თეთრეკალა - სასარგებლო ნივთიერებების საბადო
ქართლში მოგზაურობისას თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს შედარებით ხრიოკ ადგილებზე მომრავლებული ეკლიანი ბუჩქები, რომელსაც უხვად ასხია წითელი ფერის კენკრა. იშვიათ შემთხვევაში ეს ბუჩქები შესაძლოა ცოცხალ ღობედაც იყოს გამოყენებული. ადგილობრივებს თუ ამ დეკორატიული ბუჩქის სახელწოდებას ჰკითხავთ, სხვადასხვა პასუხს მიიღებთ, ესენია: სობისურა, საბისურა, მათეს ეკალა, სობურა. მისი ქართული დასახელება თეთრეკალაა, ლათინურად - Lycium barbarum, (რუსულად Дереза Обыкновенная, Ягоды Годжи). თეთრეკალა ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთის ქვეყნებში, კერძოდ კი ჩინეთსა და ტიბეტში. ხშირად ამ კენკრას შეცდომით მიაკუთვნებენ კოწახურის ერთ-ერთ სახეობას, თუმცა, რეალურად ისინი მცენარეთა სხვადასხვა ოჯახებს მიეკუთვნებიან.