ჯულიან ბარნსის „დროის ხმაური“ ქართულად!
2016 წლის იანვარში ბრიტანეთში ჯულიან ბარნსის ახალი რომანი - „დროის ხმაური“ (The Noise of Time) გამოდის. ერთი თვით ადრე კი გამომცემლობა „დიოგენე“ მკითხველს წიგნის ქართულ თარგმანს სთავაზობს. საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ბარნსის ახალი რომანი გამოიცემა. „დროის ხმაურის“ ელექტრონული ვერსია ექსკლუზიურად განთავსდა saba.com.ge-ზე, ნაბეჭდი წიგნის შეძენა კი უკვე შესაძლებელია მაღაზიებში.
„დროის ხმაური“ ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ მცირე დროში, 30 დღეში თარგმნეს. წიგნის რედაქტორი ირმა ტაველიძეა. ქართველ მკითხველს ერთი თვით ადრე შეუძლია წაიკითხოს რომანი, რომლის პრეზენტაცია ბრიტანეთში ჯერ არ შემდგარა. ნაწარმოების მთავარი გმირი რუსი კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩია.
ჯულიან ბარნსი ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ინგლისელი მწერალი და ესეისტია. ის არაერთი რომანის, მოთხრობებისა და ესეების კრებულის ავტორია. 2011 წელს მწერალს ბუკერის პრემია მიენიჭა. მისი წიგნები - „დასასრულის განცდა“ (ზაზა ჭილაძის თარგმანი), „ინგლისი, ინგლისი“ (ზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძის თარგმანი) და „ფლობერის თუთიყუში“ (ნინო ქაჯაიას თარგმანი) - ქართველი მკითხველისთვის უკვე კარგადაა ცნობილი.