შეცდომები, რომლებსაც მშობლები ხშირად უშვებენ
დასასრული (დასაწყისი იხილეთ აქ)
მეოთხე შეცდომა: მშობელი ზედმეტად ენერგიულად და ემოციურად რეაგირებს შვილის წარუმატებლობასა და ნეგატიურ ქცევაზე მაშინ, როცა მის წარმატებას ჩვეულებრივ ამბად იღებს.
მაგალითად, თქვენ საქმეში ხართ ჩართული და ბავშვს ყურადღებას არ აქცევთ, ამ დროს ის ეცემა და რაღაცას იტკენს, თქვენ ელვის უსწრაფესად ჩნდებით დასახმარებლად, იხუტებთ, ამშვიდებთ, იბრალებთ. მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში მთელი თქვენი ყურადღება განუყოფლად მას ეკუთვნის.
ან თუ ბავშვმა უარყოფითი შეფასება დაიმსახურა, იწყებთ გაძლიერებულ მეცადინეობას მასთან ერთად, მთელი ყურადღება მისკენ გაქვთ.
ერთი სიტყვით, თუ მასთან ყველაფერი კარგად არის, ნაკლებ ყურადღებას უთმობთ, როცა რამე უჭირს, მთლიანად მასთან ხართ.
როგორ ფიქრობთ, თქვენს ქცევაზე რეაგირებით, ბავშვი ქვეცნობიერად რა დასკვნას გააკეთებს?
ის გაუცნობიერებლად შეეცდება ხშირად შექმნას ნეგატიური სიტუაციები, რომ თქვენი ყურადღება დაიმსახუროს. ყველაფერი, რასაც მშობლები დიდ ყურადღებას უთმობენ, იქცევა ხშირად განმეორებად ქცევად.
რა გავაკეთოთ?
- ნაკლები ემოციები გავამჟღავნოთ ნეგატიურ ქცევებზე და მოვლენებზე. რამდენადაც შევძლებთ, საერთოდ შევიკავოთ თავი ემოციებისგან.
- სამაგიეროდ, რაც შეიძლება ხშირი და ძლიერი ემოცია გქონდეთ დადებითის მიმართ. შეაქეთ, აღფრთოვანდით! რაც მთავარია, მისთვის კარგ და სასიხარულო მომენტებში დაუთმეთ თქვენი ყურადღება და დრო.
მეხუთე შეცდომა: მშობელი ბავშვისთვის მცირე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიცემის შემთხვევაში, მხოლოდ მოჩვენებით ნდობას ამჟღავნებს და სინამდვილეში აგრძელებს კონტროლს.
მაგალითად, თქვენ მოილაპარაკეთ ბავშვთან, რომ დღეიდან ის პასუხისმგებელია წესრიგზე საკუთარ ოთახში, მაგრამ თქვენ სისტემატურად აგრძელებთ ოთახის გაკონტროლებას, თავად ასწორებთ, რაც არ მოგწონთ, ან მას აიძულებთ, გააკეთოს ეს.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დარგეთ ყვავილი და ყოველდღე ხელახლა თხრით, რომ ნახოთ, მყარად გაიდგა თუ არა ფესვები.
მსგავსი სიტუაციაა.
პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, პატრონობის განცდას, დალაგების სტილის გამომუშავებას დრო სჭირდება!
როგორ ვიქცევით?
თუ მივანდეთ მას გარკვეული მონაკვეთი, მაშ, ვენდოთ ბოლომდე! რადგანაც ბავშვი ხდება უფრო გააზრებული და იზრდება, როცა აღარ აკონტროლებენ. მხოლოდ მაშინ შეძლებს ის სისუფთავისა და წესრიგის მონდომებას ისევე, როგორც _ თქვენ.
მიხმარება და ჩარევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ ბავშვს არ ჰყოფნის ცოდნა, ან რომელიმე უნარ-ჩვევა. ან რაიმე მატერიალური. მაგალითად, შეიძლება დავეხმაროთ ლამაზი ყუთების შეძენით, რომ მასში ფაქიზად ჩაალაგოს თავისი ნივთები და სათამაშოები. უმჯობესია, ეს ყუთები ერთად შეარჩიოთ და თუ ბავშვი მოზრდილია, აქაც მას მიანდოთ არჩევანი.
მეექვსე შეცდომა: მშობელი გადაჭარბებულად აქებს შვილს.
ზომიერება ყველაფერშია საჭირო, კარგშიც კი!
