ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის შემაჯამებელი ტესტების კრებული
წინამდებარე ტესტების კრებულები ბუნებიმეტყველებასა და ბიოლოგიაში განკუთვნილია მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეთათვის. ის წარმოადგენს სავარჯოშების ნაკრებს, რომელიც აგებულია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამულ საკითხებზე დაყრდნობით, ორგანიზებულია 5-8 მიმდინარე და ერთ საერთო შემაჯამებელ სამუშაოდ. თითოეულ ტესტზე წარმოდგენილია ორი ვარიანტი. ტესტების კრებული სარეკომენდაციო ხასიათისაა და მოსწავლეს სთავაზობს ისეთი ტიპის განსხვავებულ დავალებებს, როგორიცაა: არჩევითპასუხიანი ტესტური დავალებების შესრულება; შესაბამისობების დადგენა; ილუსტრაციებზე მუშაობა და მათი გამოყენებით ობიექტების, მოვლენების ამოცნობა; ცხრილის, დიაგრამის, სქემის, გრაფიკის ფორმით მოცემული მონაცემების გაანალიზება; სწორი დებულებების შერჩევა; წინადადებებში სიტყვების ჩასმა; მოცემული პირობის მიხედვით პროგნოზირება. თითოეულ დავალებას თან ახლავს შესაბამისი ქულა (მინიმალური 0.5), ხოლო მთლიანი ტესტი ფასდება ჯამური ქულით (ჯამური ქულაა 40). დავალებები ისე ენაცვლება ერთმანეთს, რომ ტესტზე მუშაობა არ არის მოსაწყენი და დამღლელი. ილუსტრაციები დავალების შესაბამისია და ახალისებს სამუშაო პროცესს, დაცულია გრადაციის პრონციპი მარტივიდან რთულისკენ, გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები. აღსანიშნავია ტექსტის ანალიზი, რაც მოსწავლეს განუვითარებს საბუნებისმეტყველო ტექსტების უკეთ გაგებისა და ინფორმაციის გაანალიზების უნარებს. ტესტებში მოცემული დავალებები მოსწავლეს საშუალებას მისცემს სრულად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, ხოლო მასწავლებელს - ადეკვატურად შეაფასოს და გაანალიზოს მოსწავლეთა საჭიროებები. ტესტების კრებულს თან ერთვის შეფასების რეკომენდირებული სქემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოსწავლის მიერ დაგროვებული ქულებით გაკეთდეს მისი განმსაზღვრელი შეფასება.