ერთი საღამო ოლიმპიურ ჩემპიონთან
ამას წინათ, რაღაც საქმეზე ოლიმპიურ ჩემპიონთან რაფაელ ჩიმიშკიანთან შევიარე, დავსხედით, ვისაუბრეთ, გული გადავაყოლეთ, ყავა და ნუგბარი მივირთვით, რომელიც მისმა მეუღლემ, ქალბატონმა მარიამ მოგვართვა.
მერე, ჭკუაში ჩამიჯდა, ზოგი რამ, რაც მკითხველმა ნაკლებად იცის, თქვენთვისაც გამენდო.
– თბილისში, რუსთაველის ძეგლთან ერთი პატარა ქუჩაა, გაბაშვილის სახელობისა, რომლის 5 ნომერშიც დავიბადე 1929 წლის 23 მარტს. მამაჩემი, არკადი, რკინიგზის სამმართველოში ცვლის უფროსად მუშაობდა, დედა, ნინო ბერიძე, დიასახლისი ბრძანდებოდა. ძმა სურენი ჩემზე სამი წლით იყო უფროსი.
შინ რუსული ენა დომინირებდა და მე მგონი, დედ-მამა მორიგებულები იყვნენ, არც შენი და არც ჩემიო, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.
ნამდვილი ქართული ეზო გვქონდა, ახლა რომ რატომღაც იტალიურს ეძახიან...
თბილი, ისეთი თბილი, რო უკეთესს ვერ წარმოიდგენდი.
აქ ახლა ჩემი უფროსი ქალიშვილი და ძმისშვილი ცხოვრობენ. როცა გულზე რაღაც შემომაწვება ხოლმე, სწორედ აქ მოვდივარ, ამ სახლის კიბეებზე ჩამოვჯდები და თვალწინ უმალ მთელი ჩემი ბავშვობა გადამეშლება. გავიხედავ მარჯვნივ, მარცხნივ, აღვიდგენ ძველ კადრებს და მიკვირს, ნუთუ მე ვიყავი ის მარჯვე, დიდი „შუსტრი“ ვინმე, დედა რომ სულ ქუჩაში დამსდევდა-მეთქი. მახსენდება ის ბედნიერი წლები და უნებლიეთ თვალებზე ცრემლი მომადგება...
დედაჩემი შიშობდა, ემანდ ამ მამაძაღლმა რამე არ მოიწიოს, რამე არ დააშავოსო. სწრაფი ვიყავი, უბნელებს ყველას ვჯობდი სირბილში, ხტომაში. მამაჩემს აივანზე ღერძი ჰქონდა დამაგრებული და ყოველ დილას „კუთხეს იჭერდა“. ცოტა მაღალი კი იყო, ვერ ვწვდებოდი და სკამს მივიდგამდი ხოლმე. არა, ახლაც მიკვირს, ასეთი ტანმორჩილი, კაცმა რომ თქვას, არასპორტული აღნაგობის ბიჭი როგორ ვიმორჩილებდი იმ რკინის ღერძს, რომელზეც ათასნაირ ვარჯიშს ვასრულებდი... ფეხბურთი მიყვარდა, დილიდან დაღამებამდე ბურთს დავსდევდი, არც ჭიდაობა იყო ჩემთვის უცხო, კარგადაც ვჭიდაობდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემგან ვერც ფეხბურთელი და ვერც დიდი მოჭიდავე დადგებოდა.
ჩვენს ქუჩაზე თორმეტი სახლი იდგა, ყველა ეროვნების ხალხი ერთმანეთში იყო არეული. ეროვნებას ვინ აქცევდა ყურადღებას. უბნელი ბიჭები ახლო მეგობრები ვიყავით. ამ ქუჩაზე იზრდებოდნენ აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, პროფესორი თამაზ შილაკაძე, ცნობილი ალპინისტი კაკო მარი, ექსტრასენსი ავთო ლომსაძე... სხვათა შორის, ყველანი თბილისის საპატიო მოქალაქეები ვართ. მაშინ, ბავშვობაში, ტრუსებში რომ დავრბოდით, ვინ იფიქრებდა, თუ ამ ერთი პატარა თბილისური ქუჩიდან ამდენი ცნობილი ადამიანი გამოვიდოდა.