რა საფრთხეს ქმნის ხშირი ქება?
იმას, რომ ის უფასურდება, აღარ მოაქვს სიხარული და აღიქმება, როგორც თავისთავადი, ჩვეულებრივი _ ეს ასეც უნდა იყოს!
მშობლებმა უნდა განასხვავონ გამორჩეული და ჩვეულებრივი ქცევა და ქებას დამსახურების შემთხვევაში მიმართონ.
დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ქება ყოველთვის არ შეიცავდეს შეფასებას. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ ვუთხრათ ,,ყოჩაღ!“, ვუთხრათ: ,,როგორ მომწონს, როცა შენ ხატავ!“ ,,რა კარგია, რომ ქსოვ!“
რატომ?
საქმე იმაშია, რომ მშობლებისგან ხშირი შეფასების შემთხვევაში, ბავშვი ამაზე ,,დამოკიდებული“ ხდება. იწყებს კარგის კეთებას ამ შეფასებისთვის. შემდგომში, ისე შეიძლება აეწყოს, რომ მას სიამოვნებას და სიხარულს თავად კეთების პროცესი ან კარგი შედეგი კი არ ანიჭებდეს, არამედ
_მხოლოდ შეფასება. მარტო თქვენგან კი არა, სხვა, მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგანაც (ნათესავების, მეგობრების, მასწავლებლების) მას იგივე მოლოდინი ექნება.
ეს ძალიან ზღუდავს უკვე ზრდასრული ადამიანის ცხოვრებას, აქცევს მას სხვათა აზრზე დამოკიდებულად.
მეშვიდე შეცდომა: მშობელი ცდილობს, აიძულოს შვილი იყოს ,,კარგი ადამიანი“.
მაგალითად, ბავშვი სკვერში თამაშობს თავისი სათამაშოებით და არ უნდა სხვას ათხოვოს მანქანა. ეს მისი უფლებაა! გარკვეულ ასაკამდე ასეთი მოქმედება სრულიად ბუნებრივია.
მშობლები კი ეუბნებიან: ,,არ გრცხვენია, სიძუნწე ცუდი თვისებაა, აბა, ათხოვე ბიჭს შენი მანქანა.“
უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება, პატივი სცეს საკუთარ თავს და თავის საკუთრებას. არ არის საჭირო დაავალოთ მას ამ საკუთრების სხვისთვის განაწილება, თუ თავად არ სურს.
შეუძლებელია სიკეთისა და ხელგაშლილობის ძალით სწავლება. თუ დავიწყებთ ბავშვის კეთილი თვისებების მუდმივ კონტროლს, არ გაგიკვირდეთ, რომ შედეგად აგრესია და ბუნტი მივიღოთ.
ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ ძუნწად ჩამოყალიბების სერიოზული ,,ხელშემწყობი“ არის ბავშვის იძულება, იყოს ხელგაშლილი. ნუ შეშფოთთდებით, დაე, ბავშვს შეექმნას იმის განცდა, რომ თავისი ნივთების პატრონია და ამ ნივთებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
მას თანდათანობით მოეხსნება ნივთების დაკარგვის შიში, მშვიდად შეხედავს ურთიერთობას სხვებთან და მიეჩვევა თხოვებას და ჩუქებასაც. მაგრამ ამას დრო სჭირდება.
როგორ მოვიქცეთ?
სიკეთის ,,სასწავლებლად“ ვაჩვენოთ ჩვენი მაგალითები. მისი თანდასწრებით ვათხოვოთ, ვაჩუქოთ მეგობარს/ახლობელს რაიმე ნივთი;
გამოხატეთ სიხარული და მოწონება ბავშვის ქცევაზე, როცა ის გამოავლენს სიკეთეს, გულისხმიერებას, სულგრძელობას.
მერვე შეცდომა: ცდილობს დაიცვას შვილი, ერევა მის ურთიერთობებში.
უბრალო მაგალითი: ბავშვი თამაშობს სკვერში თანატოლებთან ერთად. უცებ, ერთერთმა თანატოლმა ხელი ჰკრა ან სათამაშო წაართვა.
მშობლები, ასეთ შემთხვევაში, სწრაფად ერთვებიან, პასუხს სთხოვენ მოძალადეს, აღადგენენ სამართალს. ერთი შეხედვით, ბუნებრივი და გასაგები რეაქციაა. ვინ დარჩება გულგრილი, როცა მის შვილს ჩაგრავენ?
