„გინდა წერო? - უნდა წერო!“
ლიტერატურული კონკურსი „წერო“ ელექტრონული წიგნების ინტერნეტმაღაზია lit.ge-სა და ფარმაცევტული კომპანია GPS-ის ერთობლივი პროექტია და 2006 წლიდან ტარდება. მისი მიზანი თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და ახალი ავტორების წარმოჩენაა. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. საკონკურსოდ ის ნამუშევარი მიიღება, რომელიც ბეჭდვით გამოცემებში ან ინტერნეტ-სივრცეში არ გამოქვეყნებულა.
კონკურსი 2 ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე ნაწარმოებებს 7-კაციანი ანონიმური ჟიური შეარჩევს, რომელშიც მწერლები, რედაქტორები და კრიტიკოსები შედიან. შემდეგ ჟიურის მიერ შერჩეულ ნაწარმოებებს ინტერნეტმაღაზია lit.ge-ის ვებგვერდზე უკვე მკითხველები აფასებენ და სწორედ მათი შეფასებების მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებული. აქტიურობისთვის მკითხველებიც ჯილდოვდებიან. კონკურსის მიმდინარეობისას ავტორის ვინაობა დაფარულია. მონაწილეობის მსურველს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საკონკურსო ნაწარმოები.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ საპრიზო კატეგორიაში: პირველი პრემია: ლიტერატურული პრემია „წერო“ და 4000 ლარი; მეორე პრემია: 2000 ლარი, მესამე პრემია: 1000 ლარი.
წლევანდელი კონკურსი ნაწარმოებების სიუხვით გამოირჩეოდა. წელს ჟიურის წევრები ზვიად კვარაცხელია, ანა ჭაბაშვილი, დავით ზურაბიშვილი, გიორგი კეკელიძე, ნესტან-ნენე კვინიკაძე და თეონა დოლენჯაშვილი იყვნენ. კონკურსში მონაწილე 455 მოთხრობიდან მათ 16 საუკეთესო შეარჩიეს. მკითხველს საშუალება ჰქონდა, lit.ge-ზე განთავსებული 16 მოთხრობიდან გამარჯვებული სამეული გამოევლინა.
გამარჯვებულთა დაჯილდოება მწერალთა სახლში გაიმართა.
პირველი პრემია გადაეცა ლია ლიქოკელს, მოთხრობისთვის „ხეების გამტყავებელი სანადიროდ მიდის“; (ლია ლიქოკელი „წერო“ 2014-ის გამარჯვებულია).
მეორე პრემია - ნათია როსტიაშვილს, მოთხრობისთვის „სუნთქვის შემგროვებელი“; (ნათიამ 2013 წელს მოიპოვა ამ კონკურსის პირველი პრემია).
მესამე პრემია - ანი გიგაშვილს, მოთხრობისთვის „დედაჩემი ლოცულობს“;
ჟიურის პრიზით რეზო ნასარიძე დაჯილდოვდა, მოთხრობისთვის „ურობოროს“.
წელს კულტურის სამინისტროს სამი რჩეული გამარჯვებულ სამეულს დაემთხვა. დაჯილდოვდნენ ყველაზე აქტიური მკითხველებიც.
საღამოს მუსიკალურად ბენდი The Window აფორმებდა. „წერო“ მკითხველებს მომავალ წლამდე დაემშვიდობა.