პატრიოტი კაპიტანი
ზაზა ფაჩულია 1984 წელს დაიბადა, ხოლო 2003 წელს 19 წლის ახალგაზრდა კაცი, სპეციალისტებსაც და გულშემატკივრებსაც ნიჭიერ, იმედისმომცემ კალათბურთელად მიაჩნდათ.
საქართველოს სპორტის სამინისტრომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი 2014 წლის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელა.
აქამდე კი უზარმაზარი გზა აქვს გავლილი თბილისის „მართვედან“ „დალას მავერიქსამდე“. რასაკვირველია, დღეს ქრონოლოგიურად არ განვიხილავ ზაზა ფაჩულიას სპორტულ კარიერას, მე უფრო სხვა რამ მაინტერესებს, რაც, ვფიქრობ, მხოლოდ ჩემთვის არაა საინტერესო.
აი, რას ვწერდი 2003 წელს ჟურნალ „ომეგაში“ წერილში „დიდ კალათბურთს ითამაშებს“: „სტამბოლის „ულქერს“ ერთი თავქარიანი მწვრთნელი ჰყავდა – დიდინი. „სულში იძვრენდა“ ქართველ ჭაბუკს, შვილივით მიყვარხარო, სულ ამას ეუბნებოდა, თამაშით კი, ნურას უკაცრავად, ზაზა თითქმის სულ სათადარიგოთა სკამზე იჯდა. და ეს წლების მანძილზე გრძელდებოდა. მერე, როგორც იქნა, შეცვალეს ეს დიდინი და სხვა მწვრთნელი მოიყვანეს. მაინცდამაინც არც ეს კაცი იკლავდა თავს, გინდა თუ არა, ქართველი ბიჭი უნდა ვათამაშოო, მაგრამ ევროლიგის მატჩებზე რომ დასჭირდა, მოედანზე გამოიყვანა და ზაზაც უმალ მოექცა მასმედიის ყურადღების ცენტრში.
მაგრამ მანამდე შარშანდელი დრაფტი იყო. ფაჩულია ამერიკაში ჩავიდა, რამდენიმე გუნდთან ივარჯიშა და... მოულოდნელად ნაადრევად მოხსნა თავისი კანდიდატურა.
ჩვენებური ახალგაზრდა კაცის ამ საქციელმა ყველა გააოცა, შინაურებიც სახტად დარჩნენ, მაგრამ ზაზას ხასიათი უნდა იცოდე! – ეროვნული ასოციაციის გუნდებთან ვარჯიშის დროს მან შეატყო, რომ კიდევ რაღაც აკლდა, მთლად მზად არ იყო ნბა-ში სათამაშოდ. არა, იმას კი არ შეშინებია, ვაითუ არ ამირჩიონო, რომელიმე გუნდი უსათუოდ აიყვანდა, მაგრამ დაცდა ამჯობინა, ერთი წლით ისევ „ულქერს“ დაუბრუნდა და დღედაღამ ვარჯიშობდა, ხანდახან გაუსაძლისი ხდებოდა ეს ვარჯიში, მაგრამ ზაზა ფაჩულია ხომ სხვა კაცია!
აი, რას ამბობს მისი შარშანდელი კლუბის – „ორლანდო მეჯიქსის“ გენერალური მენეჯერი ჯონ გაბრიელი:
– ჩემი სკაუტები თურქეთში ზაზას თამაშს აკვირდებოდნენ და მე ვიცოდი, რომ ამ ერთ წელიწადში მოუმატა, ხოლო როდესაც წლეულს ესტუმრა ამერიკას, დავრწმუნდი, რომ შარშანდელთან შედარებით მართლაც დიდი ნახტომი გაუკეთებია.
აი, ამიტომ დაიცადა ზაზამ ერთი წელიწადი, 363 დღე ამ დიდ ნახტომს ამზადებდა და აკი გვარიანად შორს გადახტა კიდეც“.
აი, ის ნაწყვეტიც იმ წერილისა, რომელიც 2003 წელს ჟურნალ „ომეგაში“ დაიბეჭდა.
