ყურადღება, შეკითხვა!...
ის ოთხჯერ დახატეს: 1915, 1923, 1929 და 1930 წლებში, თუმცა წარმატება ციურიხში გამოფენილმა მესამე ნახატმა მოიტანა; ამავე დროს შექმნა ავტორმა წიგნი „უსაგნო სამყარო“ და უკრაინელი მხატვრის, კაზიმირ მალევიჩის ქმნილებამ მრავლისმნახველი ევროპული საზოგადოება ააღელვა. აღელვების მიზეზი ნახატი „შავი კვადრატი‘’ გახლდათ.
ჰო, თითქოს მართლაც არაფერია, უმზირო არაფრისმთქმელ შავ სივრცეს შენ პირდაპირ, არც დახვეწილი ფორმები გხიბლავს და არც ფერთა სიუხვეს გადაჰყავხარ სხვა განზომილებაში, მაგრამ ....საგამოფენო დარბაზის სადღესასწაულო იერს თითქოს აბნელებს ჩარჩოში მოქცეული მუქი ღიობი, პეიზაჟებისა და პორტრეტების ნაზ ოვალებს თითქოს უპირისპირდება მკაცრი გეომეტრია, გრძნობათა სიმძაფრეს თითქოს თრგუნავს შავად შეღებილი, ყრუ ტილოს ფარდა.გრძნობ, რომ მარტო რჩები საკუთარ თავთან. დიახ, „შავი კვადრატის ‘’ ავტორი გაბედულად გიწვევს საკუთარი თავის შეცნობისკენ, დაურიდებლად გიხშობს ფერადი სამყაროს კარიბჭეს, გაიძულებს , ეზიარო „მეს“. საკუთარი საიდუმლოებების გახსენებით კი იწყება ზიარება სამყაროს იდუმალებასთან. დგახარ და ფიქრობ... გესმის... ხედავ... გეშინია... თვალს ვერ უსწორებ...ღელავ... გიხარია... ნელნელა იძირები ოდესღაც რეალურ, ახლა კი ირეალურ სამყაროში... და ვინ ვარ მე?
მე მასწავლებელი ვარ. ჩემს გონებაში მუდამ ხმიანობს ბავშვების ხმები, ერთმანეთს ენაცვლება უამრავი სახე, რომელთა მკრთალ, ნათელ ფერებს დრო ზუსტი შტრიხებით ამკვეთრებს და ბავშვობის უდარდელ მზერას გამოცდილების სევდით ავსებს. ეს ცოცხალი გალერეა უამრავ ემოციას ინახავს, ისეთს, რომლის გამო ყოფიერება გძულს და ისეთსაც, რომლის გამოც სიცოცხლე ღირს...
არა, ჩემს მოსწავლეებს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი „ შავ კვადრატამდე“, მათ ხომ სამყაროს პატარ-პატარა საიდუმლოებები ჯერ უნდა ეძიონ , დაინახონ, აღმოაჩინონ, ამოხსნან და კვლავ აღივსონ „რა? როდის? რატომ? ‘’ პასუხების ძიების მოუსვენარი ჟინით. ჰოდა ჩვენც “ შავ კვადრატამდე ‘’ მისაღწევად დროდადრო შავი ყუთით ვთამაშობთ.
ის მომცრო ზომის, უბრალო საღებავით შეღებილი მუყაოს კოლოფია, მის სიღრმეში მარტივი, საყოველთაოდ ცნობილი ნივთები მიეფარება ხოლმე თვალს და დაუზოგავად შეუჩნდება ბავშვის ცნობისმოყვარეობას. ვერ ხედავს და უნდა, დაინახოს, არ აცხადებ და უნდა, გამოიცნოს, ორჭოფობს და უნდა, რომ დარწმუნდეს, ღელავს და ელოდება, რომ გაიმარჯვებს... გონება კი ამ დროს ზეიმობს, მუშაობს მთელი დატვირთვით, იხსენებს, ადარებს, ამოწმებს, უარყოფს, ადასტურებს, გაფაციცებით ელოდება მინიშნებებს, ხარბად ყლაპავს თითოეულ სიტყვას და ბოლოს... აი, შედეგიც! გაბადრული, გაბრწყინებული სახეები და უამრავი გაკვირვება, თამაშით რომ ცოდნად ვაქციეთ...
მოდი, ცოტათი ჩვენც ვიხალისოთ! ყურადღება, შეკითხვა!
მას ადამიანები პოულობენ და კარგავენ. როცა რაიმე მნიშვნელოვანს აღმოაჩენენ, ამბობენ, რომ იპოვეს „ის“, როცა მას კარგავენ, განუწყვეტლივ ეძებენ ყველგან: იატაკზე, ქუჩაში, მანქანაში, ჩანთასა თუ ჯიბეში...ის შეიძლება იყოს მსუბუქი, ან მძიმე, დიდი, ან პატარა , თანამედროვე, ან ძველებური.
ბატონებო, დაასახელეთ, რა დევს შავ ყუთში!... ( უფროსებო, ცხადია, მიხვდით, რომ ეს გასაღებია...)
ყურადღება, შეკითხვა!
ის შეიძლება, დაინახო საჭმლით სავსე ქვაბშიც და იმპერატორის თავზეც.მას სურნელოვანს და კეთილშობილს უწოდებენ. ერთნაირი წარმატებით გამოიყენება კერძების მომზადების დროს და პატივისცემის გამოსახატავად.
ბატონებო, დაასახელეთ, რა დევს შავ ყუთში!... ( უფროსებო, ცხადია, მიხვდით, რომ ეს დაფნის ფოთოლია...)
ყურადღება, შეკითხვა!
მან სამყარო შეცვალა და უჩინარი ხილული გახადა, ერთნაირად ემსახურება მესაათეს, ექიმს,ოქრომჭედელს, ბუნებისმოყვარულს, ბავშვს თუ მოხუცს, ამბობენ, რომ მას უძველესი წარმოშობა აქვს, თუმცა დღესაც ფართოდ გამოიყენება.
ბატონებო, დაასახელეთ, რა დევს შავ ყუთში!... ( უფროსებო, ცხადია, მიხვდით, რომ ეს ლინზაა...)
ყურადღება, შეკითხვა!
ის დიდიც შიძლება იყოს და მიკროსკოპულიც, შეიძლება იპოვო ბაღშიც და ზღვის სანაპიროზეც, შიძლება იყოს სადაც და ძალიან ჭრელიც. არ ესმის, მაგრამ იმეორებს ადამიანის შიგნითა ყურის ფორმას, ძალიან უყვარს წყალი და ძალიან ეშინია მარილის.
ბატონებო, დაასახელეთ, რა დევს შავ ყუთში!... ( უფროსებო, ცხადია, მიხვდით, რომ ეს ნიჟარაა...)
ყურადღება, შეკითხვა!
ეს ნივთი შეიძლება იპოვო როგორც აზარტული მოთამაშის ჯიბეში, ასევე ტრადიციებისმოყვარულ ოჯახში. მას 12 წიბო, 8 წვერო და 6 წახნაგი აქვს. თითოეულ წახნაგს განსხვავებული რიცხვითი მნიშვნელობა შეესაბამება, მათი ჯამი კი ციფრ 21-ს უტოლდება. მათთვის, ვისთვისაც ეს ნივთი წარმატების მომტანია, იქცევა თილისმად, ხოლო ისინი, ვისთვისაც მარცხი მოაქვს, სიძულვილით უწოდებენ“ ძაღლის ძვალს“.
ბატონებო, დაასახელეთ, რა დევს შავ ყუთში!... ( უფროსებო, ცხადია, მიხვდით, რომ ეს კამათელია...)
და ბოლოს.... ყურადღება, შეკითხვა!
ამ ბიოლოგიურმა სტრუქტურამ გაუძლო 42.000 წელს , ციმბირის მკაცრ გამყინვარებას, პასუხი გასცა ნაპოლეონის სიკვდილის საიდუმლოებას და დაიცვა ნარკოტიკების მოხმარებაში ეჭვმიტანილი.
ბატონებო, დაასახელეთ, რა დევს შავ ყუთში!... ( უფროსებო, ვგონებ, მიხვდით, რომ ეს თმის ღერია...)
თუ იხალისეთ და დარწმუნდით შავი ყუთის „მაგიურ ძალაში“, თქვენც გაიზიარეთ , შექმენით და ათამაშეთ მოსწავლეები, რადგან ისინი ამ დროს ივითარებენ ყურადღების კონცენტრაციას, პირობაში მოცემულ ტექსტს ანაწევრებენ მცირე ინფორმაციებად, დებულებებს ახარისხებენ მნიშვნელოვნების მიხედვით , ნაწილებს შორის ლოგიკურ მიმართებებს ამყარებენ, წარმოსახვითს არსებულ რეალობას ადარებენ, უყენებენ ცოდნას ახალ გარემოებას, აფასებენ, ადგენენ ახალ კავშირებს. ათასობით ნეირომედიატორი შეუპოვრად მიჰქრის ნერვულ ბოჭკოებში, ელექტრული იმპულსები დაუღალავად ქსელავს გაუკვალავ ლაბირინთებს, უნატიფესი ნერვული დაბოლოებები ერთგულად ეშველება ერთმანეთს და მარადჯიუტი მეხსიერება ნეირონების უხილავ წრედებად იბეჭდება თავის ტვინში...
ოთხი ერთნაირი თეთრი ჩარჩო. ოთხი ერთნაირი შავი კვადრატი.ზომები: 106,2X 106,5 სმ. ბნელი და ღრმა ზეთის საღებავი. კაზიმირ მალევიჩის თამამი გამოწვევა მთელ სამყაროს.
შავი: ყველა ფერი ერთად, თითქმის ყველაფერი...
თეთრი : არც ერთი ფერი ერთად, თითქმის არაფერი...
ყველა მასწავლებელს თავისი წილი შავი კვადრატი ერგო. დიახ, ზოგი სრულებით არ ბზინავს სიახლით, არც სიგრძე -სიგანე ემთხვევა ერთმანეთს და არც ურყევ ჭეშმარიტებას ასახავს მასზე დატოვებული ნაკვალევი, მაგრამ საერთო მაინც მოიძებნება: აქ თეთრი ებრძვის შავს, ნათელი ბნელს, განათლება უმეცრებას.
მრავალი წლის შემდეგ, იქ, სადაც რეალური სამყარო საბოლოოდ ემიჯნება ირეალურს, შავი სივრცე განსაკუთრებით გიზიდავს და სამუდამოდ გჩუქნის მთავარ საიდუმლოებას - საკუთარ „მეს“.
მე მინდა, ფერადი იყოს ჩემი და ჩემი მოსწავლეების „შავი კვადრატი“, ვიდგეთ და ვფიქრობდეთ, გვესმოდეს, ვხედავდეთ, არ გვეშინოდეს, არ ვღელავდეთ, თვალს ვუსწორებდეთ, გვიხაროდეს....