მოქალაქის აღზრდა დროულად უნდა დავიწყოთ
ვისთვის არის მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოების სამოქალაქო განწყობა? -უპირველესად, სახელმწიფოსთვის, გვიპასუხებს უმრავლესობა. ასეცაა, მაგრამ დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოს ცნებაში მოქალაქეები და მათი მოქალაქეობრივი ვალდებულებები სადღაც ჩრდილში იწევს. და ჩვენ, უმრავლესობა, არა პირადი, არამედ სხვა ადამიანის მიერ გამოვლენილი მოქალაქეობრივი ვალდებულებების იმედად ვრჩებით. ვავალდებულებთ სხვას, როცა ჩვენი პასუხისმგებლობა ძალზე დაბალია.
სად უნდა ვეძებოთ ამ პრობლემის სათავე? რა თქმა უნდა, დაბალ სამოქალაქო ცნობიერებაში, რაც პირდაპირ კავშირშია ფორმალურ და არაფორმალურ განათლებასთან.
მხოლოდ გარკვეული მოცულობით ცოდნის დაგროვება შედეგზე ვერ გაგვიყვანს. განათლება კომპლექსური ცნებაა და მასში თავს იყრის სამი კატეგორიის ცოდნა: დეკლარატიული_ ვიცი, პროცედურული _ შემიძლია და პირობისეული _ ვიყენებ.
სწორედ ასეა განმარტებული ეროვნულ სასწავლო გეგმაში სწავლების პროცესი: „სწავლება მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას ითვლისწინებს“. ეს მიდგომაა გათვალისწინებული სამოქალაქო განათლების სტანდარტშიც.
თუ გვინდა სასურველ შედეგზე გავიდეთ, სამოქალაქო ცნობიერების განვითარებაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდანვე უნდა დავიწყოთ. ეს პროცესი ძირითადად ორ გარემოში წარიმართება. ოჯახურში, სადაც ბავშვი ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს იღებს და დადებითი მაგალითებით აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს და სკოლაში, სადაც მოსწავლე საკმაოდ დიდ დროს ატარებს. თუ სწორედ დაწყებითი კლასებიდან არ შევუდექით სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაზე (ცხადია, ასაკობრივი თავისებურებებზე და შესაძლებლობებზე აგებული პროგრამის საშუალებით) ზრუნვას, როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, მერე ძნელდება უკვე ჩვევაში გადაზრდილი უპასუხისმგებლობის, გულგრილობის და ასე შემდეგ, დაძლევა. ეს არგუმენტები იმდენად მყარი და თვალსაჩინოა, რომ დავას არ უნდა იწვევდეს. ის საკითხი, რომ სამოქალაქო განათლების სწავლება ადრეულ კლასებშივე უნდა დავიწყოთ, ჩვენი აზრით, არა სასურველი, არამედ _ აუცილებელია.
მოზარდებში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის ხელსაყრელ პირობას შექმნის III-IV კლასებში ახალი საგნის _ „მე და საზოგადოების“ სწავლება, რომელიც ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით, მოსწავლეებისათვის პირველი სამოქალაქო ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ,,მე და საზოგადოების“ კურიკულუმში მოიაზრება კრიტიკული აზროვნებისა და შეფასების უნარების განვითარება, რასაც სხვადასხვა სახალისო აქტივობებით მიაღწევენ. როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენელი, გარე ექსპერტის სტატუსით, ვმონაწილეობდი ამ სტანდარტის განხილვაში და სრული პასუხისმგებლობით მინდა, ვთქვა, რომ ეს იყო მრავალმხრივი და თანმიმდევრული მუშაობა ახალი საგნის პროგრამის შესაქმნელად. შედეგად მომზადდა კურიკულუმი, რომელიც მეტად საინტერესო და სამიზნე ჯგუფზე მორგებულ საკითხებს გვთავაზობს. მისაღწევი შედეგები ამ ასაკში მოსწავლეთა შესაძლებლობებზე და ინტერესებზე დაკვირვებით განისაზღვრა. რამდენიმე ამონარიდი სტანდარტიდან უფრო თვალსაჩინოს გახდის მის მიდგომებსა და მნიშვნელობას:
"აღმოჩენებისა და სიახლის ძიების მიმართ დადებითი დამოკიდებულება“
„საკუთარი შესაძლებლობების რწმენა“
„სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულება“
„პოზიტიური დამოკიდებულება ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ“ და ასე შემდეგ.
თითოეული აქტივობა, რომელსაც ჯგუფი რეკომენდაციების სახით სთავაზობს მასწავლებლებს, დიდი განხილვისა და დისკუსიის შედეგად შეირჩა და დაიხვეწა. საგანი „მე და საზოგადოება“ იწყებს ჯაჭვს, რომელიც გრძელდება V-VI კლასებში საგნით _ „ჩემი საქართველო“ და მაღალ კლასებში საგნით _ ,,სამოქალაქო განათლება“.
ვფიქრობთ, დამატებითი არგუმენტები არ არის საჭირო საგნის სწავლების მიზანშეწონილობის გასააზრებლად, მასში გათვალისწინებულია არაფორმალური განათლების ელემენტები და ასევე, მშობელთა ჩართულობაც, რაც სწავლა-აღზრდის ეფექტურად წარმართვისათვის აუცილებელი პირობაა.
მაია გოგოლაძე,
ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მასწავლებელი,
მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი;