პირველად!
(ამ ზაფხულს ევპოპის 18-წლამდელები თბილისში შეიკრიბებიან)
გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა-ევროპის მმართველმა საბჭომ ქართველებისთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჩვენი ქვეყანა კალათბურთში ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ფიბა-ევროპამ საქართველოს გოგონათა ასაკობრივი პირველობის ჩატარება მიანდო. ჩვენი ნაკრები დღესდღეობით C დივიზიონშია და საქართველოც ზაფხულში სწორედ ამ ტურნირს უმასპინძლებს.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ბირთვს იმ გუნდის წევრები შეადგენს, რომელმაც გასულ ზაფხულს თბილისში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზა. მართალია, ქართველებმა ტურნირის მონაწილე 8 გუნდში ბოლო ადგილი დაიკავეს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ თბილისში ევროპის წამყვანი საკალათბურთო ქვეყნების ნაკრებები – რუსეთი, საფრანგეთი, ბელგია, ლატვია, უნგრეთი, თურქეთი იყვნენ ჩამოსულნი.
გოგონათა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის მატჩების თბილისში გამართვის თარიღი მოგვიანებით დადგინდება, მანამდე კი ჩვენ კალათბურთის ფედერაციას, გოგონათა გუნდების მწვრთნელებს, მოთამაშეებს, მენეჯერებს და მთლიანად, სპორტულ საზოგადოებას დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს.