ნატო დავითაშვილის „ამბავი ლილე იროელისა“
ქართული ფენტეზი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს...
ამ წიგნზე საუბარი ცოტა შორიდან უნდა დავიწყო. ეს იყო დიდი, დიიდი ხნის წინ, როდესაც ერთი აბიტურიენტი გოგონა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ისტორიაში ემზადებოდა... ჩემი რეპეტიტორი ცოტა უცნაური ქალი იყო, არასოდეს კმაყოფილდებოდა იმით, რაც სასწავლო გეგმაში ეწერა და უამრავი სქემით, დოკუმენტითა და ლეგენდით ტვირთავდა ისედაც საკმაოდ ვრცელ საგანს. სწორედ მაშინ გავიგე პირველად ქართველთა ღმერთების შესახებ, აი, იმათზე, გაცსა და გაიმზე უფრო ადრე რომ გვლოცავდა და გვაშინებდა – მორიგე ღმერთი, დღე-დღესინდელი, მზექალი, კოპალა, იახსარი და სხვები... ინფორმაცია ჩემს მასწავლებელსაც კი ძალიან მწირი ჰქონდა, არადა, ბერძნული და ნართული მითოსების მოყვარულს (სკანდინავიურზე მაშინ ჯერ არაფერი მსმენოდა), გამოგიტყდებით და, ეს ბევრად უფრო მაინტერესებდა.
გავიდა წლები. ერთხელაც, მორიგი საკითხავის ძებნაში შემთხვევით წავაწყდი ყდაგაქექილ, ფურცლებამოვარდნილ წიგნს (არა, ძალით არაფერს ვაბუქებ, უბრალოდ, ერთ-ერთ პირველ ეგზემპლარს გადავეყარე) ყდაზე წარწერით – ჯორჯი ვაშატელი – ამბავი ლილე იროელისა. და დაიწყო...
თითქოს დროის ბორბალი უკან დატრიალდა და იქ გადამაგდო, სადაც აღშფოთებული მოზარდი მშობლიური მითოსის უქონლობას აპროტესტებდა. თურმე უფრო მეტიც გვქონია – ქართული ფენტეზი, რომელიც გულგრილს არც ერთ მკითხველს დატოვებს...
...სამყაროს ხიფათი ემუქრება. უზენაესი ბოროტების დასამარცხებლად გმირი უნდა იშვას, რომლის ძარღვებშიც „ღვთისშვილის, კაცისძისა და ქაჯის ქალის სისხლი იქნება არეული, ბნელეთისადმი ფიცმიუცემელთა ოჯახში დაიბადება და მის შუბლს პირველად ხარი ალოკავს“. ქვეყნიერების მხსნელს საჭურველიც შესაფერისი უნდა ჰქონდეს – ხალიბური ფოლადისაგან ცეცხლოვან მიწებზე გამოჭედილი ჯაჭვის პერანგი, ხმალი, ფარი და მშვილდ-ისრები. მაგრამ ასეთი მემკვიდრეობა ტვირთიცაა, ამიტომ გმირის აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს: „სამი ჯურის სისხლი იქნება-მეთქი არეული მასში. ასე რომ, რომელი სისხლი როდის უყივლებს, ღმერთმა უწყის. ყრმობაში კი არ უნდა აღმართოს ხმალი, არამედ – ჭაბუკობაში. ჭაბუკობამდე კი დიდი დროა გასავლელი. მის გაზრდაში, ვინ იცის, იქნებ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა. მისი არსებობა დამალული იქნება ქვესკნელის მეუფისათვის“.
ახალშობილ ლილეს, რომლის ქვეყნად მოვლინებას თვით დედაშვილობის მფარველი ქალღმერთი ბარბალე ესწრება და ჩვილს ნათლავს, ბრძენი ბერი ბუქნაი ბაადური მტრებისგან თვალს მისაფარებლად და აღსაზრდელად დევების სოფელში დატოვებს. სამსალას დასამარცხებლად ბიჭს დიდი ფიზიკური და გონებრივი წვრთნა ელის. და ჩვენც თვალს ვადევნებთ, როგორ ეჭიდავება პატარა ლილე როშკაშში თავის ძუძუმტე დევ ბუბას, ბედის ახირებით როგორ იმოგზაურებს მიწისქვეშეთში და კაცმაცუნების უძველეს სიბრძნეს შეითვისებს, როგორ დაუმეგობრდება დალებს – მამაც მებრძოლ ქალებს, როგორ ისწავლის კაცისძეთა გონებაში წვდომას... არა, სულაც არ ვაპირებ მთელი მისი თავგადასავალი მოგიყვეთ და წინასწარ გიამბოთ, რით დამთავრდება ბოროტებასა და სიკეთეს შორის გადამწყვეტი ბრძოლა. უბრალოდ გაგიმხელთ – წიგნი არ მოგასვენებთ, სანამ ბოლო ფურცელს არ დახურავთ, მერე შემდეგ წიგნს არ მოიძიებთ, მერე შემდეგს და კიდევ შემდეგს...
არც არის გასაკვირი – ნატო დავითაშვილი (ჯორჯი ვაშატელი ფსევდონიმია, რომელიც პირველი ნაწილის შემდეგ ავტორს აღარ გამოუყენებია) ამ წიგნს, უპირველესად, თავისი შვილისთვის წერდა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, მასზე სამი წელი მუშაობდა – აქედან ორი წელი მასალებს აგროვებდა, კითხულობდა და სწავლობდა. კოპალა, იახსარი, პირქუში, სამძივარი, ჯეგე მისარონი, დალები, ქაჯები, დევები, გრძნეულები, როკაპები, მათი მსახური მგლები, შაშილები, ბოროტთმეუფე სამსალა, კაცმაცუნები, ხალიბები, წმინდა ბარბარე, კოლხთა მეფის მამაცი ასულები – თუთა და კაისა – სიკეთისა და ბოროტების მხარეს მებრძოლთა უამრავი სახე დახვეწილად და სიყვარულითაა შექმნილი. გარდა ამისა, მკითხველს აჯადოებს პერსონაჟთა სახელები თუ ლექსიკა, ლექსებად ჩართული ფოლკლორი – „მზე შინა“, „ლილე“ , „დიდი დედის ლოცვა“, „წითელა ბატონების იავნანა“ და სხვა. საბრძოლო დაპირისპირებებისას ორმაგად აჩქროლებს გულს ისტორიულ-გეოგრაფიული ადგილები – ხალიბთა მიწები, კოლხეთი, დმანი, ერწო, ბაცალიგო, გუდანი, სამშვილდე – სადაც რეალური ბრძოლები გვახსოვს სამშობლოსათვის...
ლილე იროელის ამბავს „იროელთა ქრონიკებში“ კიდევ ოთხი წიგნი მოსდევს: „როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან“ (ორგზის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი), „ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“, „ლურჯი სუფრის მოცეკვავე“ და „აიას გზა“. ცალკე წიგნად დაიწერა „ნისლებში და ნისლებს მიღმა“, რომელიც ერთი მხრივ, დამოუკიდებელი წიგნია, თუმცა მეორე მხრივ ლილეს დაბადებამდე მომხდარ ამბებზეა და შემდეგ ნაწილებში გარკვეულ „დეჟა ვუს“ განწყობას ქმნის.
„აიას გზა“, რომელიც ამ ეტაპზე „იროელთა ქრონიკების“ ბოლო წიგნია, ლილესა და მის მეგობრებზე შეყვარებულ მკითხველს (ყოველ შემთხვევაში, მე) თავგადასავლების გაგრძელების იმედს უტოვებს. მშურს მათი, ვისაც პირველი წაკითხვის სიამოვნება წინ აქვს, მაგრამ საყვარელი წიგნის გადაკითხვასაც არაფერი უდგას წინ...