„მე და ჩემი წილი მამა“ - მანანა ამირეჯიბის წიგნის პრეზენტაცია
„...ვიზრდებოდი, როგორც უმამო და უთვისტომო 1956 წლამდე, სანამ ერთ მშვენიერ (მართლაც რომ) დღეს არ მივიღეთ მამაჩემის წერილი, საიდანაც გავიგე: ობოლი არ ავარ, მყავს მამა და საუკეთესო ნათესაობა.
...1959 წლის იანვარში მე და მამამ პირველად ვნახეთ ერთმანეთი და მაშინ თოვდა...
მერვე კლასიდან მამამ ისევ თბილისში დამაბრუნა და ვსწავლობდი 53-ესკოლაში. ახალ ცხოვრებას ჯერ ალღოაუღებელმა მამაჩემმა დიდი ამბით გამომპრანჭა ჩემთვის შეუფერებელ მამიდა ნათიასეულ ტანსაცმელში, წარბები ნერწყვით დასველებული ცერით გამისწორა, ჩემთვის მკლავზე გადაიკიდა ჭახჭახა შაბიამნისფერი, აგრეთვე მამიდისეული ლაბადა (მახსოვს, საშინლად ცხელოდა), ხელკავი გამიკეთა და პირველ სექტემბერს ამაყი გამომეტყველებით საკლასო ოთახამდე მიმაცილა (პირველად მიაცილა შვილი სკოლაში). სკოლის ეზოდან ვიღაცებმა დაგვისტვინეს. გაკვეთილები რომ დამთავრდა, თემო ბაბლუანი, რომელიც ჩემზე უკან სწავლობდა, სკოლის კართან ჰყვებოდა, რომ თავის თვალით ნახა, როგორ დატყიპა მამაჩემმა თავხედი მსტვენლები“. - ეს არის ნაწყვეტი ჭაბუა ამირეჯიბის ქალიშვილის, მანანა ამირეჯიბის ბიოგრაფიული რომანიდან „მე და ჩემი წილი მამა“, რომელიც გამომცემლობა „არტანუჯმა“ მკითხველს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარუდგინა.
ავტორი საოცარი გულახდილობით მოგვითხრობს საკუთარ თავზე, ოჯახზე, მეგობრებზე, მამაზე, რომელთანაც სრულიად განსაკუთრებული, რთული, მაგრამ ამავე დროს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. „ჩვენ შორის რაღაც სხვანაირი დამოკიდებულება იყო. არ ვყოფილვარ მორჩილი შვილი, მაგრამ ეს მისი ბრალიც იყო, ძალიან მანებივრებდა. ზოგჯერ ვკამათობდით კიდეც, მაგრამ, რაც მთავარია, მეგობრები ვიყავით“ - იხსენებს ქალბატონი მანანა.
ეს წიგნი აღსარებაა. „შეცდომები დიდი ოხერი რამეა. ახლა ვფიქრობ, რომ არ დამეშვა არც ერთი მათგანი, დავწერდი კი ამ ჩემთვის ძვირფას წიგნს?“ - წერს მანანა ამირეჯიბი. აქ ვერ ნახავთ წუწუნს ცხოვრებისეული არასრულფასოვნების, სიძნელეების,იმედგაცრუების გამო. ყველაფერ ამაზე ავტორი თამამად, ღიად საუბრობს. „კითხვისას ბევრ პერსონაჟს შეხვდებით, მაგრამ ორი მთავარი პერსონაჟი გასდევს წიგნს: გულწრფელობა და იუმორი“. -ასე შეაფასა წიგნი „არტანუჯის“მთავარმა რედაქტორმა, ზვიად კვარაცხელიამ. სწორედ იუმორი ეხმარება რთულცხოვრებაგამოვლილ ავტორს სასოწარკვეთილებისგან თავის დაცვაში.
„უმნიშვნელოვანესია ლიტერატურაში ცხოვრებისეული და რეალური წიგნების არსებობა. რაც მეხსიერებამ შემოინახა, თან არ უნდა წავიღოთ, აუცილებელია დავუტოვოთ შთამომავლობას, მითუმეტეს მწერლებმა“, - ამ სიტყვებით მიმართა დამსწრე საზოგადოებას ლიტერატორმა და კრიტიკოსმა ლევან ბრეგაძემ, რომელიც ამავე დროს წიგნის რედაქტორიცაა. „წიგნში, რომელიც უფრო ცხოვრებაზეა დაწერილი, ვიდრე მცხოვრებლებზე, განკითხვას გაოცება ჭარბობს - გაოცება ადამიანთა ვერაგობის, სისასტიკის, შურიანობის, ღალატის და უბრალოდ, ადამიანური სისუსტეების გამოც“, - განაცხადა მან.
წინასიტყვაობის წაკითხვისთანავე მკითხველი ხვდება, თუ რაოდენ გულწრფელ, ემოციით სავსე სამყაროში მოუწევს მოგზაურობა. გულწრფელობა ერთადერთია, რაც ამ მოგზაურობაში თან გდევთ.