ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები - ყოველთვის
„მომავალი ეკუთვნით მათ, ვისაც სჯერა საკუთარი ოცნებების“
ელეონორა რუზველტი
ადამიანის უფლებებზე საუბრისას, აუდიტორიას ხშირად უჩნდება პროტესტის გრძნობა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა უშედეგოა და რომ ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც ძლიერი, რომელიც სხვას დაჩაგრავს. მახსოვს ლექციაზე ერთმა სტუდენტმა თავისი სკეპტიკური დამოკიდებულება იერემია ბენტამის ფრაზით გამოხატა, რომ ადამიანის უფლებები ეს არის „როშვა ოჩოფეხებზე“. ასეთ დროს, ყოველთვის მახსენდება ამერიკელი ბიზნესმენის, უორენ ბაფეტის სიტყვები, რომ „დღეს ვიღაცა ჩრდილში ზის, რადგან დიდი ხნის წინ, იმ ადგილას ვიღაცამ ხე დარგო“. რატომღაც ამ ჩრდილში ჯდომისას, იშვიათად თუ ვფიქრობთ იმაზე თუ ვინ დარგო ხე და რის ფასად დაუჯდა ეს ყველაფერი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ ადამიანის უფლებების დასაცავად და მათ გამო, ჩვენ აღარ გვიწევს ამ ბრძოლის თავიდან დაწყება.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, საზოგადოებამ გაიაზრა თუ რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას, ამიტომაც საჭირო გახდა ისეთი სახის დოკუმენტის მიღება, რომელიც ძირითადი ღირებულებების გარშემო გააერთიანებდა სახელმწიფოებს. შედეგად, 1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ მიიღო და ამით საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას.
ალბათ, ყველასთვის ცნობილია ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ასაკოვანი ქალბატონი ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის ტექსტით ხელში, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი ვინაობისა და იმ დიდი წვლილის შესახებ, რომელიც მას ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნაში მიუძღვის. ჩემთვის, როგორც ქალისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის პირველი საერთაშორისო დოკუმენტის მომზადებას ქალი ედგა სათავეში. ეს ქალბატონი გახლავთ ელეონორა რუზველტი, ამერიკის პრეზიდენტის ფრანკლინ დელანო რუზველტის მეუღლე, ადამიანის უფლებათა დამცველი, რომელიც 1945 წელს გაეროში აშშ-ს წარმომადგენლად და ადამიანის უფლებათა კომისიის ხელმძღვანელად დაინიშნა. მას შემდეგ, ელეონორა რუზველტი გახდა ყველა დაჩაგრული ადამიანის მხარდამჭერი და მათი ხმა საერთაშორისო ტრიბუნაზე.
ელეონორა რუზველტი პრინციპული ადამიანი გახლდათ, რომელიც მუდმივად არღვევდა იმ დროის ამერიკის სტერეოტიპებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი აქტივობები რასობრივი დისკრიმინაციისა და ქალთა უფლებების საკითხზე. მან პირველად, თეთრი სახლის ისტორიაში, უპრეცენდენტო ღონისძიება გამართა, სადაც ასობით აფრო-ამერიკელი სტუმარი მიიწვია. პირველი ლედის დიდი ძალისხმევის შედეგად, შემუშავდა ახალი სოციალური რეფორმაც, რომლის მიხედვითაც ქალების სოციალური და შრომითი უფლებები გაუმჯობესდა.
ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციაზე ექსპერტთა ჯგუფმა 1947 წელს დაიწყო მუშაობა. ადამიანის უფლებათა კომისია შედგებოდა 18 წევრისგან და მათ შორის იყო ამ კომისიის ხელმძღვანელი ელეონორა რუზველტიც, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახლდათ დოკუმენტის ტექსტის მომზადებაში. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის სამუშაო ვერსიის სახელწოდება იყო „კაცთა უფლებების საყოველთაო დეკლარაცია“ და ელეონორას დიდი ძალისხმევის შედეგად უწოდეს მას „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“.
ისტორიაში ალბათ ძნელად თუ მოიძებნება ისეთი ამაღელვებელი კადრები, როგორიცაა 1948 წლის 10 დეკემბრის ჩანაწერი, სადაც ასაკოვანი ელეონორა რუზველტი, ადამიანის უფლებათა კომისიის პირველი ქალი ხელმძღვანელი, გაეროს ტრიბუნიდან სახელმწიფოებს მოუწოდებს მიიღონ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. დოკუმენტი, რომლის მიზანია „ისეთი მსოფლიოს შექმნა, რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე.”
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის 2015 წლის დევიზს წარმოადგენს „ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები-ყოველთვის“. და ჩემი პასუხიც ეს არის სკეპტიკოსებისთვის.