მართლაც გასაოცარია ახალგაზრდა კაცისგან ასეთი საქციელი! ამ ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ ცხოვრებისგან გამობრძმედილ ხალხს თუ ხელეწიფებათ და არა ცხოვრების დასაწყისში მდგომ ახალგაზრდებს, რომლებსაც სისხლი უდუღთ და ხშირად წინწასულობა სძლევთ.
მაგრამ ზაზას პირველი ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი არ მიხსენებია. თურქეთში ფაჩულია პირტიტველა ბიჭი ჩავიდა და თავისი უშუალობით და გულგახსნილობით მალევე შეაყვარა თავი ადგილობრივ პუბლიკას, გულშემატკივრებს. ამით, და ქართველი ბიჭის ტექნიკურობითა და შრომისმოყვარეობით მოხიბლულმა თურქებმა ჩვენს ახალგაზრდა თანამემამულეს, არც მეტი, არც ნაკლები, მოქალაქეობის შეცვლა ანუ გათურქება მოთხოვეს.
და რა ქნა, რა მოიმოქმედა ზაზამ? ქვა ააგდო და თავი შეუშვირა! არადა, არსადაც არ გაგიშვებთო, არ თმობდა თურქული მხარე. და კიდევ კარგი, იმ დროს საქართველოში აღმოჩნდა პატრიოტი ხალხი, რომელნიც მხარში ამოუდგნენ ახალგაზრდა კაცს, თავი დაეღწია თურქთა მარწუხებისგან. განსაკუთრებით აქტიურობდა ზაზას დედა, არაჩვეულებრივი ქალბატონი მარინა კოდუა!
ეს იყო პატრიოტიზმის პირველი გამოვლინება და პირველი დიდი გამარჯვება ახალგაზრდა ქართველი ვაჟკაცისა!
ამბობენ, გმირობას ქვეშეცნეულად სჩადის ადამიანი, დაგეგმილი გმირობა არ არსებობსო. რა თქმა უნდა, ვეთანხმები ამ მოსაზრებას. არც ზაზა ფაჩულია ფიქრობდა, გმირობას ჩავდივარო, მაგრამ ასე კი გამოუვიდა! ოღონდ შემთხვევით კი არ გამოსვლია ეს, დიდი ბრძოლის, დიდი ნერვიულობის შედეგად მოიპოვა მან ეს გამარჯვება, რასაც თავისუფლად შეიძლება გმირობა ვუწოდოთ! დანგრეული, თითქმის განადგურებული ქვეყნის შვილმა სამშობლო არ გაცვალა აყვავებულ უცხოეთზე და მისთვის უცნობ სამყაროში გადაეშვა, სადაც არც კი იცოდა, რა დღე მოელოდა, დარჩებოდა თუ არა ნბა-ში, აირჩევდნენ თუ არა! ამ ყველაფერზე მას მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა.
ხოლო როგორ მოხვდა ნბა-ში, ამაზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ.
ახლა ერთი რამ მინდა გავიხსენო – 2007 წელს ზაზა ფაჩულიამ გაცხარებულ გულზე თქვა, თუ ასეთი მომზადება და პირობები იქნება, გაისად აღარ ჩამოვალ ნაკრებში სათამაშოდო. და მართლაც, ნაკრებ გუნდს ხომ გაცილებით უკეთესი მომზადება და პირობები, ხანდახან ზედმეტი ყურადღებაც კი სჭირდება. კაპიტანმა ეს იმიტომაც თქვა, რომ მავანსა და მავანს კუჭი ასწვოდა და მომავლისთვის გაეთვალისწინებია, რომ ნაკრები რიგითი გუნდი არ არის და საქართველოს ჩემპიონატში არ მონაწილეობს, ის მაშინ ევროპულ ელიტაში მოსახვედრად იბრძოდა და თუ ეს სურვილი ყველასი იყო, მაშინ კეთილ ენებათ და ფულიც მეტი გაეღოთ და სათანადო პირობებიც შეექმნათ. ეს ამბავი კი იმიტომ გავიხსენე, რომ, ზაზა ფაჩულიას სიტყვა უცებ აიტაცა ტელევიზიამ, რასაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოვლად მოუზომავი, აგდებული რეპლიკა მოჰყვა, რად გვინდა ეგეთი სპორტსმენები, ვისაც ნაკრებში თამაში არ უნდათო! თითქოს ბევრი ჰყოლოდეს ასეთი პატრიოტი და ძლიერი კალათბურთელები!..
