მარსი - მითებიდან სინამდვილემდე და პირიქით
წითელი პლანეტა, როგორც მას უწოდებენ, ოდითგანვე წარმოადგენდა ადამის მოდგმის გაკვირვებისა და დაკვირვების საგანს. უძველეს ხანაში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დედამიწელთა ცივილიზაციები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ქრისტესშობამდე რამოდენიმე ათასი წლის წინ, ღამეულ ცაზე მთვარისა და ვარსკვლავების გვერდით, ადამიანთათვის შიშისმომგვრელი და ავისმომასწავებელი იყო იქ სისხლივით წითელი წერტილის აკიაფება. მისანთათვის და ხალხისთვის მისი გამოჩენა ცაზე ომისა და უბედურების ნიშანი იყო, სწორედ ამიტომ უწოდეს მას ომის ღმერთის სახელი. ბერძნებმა არესი და შემდეგომ რომაელებმა - მარსი. ეს მისტიური, წითლად მოკაშკაშე ობიექტი ძველი ეგვიპტელი, ბაბილონელი, ბერძენი, ჩინელი და ინდოელი სწავლულების ერთნაირ ცხოველ ინტერესს იწვევდა, მას მუდამ უთვალთვალებდნენ და ცდილობდნენ ყველაფერი გაეგოთ მის შესახებ. თითოეულმა მათგანმა თავისი აღმოჩენა გააკეთა. ყოველგვარი ტელესკოპებისა და აღჭურვილობის გარეშე მათ გამოთვლილი ჰქონდათ მისი მდებარეობა, მოძრაობის მიმართულება და კანონზომიერება; ასე განსაჯეთ - ბაბილონელებმა ისიც კი ზუსტად იცოდნენ წელიწადის რომელ დღეებში და ცის რომელ ადგილას გამოჩნდებოდა იგი. შემდგომ პერიოდში მარსზე დაკვირვებას აწარმოებდნენ ისეთი გამოჩენილი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ არისტოტელე და პტოლემე. ძველი ინდური ასტრონომიული ტრაქტატის, სურია სიდჰანტას (მზის დოქტრინა) ფურცლებზე მისი მიახლოებითი დიამეტრის გამოთვლაც მოახერხეს შეუიარაღებელი თვალით.
მეჩვიდმეტე საუკუნეში ასტრონომიაში ფუნდამენტური აღმოჩენები გაკეთდა და ყველა სხვასთან ერთად მარსის შესახებაც უფრო და უფრო მეტი მნიშვნელოვანი ცნობა მივიღეთ დანიელი ტიჰო ბრაჰეს, გერმანელი იოჰანეს კეპლერის, მისი თანამემამულე მიხაელ მიოსტლინის, იტალიელი ჯოვანი დომენიკო კასინისა და ჰოლანდიელი კრისტიან ჰიიგენსის წყალობით, უკვე მოხერხდა დედამიწასა და მარსს შორის არსებული მანძილის გამოთვლა და მარსის პირველი რუკის შექმნა, თუმცა სულ პირველი ადამიანი, ვინც კაცობრიობის ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილა და ის ახლოდან, ტელესკოპის საშუალებით იხილა, თვით სახელგანთქმული გალილეო გალილეი გახლდათ. მაგრამ ადამიანთა შიში და წარმოდგენები მარსის მიმართ, არც ამას შეუცვლია, პირიქით, მის ზედაპირზე დანახული უზარმაზარი არხები კიდევ უფრო მეტად ხვევდა მითების ბურსში მას. XIX საუკუნის მიწურულს ბევრი ვარაუდობდა, რომ ეს არხები უცხო ცივილიზაციების აგებული იყო და დიდი მითქმა-მოთქმის საგანს წარმოადგენდა - მშვიდობისა თუ ომის მოყვარენი იყვნენ მარსელები და წარმოადგენდნენ თუ არა ისინი საფრთხეს დედამიწის მცხოვრებთათვის?
მას შემდეგ, მოყოლებული დღემდე, როგორც ცოდნის, ისევე ტექნოლოგიების თვალსაზრისით დედამიწელები იმდენად განვითარდნენ, რომ ყველაფრის ჩამოთვლას რაც მარსის შესახებ უკვე ცნობილია მრავალი ტომი არ ეყოფა, ამიტომ აქ მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ფაქტზე შევჩერდებით და ასევე გავიხედებით წინ - რა იქნება მომავალში?
მანძილი დედამიწიდან მზემდე დაახლოებით 150 მილიონი კილომეტრია, ხოლო მარსიდან მზემდე 228.5 მილიონი.
