უძველესი სარწმუნოება. ანიმიზმი
დედაღვთაება, სარწმუნოება, ღვთაება, ანიმიზმი, ანიმა, პიროვნება, ბუნება, წარმართობა, გარდაცვალება, სიკვდილი, განსულიერება, გაპიროვნება, პირველყოფილი, ქვის ხანა, სიზმარი, სული.
ქვის ხანაში, როცა პირველყოფილი ადამიანები გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ, მათ უკვე ჰქონდათ სარწმუნოება. სარწმუნოების ქონა აზროვნებასა და მეტყველებასთან ერთად ერთერთი უპირველესი და უმთავრესი თვისებაა, რომელიც ადამიანს ცხოველისაგან გამოარჩევს! შესაძლოა, რომ სარწმუნოება უფრო ადრეც კი წარმოიშვა, ვიდრე მეტყველება.
ჩვენ ერთმანეთისაგან ვასხვავებთ სიზმარსა და ცხადს. ჩვენ ვიცით, რომ ერთია ადამიანის სულში მიმდინარე ზმანებანი, წარმოსახვანი, მოჩვენებანი თუ ფიქრები და მეორეა გარე სამყარო. პატარა ბავშვი კი ამას ვერ ხვდება: მას საკუთარი სულის შიგა სამყარო ერევა გარე სამყაროში, სიზმარი – ცხადში. ასევე იყო პირველყოფილი ადამიანიც. მისთვის საკუთარი ფიქრი, მოლანდება თუ ზმანება ისეთივე "ნამდვილი" იყო, როგორიც გარეთ მდგარი ხე ან ამ ხეზე მჯდარი ჩიტი.
განსულიერება და განპიროვნება მწერლობაშიც გვხვდება. განპიროვნებულია, მაგალითად, ვაჟა-ფშაველას შვლის ნუკრი, წყარო თუ მთა. მაგრამ მწერლობაში ეს არის არა ანიმიზი, არამედ მხატვრულობა. დავუკვირდეთ, რა ლამაზია: "ნისლი ფიქრია მთებისა". ცხადია, ვაჟა-ფშაველამ იცოდა, რომ ნამდვილ მთას ფიქრი არა აქვს და ნისლი ვერ იქნება ფიქრი. აი, ძველ ადამიანს კი მთაცა და ნისლიც მართლა სულიერი ეგონა, პიროვნული ნების მქონე! მსგავსად პატარა ბავშვისა, რომელსაც გარშემო არსებული საგნები ცოცხალი ჰგონია: "მაგიდა ვცემოთ!" "დათვიც დავაძინოთ", "ცუგომ რა თქვა?" ესაა ბავშვის ანიმისტური აზროვნება.