ევროპისკენ!
2015 წელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენით სრულდება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე. როგორც ცნობილია, 18 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ საბოლოო, ისტორიული ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დასრულდა. ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმე თვეში საშუალება ექნებათ უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ ევროკავშირის/შენგენის ზონაში. აღსანიშნავია, რომ ახლა საქართველო გადადის ევროპასთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე, რომელიც მეტად საპასუხისმგებლოა, ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ კონკრეტულად რას გულისხმობს უვიზო რეჟიმი და რა წესების შესრულება მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს.
პირველ რიგში, უნდა განმარტოთ, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არ ვრცელდება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გრძელვადიან ვიზიტებზე და რასაკვირველია არ გულისხმობს მუშაობის უფლებასაც. მსგავსი სახის მოგზაურობაზე საჭირო იქნება შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს ვიზა. უვიზო მიმოსვლით სარგებლობა შეეძლებათ ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს 180 დღიან ვადაში 90 დღით. სასაზღვრო პუნქტებთან მგზავრებს შესაძლოა დასჭირდეთ შემდეგი დოკუმენტაცია: მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი, დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა და სასტუმროს ჯავშანი.
თუმცა, ევროპაში უვიზოდ მიმოსვლით სარგებლობის წესების ამოქმედებამდე მნიშვნელოვანი პროცედურული საკითხებია გადასაწყვეტი. ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომისია 2016 წლის დასაწყისში მიმართავს რეკომენდაციით მინისტრთა საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭების შესახებ. საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, როდესაც ევროკომისიის ანგარიშით გათვალისწინებული პროცედურები დასრულდება.
საქართველოსა და ევროპას მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორია გააჩნია, მაგრამ ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზაზე XIX საუკუნეში რუსეთი გადაგვეღობა და 70 წლის განმავლობაში ჩვენი გზა მხოლოდ მოსკოვში მიდიოდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი, საქართველოს სახელმწიფო ნელი, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიიწევს ევროპისკენ და საკამათო არაა (ყოველ შემთხვევაში, მინდა, რომ არ იყოს), რომ ევროინტეგრაციის პროცესში ევროკომისიის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროპულ სივრცეს, საიდანაც ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, ხელოვნურად ჩამოგვაშორეს და სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია. წარმატების მიუხედავად, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროპისკენ მიმავალი გზა მაინც ძალიან რთული იქნება, ამიტომ საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გაიაზროს მისი პასუხისმგებლობა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი...“