სასკოლო სპორტული ოლიმპიადა
2015 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ, სპორტის სახლმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულების ,,მასობრივი სპორტის განვითარების“ ფარგლებში, შეიმუშავა ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში მასობრივი ჩართვის ეროვნული პროგრამის“ კონცეფცია და სპორტული ღონისძიებების კომპლექსური საშეჯიბრო მოდელი, სახელწოდებით ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“.
პროგრამის ძირითადი მიზანია საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა მასობრივი სპორტის განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და პროპაგანდა.
პროგრამის შემუშავებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც ჩატარდა ფედერაციის მიერ 2015 წელს, სპორტის სამინისტროს ფინანსური დახმარებით და გამოავლინა ბავშვთა სპორტში და ფიზიკურ აქტივობაში ჩართულობის საკმაოდ დაბალ მაჩვენებლები.
2015 წლის მარტიდან დეკემბრის თვის ჩათვლით ფედერაციამ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფინანსური დახმარებით წარმატებით განახორციელა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მცირემასშტაბიანი საპილოტე პროექტი, რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნის მასშტაბით პროგრამის კომლექსური, მუდმივმოქმედი საშეჯიბრო სისტემის მოდელის პრაქტიკული დანერგვა, მისი უზრუნველყოფისა და მართვის პროცესების დახვეწა.
მოსწავლეთა ასაკობრივი კატეგორიების გათვალისწინებით საპილოტე პროგრამისთვის განისაზღვრა შემდეგი სახეობები: დაწყებითი და საბაზო საფეხურისთვის (III, IV, V, VI, VII, VIII კლასი) მოძრავი თამაშები, სახელწოდებით ,,მხიარული სტარტები“, ხოლო საშუალო საფეხურისთვის (IX, XI კლასი) მინი-ფეხბურთი, 3X3-ზე კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი და მძლეოსნური ამანათრბენი.
პროგრამის საპილოტე მოდელში მონაწილეობა მიიღო საქართველოს რეგიონული ცენტრების: ამბროლაურის, ახალციხის, ბათუმის, გორის, ზუგდიდის, თელავის, მცხეთის, ოზურგეთის, რუსთავის, ქუთაისისა და დედაქალაქის 350-ზე მეტმა საჯარო და კერძო სკოლის 10 000-ზე მეტმა ორივე სქესისა და სხვადასხვა ასაკის მოსწავლემ, 1000-ზე მეტმა პედაგოგმა და 300-ზე მეტმა მშობელმა. პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულები ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურები, რეგიონალური ადმინისტრაცია და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები.
ოლიმპიადის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდნენ: საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ,,მხიარული სტარტების“ ეროვნული ფედერაცია, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, კომპანია „IDშ ბორჯომი“, სხვადასხვა სპორტის სახეობების ფედერაციები, სპორტის ექსპერტები და სპეციალისტები.
საპილოტე პროექტის წარმატებას დიდწილად ხელი შეუწყო საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის გაწევრიანებამ საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაციაში (IშF), რომელიც თავისი წევრი ქვეყნებისთვის ყოველწლიურად ატარებს სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებს სხვადასხვა სპორტის სახეობაში, რაც ,,საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადაში“ გამარჯვებულებს საშუალებას აძლევს თავი საერთაშორისო ასპარეზზეც გამოიჩინონ და მეტ წარმატებას მიაღწიონ.
საქართველოს პირველი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის სპორტის სახეობების ფინალური ეტაპი საზეიმოდ გაიხსნა ანაკლიის ,,მომავლის“ ბანაკში, სადაც 10 დღის განმავლობაში, რეგიონულ ფინალებში გამარჯვებული 11 რეგიონისა და დედაქალაქის 288-მოსწავლე დაძაბულ პაექრობაში არკვევდა ქვეყნის ჩემპიონების ტიტულს სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
სახეობების მიხედვით ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ: მძლეოსნურ ამანათრბენში – თბილისის 120-ე საჯარო სკოლის გუნდი; მინი-ფეხბურთში –თბილისის 149-ე საჯარო სკოლის გუნდი; 3X3-ზე კალათბურთი – გოგონებში ზუგდიდისNმე-3 და ვაჟებში ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლების გუნდები; მაგიდის ჩოგბურთში გოგონებში – თბილისის 199-ე და ვაჟებში 90-ე საჯარო სკოლების გუნდები.
ოლიმპიადის მოძრავი თამაშების სახეობაში ფინალური ეტაპის შეჯიბრებები ,,მხიარული სტარტებში“ მონაწილეობდა საქართველოს რეგიონებში გამარჯვებული 16 სკოლის გუნდი. ერთკვირიანი დაძაბული ტურნირის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ: თბილისის 128-ე და 149-ე, ახალციხის მე-5 და ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხის საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდები. გამარჯვება და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა სოფელ რუხის საჯარო სკოლის გუნდმა.
ოლიმპიადის ფინალში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ 2016 წელს IშF-ის ეგიდით გასამართ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებში: ხორვატიაში – მინი-ფეხბურთში (ფუტსალში), ესტონეთში – 3X3-ზე კალათბურთში, ისრაელში – მაგიდის ჩოგბურთში და მძლეოსნურ გეზრბენში – უნგრეთში.
საპილოტე პროექტის წარმატების დამადასტურებელი ფაქტია 2015 წლის შემოდგომაზე განათლების სამინისტროს დახმარებით ფედერაციის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელიც მიზნად ისახავდა 2015-2016 სასწავლო წლის სეზონის ,,სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში“ მონაწილეობის მსურველი სკოლების გამოვლენას.
წინასწარი გამოკითხვის მონაცემებითაც უკვე აღინიშნება მკვეთრი პროგრესი ოლიმპიადაში სკოლების ჩართულობის რაოდენობრივ მაჩვენებლებში, სადაც სხვადასხვა სახეობებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა: 1200-ზე მეტმა სკოლამ – სპორტის სხვადასხვა სახეობებში (მინი-ფეხბურთი, 3X3-ზე კალათბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, ბადმინტონი, გეზრბენი); 870-ზე მეტმა სკოლამ – ,,მხიარული სტარტებში"; 417-მა – ,,სპორტულ-შემეცნებით" ოლიმპიადაში.
აღსანიშნავია ფედერაციის მიერ 2015 წელს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა კომისიის ფინანსური ხელშეწყობით ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კვლევა ,,გენდერული თანასწორობა სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში“, რომელიც მიზნად ისახავდა სპორტში გენდერული თანასწორობის პრობლემების გამოვლენასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას. შემუშავებული რეკომენდაციების პრაქტიკული გამოყენება უკვე დაგეგმილია 2016 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში.