დავით ციმაკურიძე და რიცხვი პირველი
აბა, სახელოვანი ფალავნის, საუკუნის დასაწყისში უძლიერესი მოჭიდავეების შიშის ზარის დამცემი მიშიკო მაჩაბლის ვაჟი სხვა ვინ უნდა გამოსულიყო, თუ არა მოჭიდავე – ასევე უძლიერესი და უნიჭიერესი ათლეტი.
მოდი და ნუ ირწმუნებ ანდაზას – კვიცი გვარზე ხტისო. ვახტუროვის, პავლე და პეტრე ზაგორუიკოების, ზაიკინის, პოდუბნის, სანდრო კანდელაკის, მიშიკო ბაბალიკაშვილის, ვსევოლოდ ხერცის, შემდგომში მსოფლიოს ჩემპიონის ბოგატირიოვის თანამებრძოლისა და მრისხანე მეტოქის ვაჟმა დავით ციმაკურიძემ 50-იანი წლების უთვალსაჩინოესი ფალავნები დასცა ბეჭებზე და ქართველთაგან ოლიმპიური თამაშების პირველი ჩემპიონი გახდა! დავით ციმაკურიძე საბჭოთა კავშირიდანაც პირველი ოლიმპიური ჩემპიონი იყო, ოღონდ მხოლოდ ჭიდაობაში. ზოგიერთი სხვა სახეობის წარმომადგენლებმა 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადისას მოჭიდავეებზე ადრე დაამთავრეს ასპარეზობა, თორემ ციმაკურიძე საბჭოთა კავშირიდანაც პირველი იქნებოდა ყველა სახეობის ათლეტთა შორის.
„მამაჩემი პროფესიონალი მოჭიდავე იყო, ფოთშიც ჭიდაობდა, სადაც მე დავიბადე, და თბილისის ცირკებშიც. დღეს ჩვენ მხოლოდ ერთი ცირკი ვიცით, თორემ უწინ ვერაზე, მე-4 ღვინის ქარხანასთან, კიდევ ერთი, როგორც უწოდებდნენ, ნიკიტინის ცირკი იყო. მეც ხშირად ვესწრებოდი მამისა და მისი თაობის ფალავნების ჭიდაობას და მათი შემყურე, რა გასაკვირია, ჭიდაობას რომ გავყევი“.
თუმცა მანამდე ჭაბუკი ციმაკურიძე ბატონ არჩილ ბაქრაძის შეგირდი იყო და ტანვარჯიშში ოსტატის წოდების მოპოვებისთვის იბრძოდა. მაგრამ... ორ-სამჯერ მოწყდა ღერძიდან და მწვრთნელმა ურჩია, რას წვალობ, მამაშენი გვერდით გყავს, მას მიებარე და ჭიდაობაში ივარჯიშეო. და 1939 წელს დათო ციმაკურიძე ჭიდაობის წრეში ჩაეწერა, რომელსაც საბჭოთა კავშირის დამსახურებულო მწვრთნელი პეტრე იორდანიშვილი ხელმძღვანელობდა – ოლიმპიადების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალი გამარჯვებულისა და პრიზიორის აღმზრდელი.