დედამიწა მზის გარშემო წამში 29.77 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს, მარსი: 23.33-ით.
დედამიწის დიამეტრი 12 755 კილომეტრია, მარსის: 6791.
დედამიწის ღერძის დახრილობა 23.5 გრადუსია, მარსის: 25.
დედამიწაზე წელიწადის ხანგრძლივობა 365 დღეს შეადგენს, მარსზე 687-ს.
დღე-ღამე მარსზე 41 წუთით უფრო გრძელია, ვიდრე დედამიწაზე.
დედამიწაზე მიზიდულობის ძალა 2.66-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მარსზე.
დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა +14-ია, მარსზე -63.
დედამიწის ატმოსფერო ძირითადად აზოტისა (78%) და ჟანგბადისგან (21%) შედგება, ხოლო მარსის ატმოსფეროს 96%-ს ნახშირბადის დიოქსიდი (ნახშირორჟანგი) წარმოადგენს.
მარსს ორი მთვარე აქვს, განსხვავებით დედამიწისგან.
ამჟამად მეცნიერთა კვლევის მიზანს ძირითადად იმის დადგენა შეადგენს, არის თუ არა მარსზე სიცოცხლე, ამის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ, თუმცა ფაქტია, მარსი სულაც არ გახლავთ ისეთი სტუმართმოყვარე პლანეტა, როგორიც მშობლიური დედამიწაა; მომაკვდინებელი რადიაცია, მშრალი, უნაყოფო მიწა, ყინული, 20-25 კილომეტრის სიმაღლის კლდეები, 7-8 კილომეტრის სიღრმის კანიონები, ქვები და სიცივე, ყოველგვარი ცოცხალი არსების გარეშე. ეს არის ის, რაც მარსზე დახვდება მასზე მოხვედრილ ნებისმიერ სტუმარს.
გარდა იმ სკრუპულოზური დაკვირვებებისა, რასაც დედამიწიდან და კოსმოსური თანამგზავრებიდან აწარმოებენ მეცნიერები, აშშ-დან, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, ევროპიდან და ინდოეთიდან მარსზე გაშვებულია 12 ორბიტალური აპარატი, რომელიც ორბიტიდან აკვირდება წითელ პლანეტას და შვიდი ე.წ. მარსმავალი ანუ ავტომატური პლანეტთშორისი სადგური, რომელიც უშუალოდ მარსის ზედაპირზე იმყოფება და ისე იკვლევს მას. პირველი მცდელობები, მიეღწიათ მარსამდე, ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც საბჭოთა კავშირმა 1960-1962 წლებში ზედიზედ 5-ჯერ განიცადა კრახი, ამას მოყვა კიდევ ერთი მარცხი 1964 წელს, იმავე წელს კი ამერიკულმა ნასამ პირველად სცადა იგივე, გაუშვა რა ორი ხომალდი მარინერ-3 და მარინერ-4 და ამ უკანასკნელის მცდელობა წარმატებულიც აღმოჩნდა. მარინერ 4-მა 1965 წლის 15 ივლისს მიაღწია მარსს ყველაზე ახლო მანძილზე, გადაუღო მის ზედაპირს ფოტოები და გამოაგზავნა დედამიწაზე. ეს იყო პირველი ფოტოები რაც კი სხვა პლანეტისთვის გადაუღიათ კოსმოსიდან, მასზე აღბეჭდილმა კრატერებმა და მკვდარმა სამყარომ, მნიშვნელოვნად შეცვალა სამეცნიერო საზოგადოების შეხედულებები მარსზე სიცოცხლის არსებობასთან დაკავშირებით. სხვათა შორის ვერც საბჭოთა კავშირმა და ვერც მისმა სამართალმემკვიდრე როსკოსმოსმა, დღემდე ვერ შეძლო ვერცერთი სრულად წარმატებული მისიის განხორციელება (მათ შორის უკანასკნელად 2011 წელს), მათი უმეტესეობა ან დედამიწის ორბიტაშივე განიცდიდა მარცხს ან მარსის ორბიტასთან მიახლოებისას. ერთადერთი ნაწილობრივ წარმატებული მისია, თუმცა პირველი, რომელმაც მოახერხა უშუალოდ მარსის ზედაპირზე დაჯდომა, იყო 1971 წელს, როდესაც ორმა იდენტურმა აპარატმა მარსი-2-მა და მარსი 3-მა მოახერხა უშუალოდ მარსის ზედაპირისთვის მიეღწია. ამათგან მარსი-2 დაჯდომისას დაზიანდა, მარსი 3-მა კი ეს წარმატებით მოახერხა, მაგრამ დაჯდომიდან 14.5 წამში მასთან კავშირი დაიკარგა. ამასობაში 1969 წელს ნასას კიდევ ორმა ხომალდმა, მარინერ-6-მა და მარინერ-7-მა შეძლეს მარსთან მიახლოება, ხოლო იმავე 1971 წელს მარინერ-9 გახდა პირველი ხომალდი, რომელმაც მოახერხა წითელი პლანეტის ორბიტაზე დამაგრება და ამგვარად კიდევ უფრო უკეთესი კვლევების წარმოება. ფუნდამენტური გარღვევა მოხდა 1976 წელს, როცა 10 თვის წინ გაშვებულმა ნასას ორმა მისიამ, ვიკინგ-1-მა და ვიკინგ-2-მა, ერთდროულად მიაღწიეს მარსს, დამაგრდნენ ორბიტაზე და პლანეტის ზედაპირზე გაუშვეს იგივე დასახელებების მქონე ორი აპარატი, რომლებმაც ეს მშვიდობით მოახერხეს და ფასდაუდებელი კვლევები აწარმოეს ათწლეულების მანძილზე. ვიკინგ-1 და ვიკინგ-2 იყო ყველაზე ხანგრძლივი მისები რაც კი ოდესმე მარსზე განხორციელებულა და დასრულდა 2010 წელს. ამჟამად მარსის ორბიტაზე 6 ორბიტალური აპარატი იმყოფება: ნასას მიერ 2001 წელს გაშვებული მარს ოდისეი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მარს ექსპრესი (2003 წლიდან), ნასას MRO (2005წ.) და კიდევ ორი აპარატი, რომლებმაც შარშან მიაღწიეს მარსის ორბიტას, ინდოეთის კოსმოსური კვლევების ორგანიზაციის მანგალიანი (იგივე Mars Orbiter Mission) და ნასას MAVEN-ი. უშუალოდ მარსის ზედაპირზე იმყოფებიან თვითმავალი ავტომატური საკვლევი აპარატები : ოპორტუნიტი (ნასა. 2004 წლიდან),რომელსაც ექსპლუატაციის ვადა წელს ეწურება და კურიოსიტი (ნასა. 2011 წლიდან) და ერთი ავტომატური საბაზო კვლევითი ხომალდი-სადგური ფინიქსი (ნასა.2008).
ყველა ამ აპარატს სხვადასხვა დავალებებთან და ფუნქციებთან ერთად, როგორიცაა მარსის ატმოსფეროს, რელიეფის, კლიმატის და ა.შ. შესწავლა ერთი ძირითადი მიზანი აქვთ, როგორმე მიაკვლიონ მარსზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის ნიშანს; თუმცა ადრეული საუკუნეებისგან განსხვავებით, ამ მიზანს მოტივად არც მისტიკა უდევს და არც მითები, ეს უკვე რაციონალური მიზნებითაა განპირობებული: ჯერ ერთი, რომ ის ვენერას შემდეგ ყველაზე ახლოსაა დედამიწასთან, თუმცა ვენერა ჯერ კიდევ გეოლოგიურად აქტიური ანუ ჩამოუყალიბებელია, მუდმივი ვულკანური ამოფრქვევებითა და მიწისძვრებით, თანაც მზის სისტემაში ყველაზე ცხელი პლანეტაა, მის ზედაპირზე +462 გრადუსია საშუალო ტემპერატურა და გარს გოგირდმჟავას გარსი აქვს შემოჯარული. მარსის ღერძის დახრილობა ყველაზე მეტად წააგავს დედამიწისას, მოკლედ, გაცილებით ადვილად მიღწევადი და შეღწევადია სხვა პლანეტებთან შედარებით. ოდესღაც დედამიწაზე ამოიწურება რესურსები და მის მცხოვრებთ შესაძლოა დასჭირდეთ ალტერნატიული მდებარეობა, რომლის საშუალებითაც ამ რესურსების ამოწურვას გადაავადებენ. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ მარსის ზედაპირზე, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ორი ყინულოვანი პოლუსი, არ არსებობს და ვერც იარსებებს წყალი თხევად მდგომარეობაში, ვინაიდან იქ ძალიან დაბალი ატმოსფერული წნევაა, 100-ჯერ უფრო დაბალი, ვიდრე დედამიწაზე, ხოლო პლანეტის საშუალო ტემპერატურა - 63 გრადუსს შეადგენს. წყალი და სითბო კი მოგეხსენებათ სიცოცხლის მთავარ წყაროს წარმოადგენენ. გარდა ამისა, მარსს, დედამიწისგან განსხვავებით არ გააჩნია მაგნიტური ველი, რომელიც დაიცავს მას მზისა და კოსმოსური რადიაციებისგან, სწორედ ამ მიზეზით მარსზე რადიაციის დონე 100-ჯერ მაღალია, ვიდრე დედამიწაზე, მეცნიერთა კვლევებით კი გამოსხივების ეს დოზა საკმარისია იმისათვის, რომ თვით ყველაზე ძლიერი ცოცხალი უჯრედიც კი დაიღუპოს მარსის ზედაპირიდან რამდენიმე მეტრის სიღრმის ჩათვლით. ერთი სიტყვით, ამჟამად არსებული მონაცემების საფუძველზე: წითელ პლანეტაზე სიცოცხლე არ არის, არც პრაქტიკულად და არც თეორიულად. მეცნიერთა კვლევის ძირითად მიმართულებას მარსის ზედაპირზე გაშვებული თვითმავლების მიერ აღმოჩენილი მინერალების ნიმუშების კვლევა წარმოადგენს და მათში არსებული ამა თუ იმ ნივთიერების მეათედი პროცენტით პოვნის შემთხვევაშიც კი, სხვადასხვა ჰიპოთეზის აგება, რა პირობებში შეიძლება წარმოშობილიყო ეს ნივთიერება იქ და რომელიმე მიკროორგანიზმი თუ შეძლებდა იმ პირობებში არსებობას. არსებობენ უფრო ოპტიმისტი და გამბედავი მეცნიერები, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ მარსის სიღრმეში შესაძლოა არსებობდეს გამოქვაბულები, სადაც წყალი თხევად მდგომარეობაშია და სიცოცხლის სხვადასხვა უცნაური ფორმები გვხვდებოდეს. ამ ვერსიის სრულად გამორიცხვა არ შეიძლება, ვინაიდან სიცოხლის ასეთი ფორმები დედმიწაზეც მრავლადაა, თუმცა ჰიპოთეზის იქით ეს ვერსია არასოდეს წასულა.
ალბათ შორს არ არის ის დღეც, როდესაც პირველი ადამიანი დადგამს ფეხს მარსზე. პრინციპში, აშშ-ში ამისი პროექტი უკვე არსებობს და თვით პრეზიდენტ არაკ ობამასთანაც იყო ოფიციალურად განხილული, რომელიც დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ამ წამოწყებას: მათი გაანგარიშებით 2030-იანი წლებისთვის უკვე შესაძლებელი იქნებოდა მულტი-ფუნქციური საჰაერო მანქანის დამზადება, რომელიც ოთხკაციანი ეკიპაჟით დაკომპლექტდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში პროექტი გადაიდო გაურკვეველი ვადით, მისი არანორმალურად მაღალი ბიუჯეტის, 9 მილიარდი აშშ დოლარის გამო. აგრეთვე არსებობს ორი ალტერნატიული პროექტი, ერთი ექსცენტრიული ამერიკელი მულტიმილიონერის, დენის ტიტოს „ინსპირაცია“ და მეორე ჰოლადნიელების, ბას ლანდსდორპის და არნო ვილდერსის „მარს ერთი“, ორივე მათგანი აგროვებს მოხალისეებს მარსზე პირველი დასახლების შესაქმნელად, და აქტიურად წვრთნიან მათ. თუმცა ჯერჯერობით არცერთი ოფიციალური სამეცნიერო ორგანიზაცია მათ როგორც ტექნიკურ, ასევე ფინანსურ გაანგარიშებებს არ ცნობს და უტოპიურად მიიჩნევს. არადა, ამ მისიათა მოხალისეები მზად არიან „უკან დასაბრუნებელი ბილეთების“ გარეშე გაემგზავრონ იქ და მეტიც, საკმაოდ სოლიდურ თანხებსაც იხდიან ამ მისიაში მოსახვედრად.
შეჯამებისთვის უნდა ვთქვათ, რომ ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება გვაძლევს საშუალებას უფრო და უფრო შემჭიდროვებულ ვადებში ლამის გეომეტრიული პროგრესიით მზარდი ინფორმაცია მივიღოთ ერთ დროს მიუწვდომელი და ამოუცნობი პლანეტის შესახებ, რომელიც ერთდროულად შიშის ზარს სცემდა ადამიანებს და თან იზიდავდა.