ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების ციფრული კოლექცია
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი www.nplg.gov.ge ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზაა საქართველოში, რომელიც მოიცავს როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების ელექტრონულ კატალოგებს, ისე სხვადასხვა ტიპის ციფრულ ბიბლიოთეკებსა და კოლექციებს (ფოტოებს, პერიოდიკას). ამ ბაზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სამოქალაქო განათლების თემაზე შექმნილი ლექსიკონები და ბაზები, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილება წლების განმავლობაში ქმნის. ბაზები იმდენად მრავალფეროვანი და თემატურად ყოვლისმომცველია, რომ უნიკალური შესაძლებლობაა როგორც პედაგოგებისთვის, მკვლევრებისთვის, მეცნიერებისთვის, სტუდენტებისთვის, ისე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
სამოქალაქო განათლების თემატიკაზე შექმნილ ელექტრონულ ბაზებს ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდის www.nplg.gv.ge მომხმარებელი ციფრულ ბიბლიოთეკა “მამარდაშვილში” იპოვის. სწორედ ეს ბაზა მოიცავს შემდეგ ციფრულ კოლექციებს: „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ციფრული ბიბლიოთეკა“ - Civil education, პერიოდიკა -„ქართული პერიოდ-გამოცემების ციფრული კოლექცია“ და სამართალი.
„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ციფრული ბიბლიოთეკა“ ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილების პროექტია, რომელიც 2006 წლიდან ხორციელდება და მუდმივად განახლებადი ელექტრონული კოლექციაა. მასში გაერთიანებულია ქართულ ენაზე გამოცემული უახლესი ლიტერატურა სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, სამართლის, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების და სხვა მომიჯნავე დარგებში. კოლექციაში ასევე გაერთიანებულია სამართლებრივი და შემეცნებითი ხასიათის ინფორმაცია, სახელმძღვანელოები, საერთაშორისო დოკუმენტები, კონვენციები, დეკლარაციები და ა.შ. სამოქალაქო განათლების განყოფილება, კოლექციის განახლებისა და შევსების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ავტორებთან და გამომცემლებთან.
პერიოდიკა - „ქართული პერიოდ-გამოცემების ციფრული კოლექცია“ 2008 წლიდან იქმნება. კოლექციაში შესულია საქართველოში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ინსტიტუტებისა და ფონდების მიერ გამოცემული ჟურნალები, სერიული გამოცემები, სტატიები, ანგარიშები, ბიულეტენები, ტრენინგების მასალათა კრებულები, მიმოხილვები, ანალიზი. ბაზა მოიცავს პერიოდულ გამოცემებს ადამიანის უფლებების, სამოქალაქო განათლების და სხვა საკითხების შესახებ.
ციფრულ კოლექცია “სამართალში” დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოიპოვონ ადამიანის უფლებებზე, კერძოდ, ოჯახური ძალადობის, ტრეფიკინგის შესახებ, ასევე სხვადასხვა სამართლებრივი რეგულაციების შესახებ უახლესი ლიტერატურა. ამ ეტაპზე ბაზა 157 დოკუმენტს მოიცავს.
დასახელებულ კოლექციებში ინფორმაციის მოძიების ხუთი გზა არსებობს: (გაუმჯობესებული ძიებისათვის შეგიძლიათ შებრძანდეთ პარამეტრებში)
- ძიება კონკრეტული საკვანძო სიტყვის მიხედვით ხორციელდება ძიება ღილაკზე დაჭერით
- დოკუმენტის მოძებნა თემატიკა -ს მიხედვით თემატიკა მენიუზე დაჭერით
- დოკუმენტის მოძებნა სათაური -ს მიხედვით სათაურები მენიუზე დაჭერით
- დოკუმენტის მოძებნა ავტორები (პერსონალია) -ს მიხედვით ავტორები (პერსონალია) მენიუზე დაჭერით
- დოკუმენტის მოძებნა თარიღები -ს მიხედვით თარიღები მენიუზე დაჭერით
ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი www.nplg.gov.ge ციფრული კოლექციების გარდა მოიცავს ლექსიკონების ყველაზე დიდ ბაზასაც, რომელსაც ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილება ქმნის. ბაზაში ამ ეტაპზე შესულია როგორც ენობრივი, ისე თემატიკის მიხედვით შექმნილი 50-მდე ციფრული ლექსიკონი. მათ შორისაა სამოქალაქო განათლების თემაზე შექმნილი ლექსიკონები.
ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარ გვერდზე არსებულ ონლაინლექსიკონების ბმულზე დაწკაპებით გადავდივართ ლექსიკონების ბაზაზე, სადაც განთავსებულია Civil education dictionaries, რომელიც მოიცავს ”Civil ენციკლოპედიურ ლექსიკონს”, ”სამოქალაქო განათლების ლექსიკონს” და ”საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონს”.
სამოქალაქო განათლებისა და საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონები უკვე არსებული ბეჭდური გამოცემების ციფრული ვერსიებია. ხოლო ”Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი” ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ შექმნილი ბაზაა (ბეჭდური სახით იგი არ არსებობს), რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა ტექსტებში შესულ ტერმინთა განმარტებებს მოიცავს. თითოეული ტერმინის განმარტების წყაროც ბაზაშია განთავსებული. ლექსიკონი უნიკალურია იმდენად, რამდენადაც ამ ტიპის მასალების ერთად თავმოყრის, განმარტებების მოძიების, წყაროების მითითებისა და ერთიანი ბაზის სახით ონლაინსივრცეში განთავსების პირველი შემთხვევაა.
”საქართველს სახელმწიფოს ხელმძღვანელები” ეროვნული ბიბლიოთეკის კიდევ ერთი პროექტია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა ქართულ პრესაში გამოქვეყნებული საჯარო გამოსვლების, სიტყვების, ინტერვიუების, მიმართვების, განცხადებების, ბრძანებულებებისა და სხვა მსგავსი პუბლიკაციების გაციფრებას, გამოცემასა და ციფრული მასალის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე განთავსებას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ კოლექცია ”მამარდაშვილში” იძებნება ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძის, აკაკი ასათიანის და მიხეილ სააკაშვილის (ჯერჯერობით სააკაშვილის მხოლოდ 2004 წლის მასალებია განთავსებული) გამოსვლები.
ციფრულ კოლექცია ”მამარდაშვილში” ცალკე ციფრულ ბაზადაა გამოყოფილი საქართველოს კონსტიტუცია, რომელშიც შესულია 1918-1921 წლების დამფუძნებელი კრებისა და ეროვნული საბჭოს სხდომების მასალები. მასალებში ასახულია საქართველოს დამოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის შემუშავებისა და მიღების პროცესი. კოლექცია მომზადდა საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებში დაცული დოკუმენტების მიხედვით. კოლექციაში შესულ დოკუმენტებში დაცულია ტექსტის სრული ავთენტურობა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე განთავსებული ეს ბაზები დემოკრატიზაციის პროცესითა და სამოქალაქო განათლების საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მასში განთავსებული მასალების თავმოყრილად, ციფრული სახით მოძიება მხოლოდ ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა შესაძლებელი.
ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი ემზარ ჯგერენაია: - ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამოქალაქო განათლების განყოფილება ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად დაარსდა. განყოფილების მრავალწლიანი საქმიანობის შედეგად შეიქმნა ბაზა, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა სახის ლიტერატურა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული ღირებულებების შესახებ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ”Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი”, რომელიც მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის გიორგი კილაძის იდეით შეიქმნა. სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე დაკვირვების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ჩვენი კიდევ ერთი პროექტი ”საქართველს სახელმწიფოს ხელმძღვანელები”, რომელშიც თავმოყრილია საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების საჯარო გამოსვლები, ინტერვიუები, ოფიციალური დოკუმენტები.”
ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული კოლექცია მუდმივად განახლებადია და კიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებს დაინტერესებულ მომხმარებელს.