თამაში სკოლამდელ ასაკში - პირდაპირი გზა განვითარებისაკენ
რედაქტორი: ზურაბ ვახანია
როლური თამაშები, ვითომობანა, მოტორული თამაშები, თამაში წესებით, ექსპერიმენტული თამაში, წარმოსახვა,
აბსტრაქტული აზროვნება, ეგოცენტრული აზროვნება,დეცენტრაცია, საგანზე ცენტრირება, კონსტრუქტივიზმი, ევრისტიკული მიდგომა.
თამაშით ხდება ბავშვის თვითგანხორციელება - შინაგანი პიროვნული ზრდა. სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის თამაში არა მხოლოდ ქცევის მთავარი ფორმა, არამედ თითქმის სასიცოცხლო მნიშვნელობისაც კია. ამიტომ თამაშს ბავშვის ცხოვრებაში ძალიან დიდი დრო უნდა ეთმობოდეს.
გარდა იმისა, რომ თამაში თავად ბავშვს ანიჭებს დიდ სიამოვნებას და უკმაყოფილებს ძირეულ მოთხოვნილებას მოძრაობისა და განვითარებისა, თამაში უშუალოდ ემსახურება პიროვნების ჩამოყალიბებას. თამაშის დროს ყალიბდება ფსიქიკური, სოციალური და ფიზიკური უნარები. ვითარდება წარმოდგენა, წარმოსახვა, აზროვნება, მეხსიერება, ყურადღება... ზრდასთან ერთად იცვლება თამაშის ფორმები და იძენს ახალ-ახალ დატვირთვას. თავდაპირველად თამაში მოუწესრიგებელია და არ აქვს მყარი თანმიმდევრობა. ხოლო 5-6 წლის ასაკისათვის თამაშს კონკრეტული მიზანი უჩნდება და გარკვეულ წესებს ემორჩილება.
ფსიქოლოგიურად ჯანსაღი ბავშვი მოუსვენარი უნდა იყოს - და რას უშვრებიან მას ულმობელი თუ უვიცი უფროსები...