწას მოვწყდით. როცა ყოფნა-არყოფნის შიში ისევ ჩაძვრება ცნობიერიდან ქვეცნობიერში, როცა მიწიერი საზრუნავი სადღაც ქვევით დარჩება, გრძნობ, რომ ახლა სულ სხვა ჯგუფის წევრი ხარ, უხილავი ძაფები იბმება დანარჩენ მგზავრებს შორის და უპირობოდ ენდობი საჰაერო ხომალდის მეთაურს. სხეულის ყველა უჯრედი, უძრავი და მტკიცე ძვლოვანი უჯრედებიდან უაღრესად მგრძნობიარე და ფხიზელ ნეირონებამდე, მინდობილია მფრინავის გამოცდილებას. მან უნდა დაძლიოს ყველა დაბრკოლება, უსწრაფესად გაერკვეს ათობით მოციმციმე ხელსაწყოს ჩვენებაში, მიიღოს სწორი და ერთადერთი გადაწყვეტილება, მიაღწიოს მიზანს და მეხსიერებაში კიდევ ერთი ამოცანის პასუხი შეინახოს.