საბავშვო პოეზიის კონკურსი „ბუკნაჭო“
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ერთი საინიციატივო ჯგუფის განცხადება გამოჩნდა, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებელს პროექტის მხარდაჭერას სთხოვდა. პროექტი მართლაც საინტერესო და საჭირო იყო და, რა თქმა უნდა, დაფინანსების მისაღებად ხმების საჭირო რაოდენობაც მოაგროვა. ასე დაიბადა საბავშვო პოეზიის კონკურსი „ბუკნაჭო“. დღეს, საქართველოში, სამწუხაროდ, ბავშვებისათვის შექმნილი ნაწარმოებების კონკურსები იშვიათად ტარდება. „ბუკნაჭოს“ არსებობა ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, ბევრი ლამაზი, სახალისო ლექსი შექმნას და გაამდიდროს საბავშვო პოეზია.
იდეის ავტორი და ორგანიზატორი ლიკა ჭელიძეა, თანაავტორები ლაშა ბიბიჩაძე, ედუარდ უგულავა და მაიკო მიქაია. სახელწოდება „ბუკნაჭო“ კონკურსს ედუარდ უგულავამ შეურჩია და თანაავტორების მხრიდან დიდი მოწონებაც დაიმსახურა, რადგან ბუკნაჭო პატარა ბუა, ამასთანავე, ეს ფრინველი სიბრძნის სიმბოლოცაა.
ფინალურ კონკურსამდე ორგანიზატორებმა რთული, მაგრამ სასიამოვნო გზა გაიარეს. იყო გათენებული ღამეები, შრომა, ამ რთულ გზაზე მათი სტიმული და მოტივაცია ბავშვურ, ლაღ და ხალას სამყაროში მოგზაურობა და სიახლეების აღმოჩენა იყო. კონკურსმა გამოცხადებისთანავე დიდი დაინტერესება გამოიწვია არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ მყოფ ქართველებშიც. აქედან გამომდინარე, კონკურსანტებს შორის იყო რამდენიმე ემიგრანტიც.
ორგანიზატორებმა ელექტრონული ფოსტით 93 ლექსი მიიღეს, ლექსები ჟიურის გადაეგზავნა, რომლის წევრები იყვნენ პოეტები: მაიკო მიქაია, ედუარდ უგულავა, თემურ ჩალაბაშვილი და ლიტერატურათმცოდნე თამარ ბარბაქაძე. ლექსები 100 ქულიანი სისტემით შეფასდა. გამოვლინდა უმაღლესი ქულების მქონე 15 ფინალისტი, აქედან შეირჩა 3 საპრიზო ადგილის მფლობელი.
კონკურსის გამარჯვებულები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოავლინეს. ამ დღეს ლექსებს ავტორების ნაცვლად, სხვადასხვა სკოლაში შერჩეული, თეატრალური და მხატვრული კითხვის ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები კითხულობდნენ.
წლის „ბუკნაჭო“ და პირველი ადგილის მფლობელი გახდა გივი ჩიღვინაძე ლექსით „ჩვენი ტყის ბიბლიოთეკა“. გამარჯვებულს კონკურსის სიმბოლო, ბუს ქანდაკება და ფულადი პრემია გადაეცა. მეორე ადგილის მფლობელად დასახელდა ირმა მალაციძე ლექსით „ხილთა (თავის) ქება“, მესამე ადგილი ნინო ქოქოსაძის ლექსმა „ბუკნაჭომ“ დაიკავა.
„კონკურსში იმდენი კარგი პოეტი მონაწილეობდა, რომ პირველ ადგილზე გასვლა არც მიფიქრია. თუმცა მინდოდა, სამეულში შევსულიყავი. მადლობა „ბუკნაჭოს“ ამ სიხარულისა და დაფასებისთვის. წარმატებას ვუსურვებ ამ კონკურსს“. - განაცხადა კონკურსის გამარჯვებულმა.
კონკურსის ფარგლებში დაიბეჭდა საბავშვო ლექსების კრებული, რომელიც საჩუქრად გადაეცათ ავტორებს, ბიბლიოთეკებს, სკოლებს და სხვა საჯარო დაწესებულებებს. წიგნში 50 საუკეთესო ლექსია შესული.
„ბუკნაჭომ“ დაფინანსება სოციალურ პროექტ Etrad.ge-ის ფარგლებში მოიპოვა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო კომპანია Vivus.ge-ის პატრონაჟით ხორციელდება. Ertad.ge-ის მენეჯერმა, მარიამ შიხაშვილმა დიდი სიხარული გამოთქვა, რომ მიეცა საშუალება დაეფინანსებინათ პროექტი, რომელიც მომავალი თაობის განათლებას და განვითარებას უწყობს ხელს და მოუწოდა ყველა ორგანიზაციას, გააქტიურდნენ, აიღონ მაგალითი Ertad.ge-ისგან და დააფინანსონ მსგავსი სასარგებლო კონკურსები.
„ბუკნაჭომ“ პირველი ნაბიჯები გადადგა. ორგანიზატორები საბავშვო პროზის კონკურსის ჩატარებასაც გეგმავენ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მათ წარმატებები ვუსურვოთ.