და აი, ზაზა ფაჩულიას კიდევ ერთი გამოვლინება პატრიოტიზმისა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტყოფილმა ფაქტობრივად ნაკრებიდან გააგდო იგი, ზაზამ ისეთი დიდსულოვნება და პატრიოტიზმი გამოავლინა, რომ ოდნავ სუსტნებისყოფიანი ადამიანი ამას ვერაფრით შეძლებდა. თითქოს არც გაუგონია მისდამი უსამართლოდ გამოტანილი განაჩენი, ჩამოვიდა და როგორც ნამდვილ კაპიტანს შეეფერება, არც არაფერი შეიმჩნია, ისე ჩაერთო ნაკრების შეკრებაში. რა ექაჩებოდა აქეთ – თამაში აკლდა, პატივისცემა თუ ფული (თუმცა აქ ვინ უხდიდა ხელფასს!)?! ჩამოვიდა, იმიტომ რომ, ქართველია! პატრიოტია, გულიანია! კეთილშობილი ადამიანია!
2008 წელს რუსეთი რომ დაგვესხა თავს, ზაზა ფაჩულია ატლანტაში ჩNN-ის პირდაპირ ეთერში გამოვიდა და მსოფლიოს შეატყობინა ჩვენი ქვეყნის გასაჭირი. ვინ ეხვეწებოდა, ვინ შეუთვალა, გინდა თუ არა, ასე მოიქეციო?! არც არავინ! ანდა ვისი შეგულიანობა სჭირდებოდა? აკი ზემოთაც მისი არაერთი პატრიოტობა აღვნიშნე.
13 წელიწადია ზაზა ფაჩულია ნბა-ში თამაშობს და თუ ტრავმირებული არ არის და კარგ სპორტულ ფორმაშია, მისი შეჩერება შეუძლებელია. ყოფილა შემთხვევა (და არა ერთხელ!), ზედიზედ რამდენიმე შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეესრულებინოს! და სად, თვით ნბა-ში!
ზაზა ფაჩულია საქართველოს ნაკრების იმედია, მოედანზე, ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ქორივით იბრძვის, როგორც კაპიტანი, ღირსეული კაპიტანი (!) მთელ თამაშს აკონტროლებს, ბიჭების ყოველ მოქმედებას დირიჟორობს. შეცდომებს არ უშვებს? როგორ არა, ხანდახან შეცდომებიც მოსდის, ისიც ხომ ადამიანია, თან, გაითვალისწინეთ, მთელი სეზონის ნბა-ში გატარების შემდეგ ძალიან ძნელია ევროპულ კალათბურთზე გადმორთვა. მაგრამ ზაზა ხომ პროფესიონალია და ნაკრების შეკრებების, საკონტროლო მატჩების დროს შედარებით იოლად ეგუება ახალ გარემოს, უცებ შეთამაშდება ხოლმე თავის აგრეთვე უნიჭიერეს მეგობრებთან, ნაკრების წევრებთან ერთად, რომლებიც მართლაც ძმურად არიან ერთმანეთთან.
უმადურობა სხვისი არ მიყვარს და კინაღამ არ დამავიწყდა ზაზას პირველი მასწავლებლის, შესანიშნავი ადამიანისა და მწვრთნელის ზურაბ სამხარაძის ღვაწლი აღმენიშნა!
ბატონმა ზურაბმა თქვა: „პირველი შეხვედრისთანავე ბავშვებს ვაკვირდები, მაინტერესებს, ვის რა საფუძველი აქვს და როგორ ეპყრობა ბურთს. ახალმოსულ ფაჩულიას ვარჯიშზე ბურთი რომ მივეცი, თანაგუნდელს იმდენად კარგად დაუმალა, გამიკვირდა. ეს ბუნებრივად გააკეთა და მაშინვე დავრწმუნდი, რომ პატარას საკალათბურთო ნიჭი მომადლებული ჰქონდა“.
