ჟურნალ „ბუქსითის“ პრეზენტაცია
10 დეკემბერს საქართველოს მწერალთა სახლში ჟურნალ „ბუქსითის“ მე-7 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალი წიგნების მაღაზია „ბუქსითის“ და „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ ერთობლივი პროექტია და ფონდ „ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით გამოიცა.
ლიტერატურულ-საინფორმაციო ჟურნალი წიგნის პოპულარიზაციას ემსახურება. „ბუქსითი“ აქტიურ მკითხველს ახალი და საინტერესო წიგნების სიას და უცხო ენებზე გამოცემული წიგნების მიმოხილვას სთავაზობს. აქ თავმოყრილი რჩევები პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას. მშობლები საუკეთესო რჩევებს მიიღებენ, რა და როგორ წააკითხონ შვილებს, რათა მათ წარმოსახვა და უნარები განუვითარდეთ. ჟურნალში ასევე იბეჭდება რევიუები ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემულ წიგნებზე. სარედაქციო ჯგუფი ჟურნალის ყოველი ნომრისთვის რევიუების კონკურსს აცხადებს, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამარჯვებული რევიუ ჟურნალის მომდევნო ნომერში იბეჭდება.
ნიკო მარისა და ექვთიმე თაყაიშვილის მეგობრობის ისტორია; ინტერვიუ ასტრიდ ლონდგრენთან, სადაც ის საუბრობს რატომ სურდა მერძევე გამოსულიყო, როგორ იგონებდა სკოლისაკენ მიმავალი ბავშვებისთვის დაუჯერებელ ამბებს და რატომ მოუწოდებს საზოგადოებას გახდეს ისეთი, როგორებიც ბავშვები არიან; ინტერვიუ პოეტ პაატა შამუგიასთან - ეს „ბუქსითის“ მე-7 ნომრის საინტერესო თემების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
პრეზენტაციაზე ჟურნალის რედაქტორი ინა იმედაშვილი შეეხო წიგნიერების პრობლემას და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. „ბუქსითი“ აქტიურადაა ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში. ყოველ კვირას სარედაქციო ჯგუფის წიგნებით დატვირთული წევრები სხვადასხვა რაიონის სოფლებს სტუმრობენ. საუბრობენ მშობლებთან, მასწავლებლებსა და ბავშვებთან ლიტერატურაზე, ძველ და თანამედროვე ავტორებზე. მშობლებს ურჩევენ, როგორ შეაყვარონ ბავშვებს კითხვა.
„რაიონებში საგანგაშო მდგომარეობაა, კულტურული ცხოვრება მკვდარია. ჩვენ ვჩუქნით ბავშვებს წიგნებს, გვინდა მათი დაინტერესება, რათა ის ყინული, რომელიც მოზარდსა და წიგნს შორისაა აღმართული, გალღვეს“, - განაცხადა ჟურნალის რედაქტორმა. ის იმედს გამოთქვამს, რომ ჟურნალი თავის მისიას შეასრულებს და დააინტერესებს არა მხოლოდ წიგნების მოყვარულებს, არამედ მათაც, ვისაც კითხვა ჯერ არ შეჰყვარებია.