ჰანს ქრისტიან ანდერსენის მოთხრობის უიშვიათესი ილუსტრაცია აუქციონზე გაიყიდა
დანიელი ილუსტრატორის, კაი ნილსენის მიერ აკვარელით შესრულებული ნახატი 32 000 ევროდ შეფასდა.
ჰანს ქრისტიან ანდერსენის ერთ-ერთი ზღაპრის აკვარელით შესრულებული ჩინებული ილუსტრაცია ამერიკელმა კოლექციონერმა 32 000 ევროდ შეიძინა. ილუსტრაციაზე გამოსახულია ბულბული, რომელიც ჩინეთის იმპერატორს უგალობს.
სურათი 1923 წელს დახატა გამოჩენილმა დანიელმა ილუსტრატორმა კაი ნილსენმა ჰანს ქრისტიან ანდერსენის კრებულში შესული მოთხრობა „ბულბულის“ დასასურათებლად (გამომცემლობა „ჰოდერი და სტოუტონი, 1924წ.). ნილსენმა ძმები გრიმების ზღაპრების დასურათებით გაითქვა სახელი, თუმცა 1957 წელს სიღარიბეში გარდაიცვალა. მის ნამუშევრებს დომინიკ უინტერის აუქციონის წარმომადგენელი ქრის ალბური „საუცხოოს“ უწოდებს. თავად აუქციონის ორგანიზატორი დომინიკ უინტერი ნილსენს, რომელიც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა, წიგნის დიზაინისა და დასურათების ოქროს ხანის წარმომადგენელ ერთ-ერთ უდიდეს ილუსტრატორად მიიჩნევდა.
„ნილსენის მიერ აკვარელით შესრულებული ზღაპრების ილუსტრაციები ბაზარზე იშვიათად ჩნდება და ეს ნამუშევარი უკანასკნელ წლებში გაყიდულთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა, - განაცხადა ალბურიმ. - ნახევრად გამჭვირვალე, ფაქიზი ფერები ჩინური გავლენითაა გაჟღენთილი. დაუჯერებელია, რომ ნილსენი სიღარიბეში გარდაიცვალა. როგორც ხშირად ხდება, სიკვდილის შემდგომ მსოფლიო აღიარება ძალიან დაგვიანებული იყო სიცოცხლეში მშიერი ხელოვანის გამოსაკვებად“.
ნახატი ასახავს მდინარის პირას, ტირიფის ქვეშ მდგომ ჩინელ გოგონას, რომელიც ბულბულის გალობას უსმენს. სავარაუდოდ, ეს არის ანდერსენის მოთხრობის გმირი, მზარეული გოგონა, რომელიც ჩინეთის იმპერატორის მსახურებს ხესთან მიიყვანს იმ ფრინველის საჩვენებლად, რომლის მოსმენაც ასე ძლიერ სურს იმპერატორს.
„ძალიან კარგად ვიცი, რომ მას ნამდვილად შეუძლია სიმღერა!“, - ამბობს პერსონაჟი მოთხრობაში, რომელიც 1843 წელს გამოიცა. - ყოველ საღამოს ავადმყოფი დედაჩემისთვის საჭმლის ნარჩენების მოსატანად მიდივარ სასახლეში. ბულბული ნაპირთან ბუდობს და ხშირად მესმის მისი გალობა, როცა დაღლილი ვბრუნდები და ტყეში ვისვენებ. ყოველთვის ცრემლი მერევა და ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს დედაჩემი მკოცნის“.
იმპერატორი განაცხადებს, რომ მექანიკური ფრინველის გალობის მოსმენა ურჩევნია და ბულბულს გააძევებს. როდესაც ქვეყნის მმართველი სიკვდილის პირასაა, ხოლო მექანიკური ფრინველი გაფუჭებულია, ნამდვილი ბულბული იწყებს გალობას და იმპერატორი გამოჯანმრთელდება.
„ამ დროს ფანჯრიდან საუცხოო გალობა მოისმა. პატარა ბულბული გარეთ, ხის ტოტზე ჩამომჯდარიყო და მღეროდა. როცა იმპერატორის გასაჭირის შესახებ გაიგო, მოფრინდა და უგალობდა, რომ დაემშვიდებინა და იმედი მიეცა. თანდათან გარშემო ყველაფერი ბნელმა მოიცვა. იმპერატორის დაუძლურებულ სხეულში სისხლი სწრაფად ამოძრავდა, თავად სიკვდილიც კი უსმენდა და ამბობდა: „- იმღერე, პაწაწინა ბულბულო, იმღერე!“
როგორც დომინიკ უინტერმა აღნიშნა, მოთხრობა, სავარაუდოდ, ოპერის მომღერალ ჯენი ლინდის მიმართ ანდერსენის ცალმხრივი სიყვარულითაა შთაგონებული. თავად ანდერსენი ახალგაზრდობაში „ფიუნის ბულბულის“ სახელით იყო ცნობილი. ეს ყველაფერი სურათის შინაარსს უფრო აღრმავებს.