ისევ ბატონი ზურაბი საუბრობს: „ყველა ბავშვი თავისებურია, თუმცა უმეტესობას ერთი თვისება აქვს: მწვრთნელი თვალს რომ მოაშორებს, დავალებას არ ასრულებს, ამხანაგებთან გართობას იწყებს. ზაზა დადგებოდა სხვებისგან განმარტოებით, ხელი რომ არავის შეეშალა და ბოლომდე ასრულებდა დავალებას, ძალიან შრომისმოყვარე ბიჭი იყო“.
და ეს შრომისმოყვარეობა ზაზას ბავშვობიდან მოსდგამდა, ოჯახიდან. მშობლებმა გაუღვივეს ბავშვს ეს შესაშური თვისება, რომელიც მერე მას ძვალსა და რბილში გაუჯდა.
კვლავ ზურაბ სამხარაძე განაგრძობს: „ნებისმიერ გუნდში არიან ისეთი კალათბურთელები, რომლებსაც სასტარტო ხუთეულში თუ არ დააყენებ, ჩვეულად, მთელი ძალით ვერ თამაშობენ. ზაზა ფაჩულიაზე ეს არ მოქმედებდა – მონდომებით თამაშობდა მაშინაც, როცა სათადარიგოთა სკამიდან იწყებდა და მაშინაც, როცა ხუთეულში დავაყენებდი“.
ადვილი შესაძლებელია, მწვრთნელი ამას იმიტომ აკეთებდა, რომ მოზარდისთვის თავიდანვე შეეგნებინა: შეუცვლელი არავინ არის და რომ იგი არავისზე არც მეტია და არც ნაკლები.
ისევ ზურაბ სამხარაძე: „ზაზა ძალიან კარგად გაზრდილი ბიჭია, უნიჭიერესი კაცია. ოცდაათ წელზე მეტია ამ საქმეს ვემსახურები, რაც თავი მახსოვს, ბავშვებთან ვმუშაობ და ნამდვილად არ შემეშლება. ჩემთან რომ მოიყვანა დედამ ეს ხოჭოსავით ბიჭი, სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა – არც სისწრაფით, არც მაინცდამაინც სიმაღლით, არც სხვა მონაცემებით. ოღონდ მაგისთანა მოწესრიგებული, მონდომებული, შრომისმოყვარე, დაუზარელი, მიზანსწრაფული ბიჭი მეორე არ შემხევედრია. და კიდევ, ძალიან ნათელი, ცინცხალი გონება აქვს“.
და ზაზა ფაჩულიასაც არასოდეს დავიწყნია თავისი პირველი მასწავლებელი და გზაზე დამყენებელი. ის კი არადა, მადლიერი მოსწავლე თავისი სკოლის ახლანდელ მოწაფეებს პატრონობს, ხან ფორმებს აჩუქებს, ხან ბურთებს, ბოტასებს, კედებს, სათამაშო ფორმებს... ეს კი მის დიდსულოვნებაზე, დიდკაცობაზე მეტყველებს! ამ ზაფხულს კი ეს სკოლა მის ყველაზე წარმატებულ სპორტსმენს ზაზა ფაჩულიას ჩააბარეს – იგი გახდა ამ სასწავლებლის მფლობელი.
P.S.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ NBA-ში ზაზა ფაჩულიამ, 2003 წლიდან დღემდე უამრავი ორმაგი დუბლი აქვს შესრულებული! შარშან, „მილუოკი ბაქსის“ შემადგენლობაში 31 წლის ზაზა 73 მატჩიდან 45-ჯერ სასტარტო ხუთეულის წევრი იყო და 15 ორმაგი დუბლი შეასრულა! წლეულს კი, „დალას მავერიქსის“ შემადგენლობაში (სადაც ყოველ შეხვედრას სასტარტო ხუთეულში იწყებს), ჯერ კიდევ შუა სეზონში მის ანგარიშზე 26 მატჩში 13 ორმაგი დუბლია! არ დაგავიწყდეთ: ლაპარაკია NBA-ზე და არა რომელიმე ევროპულ ჩეპიონატზე!