16-წლამდელების მე-3 ადგილი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე სათამაშოდ იმყოფებოდა. ტურნირში 7 ნაკრები მონაწილეობდა, რომლებიც 2 ქვეჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. საქართველო „ბ“ ჯგუფშია ბულგარეთისა და რუმინეთის მეორე ნაკრებთან. „ა“ ჯგუფში კი თავი თურქეთმა, კვიპროსმა, უნგრეთმა და რუმინეთის პირველმა ნაკრებმა მოიყარეს.
ჩვენი ნაკრებისთვის რუმინეთის სართაშორისო ტურნირის – „ბალკანეთის მომავალი ვარსკვლავი“ – პირველი მატჩის მეტოქე ბულგარეთის ნაკრები იყო, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში – 63:67 დამარცხდა.
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრები ბოლო წუთებზე დამარცხდა. 63:63 ანგარიშზე ქართველებმა დასანანი ბურთები დაკარგეს და მოგების შანსი დაკარგეს. არადა, ტუღუშის გუნდმა პირველი მეოთხედი 22:17 მოიგო და თითქმის მთელი პირველი ნახევარი ლიდერობდა, თუმცა ბულგარელთა ტანმაღალი ცენტრის, ცვეტომირ ჩერნოკოჟევის აქტიურობით ბულგარელებმა ლიდერობა მოიპოვეს.
მესამე პერიოდში ქართველებმა მოახერხეს ანგარიშის თანაბარ კალაპოტში დაბრუნება და როგორც გითხარით, ბოლო წუთზე დაშვებული შეცდომების გამო შეხვედრა დათმეს. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო კლუბ „იბერის“ წევრი ირაკლი სულხანიშვილი, რომელიც თანაგუნდელებზე ერთი წლით პატარაა, მაგრამ გამორჩეული მონაცემების გამო 16-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს.
სულხანიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32 წუთში 28 ქულა დააგროვა. 20 ქულა და 6 ჩაჭრა მიითვალა ოთარ პერტაიამ. ბულგარელებს ზემოთხსენებულმა ჩერნოკოჟევმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.
17 დეკემბერი
საქართველო 64:67 ბულგარეთი
ჩვენიანებმა მეორე შეხვედრა მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ. კოტე ტუღუშის, გიორგი ნიკოლაძისა და ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რუმინეთის მეორე ნაკრებს გამანადგურებელი სხვაობით – 91:42 სძლია და სამგუნდიანი ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა.
ქართველებმა მასპინძლებს საქმე პირველივე ტაიმში მოუთავეს. საწყისი პერიოდი ტუღუშის გუნდმა 29:8 მოიგო, მეორეში კი 22:9 იმარჯვა და დიდ შესვენებაზე 35-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმში მწვრთნელებმა თავის გამოჩენის საშუალება სათადარიგო მოთამაშეებსაც მისცეს და საბოლოოდ იოლ გამარჯვებას მიაღწიეს.
ქართველთაგან ყველაზე მეტი, 22 წუთი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა, ირაკლი სულხანიშვილმა ითამაშა, რომელმაც 9 ქულა ჩააგდო ბულგარეთთან 63:67 წაგებულ მატჩში კი 28 ქულით გამოირჩა. რუმინეთთან მატჩის ბომბარდირი 26 ქულით ოთარ პერტაია გახდა, 16 ქულა მიითვალა კახა ჟღენტმა, ხოლო დავით ჟღენტის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.
ჩვენებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და მომდევნო დღეს პირველი ჯგუფის გამარჯვებულ თურქეთს შეხვდნენ.
საერთაშორისო ტურნირი. ბუქარესტი. რუმინეთი. 19 დეკემბერი
რუმინეთი 42:91 საქართველო (18:29, 9:22, 12:22, 13:18)
მატჩის შემდეგ რუმინეთში დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ კოტე ტუღუშს:
„მივულოცავ ჩვენს გუნდს საერთაშორისო ასპარეზზე პირველ გამარჯვებას. მართალია, დღევანდელი მეტოქე სუსტი იყო, თუმცა გამოცდილების მისაღებად და მომავალისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ხვალ ტურნირის უდავოდ გამორჩეულ, თურქეთის ნაკრებს ვხვდებით. ეს ის გუნდია, გასულ ზაფხულს თბილისში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე რომ ითამაშა. თურქებს მეტი გამოცდილება აქვთ და სიმაღლეშიც პრობლემას არ განიცდიან. მათთან დაპირისპირებაში ჩვენი ბიჭები დიდ გამოცდილებას მიიღებენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წასაგებად გავალთ თამაშზე. ჩვენი გუნდი მაქსიმუმს ეცდება და ძლიერ მეტოქეს ღირსეულად შეებრძოლება“.
ქართველმა ბიჭებმა ნახევარფინალური მატჩი თურქეთთან წააგეს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქართველებმა ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის წევრთან ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ წარმატების შანსი არ ჰქონიათ.
შეხვედრა თურქებმა 29 ქულით - 87:58 მოიგეს (29:13:, 18:11, 20:20, 20:14). ქართველებმა ტოლ-სწორად თურქებს მეორე ტაიმში ეთამაშეს, თუმცა პირველ ნახევარში სხვაობა დიდი იყო და საბოლოოდ დიდი ანგარიშითაც დავმარცხდით. საქართველოს ნაკრებში 23 ქულით საუკეთესო შედეგი ოთარ პერტაიას ჰქონდა. მეორე ქართველი კალათბურთელი, რომელიც 10-ქულიან ზღვარს ასცდა, საბა გეგუჩაძე იყო 11 ქულით. კახა ჟღენტმა შეხვედრა 8 ქულით დაასრულა, 6 ქულა ჰქონდა ირაკლი სულხანიშვილს.
საქართველოს ნაკრებმა ბუქარესტის ტურნირზე ბოლო, მე-3 ადგილისთვის მატჩი 21 დეკემბერს გამართა. ქართველებმა რევანშის შანსი და ბულგარელებს 78:69 სძლიეს. ჩვენებმა პირველი პერიოდი 25:17 მოიგეს, მეორეში კი 21:10 იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის სოლიდური უპირატესობით გავიდნენ - 46:27.
მეორე ტაიმში ბულგარელებმა ჩამორჩენის მხოლოდ შემცირება შეძლეს, თუმცა წარმატების იმედი ქართველების გამართულმა თამაშმა გადაუწურა. ჩვენს ნაკრებს ოთარ პერტაია წინამძღოლობდა, რომელმაც საბოლოოდ თავი 31 ქულას მოუყარა. მასთან ერთად ქართველების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო ირაკლი სულხანიშვილმა, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა დაგროვდა. ბულგარელებს ვერ უშველა ქვეყნის ყველაზე პერსპექტიულმა მოთამაშემ, ტანმაღალმა ცვეტომირ ჩერნოკოჟევმა, რომლის 22 ქულა და 15 მოხსნა გასამარჯვებმად საკმარისი არ აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრებმა უნგრული ტურნირი 2 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა და თბილისში დღეს, 22 დეკემბერს დაბრუნდება.
საქართველო 78:69 ბულგარეთი (25:17, 21:10, 13:23, 19:19).