სწორი მიდგომა ის არის, რომ უნდა მისცეთ საშუალება თქვენს შვილს, თავად დაიცვას თავი! ეს მნიშვნელოვანი სოციალური გამოცდილება იქნება.
ჩარევა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია საჭირო, როცა ბავშვის ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე, ვთქვათ სკოლაში ცემით ემუქრებიან, ან მას სისტემატურად ავიწროვებს ვიღაც და ის თავს ვერ იცავს.
თქვენი მხარდაჭერა რთულ სიტუაციებში აუცილებლად სჭირდება ბავშვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გამოხატოთ რწმენა თავად მისი ძალების მიმართ. უნდა მოახდინოთ ამ რწმენის დემონსტრირება. ასწავლეთ ბავშვს, თუ როგორ დაიცვას თავი, დაეხმარეთ შეიცნოს თავი, გაიაზროს საკუთარი შესაძლებლობები და სისუსტეები, ასწავლეთ როგორ სძლიოს სისუსტეებს.
მეცხრე შეცდომა: მშობელი თავს მთლიანად უძღვნის შვილს, ივიწყებს საკუთარ მოთხოვნილებებსა და ინტერესებს.
უფრო ხშირად ეს დედებს ახასიათებთ. ამისკენ უბიძგებს სწრაფვა იყვნენ მეტისმეტად კარგი, მეტიც _ იდეალური დედები. სამწუხაროდ, შედეგი უმეტესად საპირისპიროა.
იმისათვის, რომ ბავშვი გაიზარდოს ჯანმრთელი, ბედნიერი, წარმატებული ადამიანი, მას მაგალითი სჭირდება. ეს მაგალითი თქვენ უნდა მისცეთ!
ბავშვებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ მშობლები იყვნენ ჯანმრთელები და წარმატებულები და შეეძლოთ განიცადონ სიხარული და კმაყოფილება სიცოცხლისაგან!
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შეგეძლოთ თავზე ზრუნვა და ასწავლოთ ბავშვს იზრუნოს თქვენზე და გარშემო მყოფებზე. ეს კი არ უნდა მოსთხოვოთ, არამედ უნდა მისცეთ მაგალითი და მადლობა უთხრათ მას, როცა დამოუკიდებლად იჩენს ამ თვისებას.
თუ ბავშვი ხედავს, რომ მთელი სამყარო მის გარშემო ბრუნავს, მასში ყალიბდება ეგოისტური თვისებები. მომავალში, მას დიდი ალბათობით, ნაკლებად შეაწუხებს როგორ გრძნობთ თავს თქვენ ან სხვა ახლობლები. მისთვის რთული იქნება ურთიერთობების დალაგება სხვა ადამიანებთან, რადგან სამყაროს მისეული აღქმა იქნება არაადექვატური.
ბავშვი არის ოჯახის ერთერთი წევრი, მაგრამ არა _ კერპი! უნდა ვეცადოთ ვიცხოვროთ მასთან ერთად და არა მისთვის!
მნიშვნელოვანია: ოჯახის ყველა წევრი პატივისცემით ეპყრობოდეს ერთმანეთის საჭიროებებს.
მაგალითად, თქვენ საგულდაგულოდ გამოეწყვეთ და მიდიხართ თეატრში. ოჯახის წევრები იხიბლებიან თქვენით და უხარიათ თქვენთან ერთად. ან თქვენ წიგნით ხელში დივანზე ისვენებთ. ოჯახის წევრები პატივს სცემენ თქვენს ამ მოთხოვნილებას და არ ამბობენ: ,,ისევ წამოგორდა“.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ხედავდეს, როგორ ეხმარება მამა დედას საოჯახო საქმეებში და ზრუნავს, რომ ის არ გადაიღალოს. დედა კი, სამსახურიდან დაბრუნებული მამის მიმართ მზრუნველობას ამჟღავნებს და არა _ათასგვარ პრეტნზიებს.
მეათე შეცდომა: მშობელი მეტისმეტად ცდილობს შვილის განვითარების სტიმულირებას;
ბავშვს, როგორც მცენარეს, ზრდის თავისი ეტაპები აქვს და კენწეროსკენ ძალით არ უნდა ვქაჩოთ. მიჩნეულია, რომ 7 წლამდე პერიოდი არის თამაშის პერიოდი. ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს ჩამოუყალიბდეს სამყაროს სწორი აღქმა, საკუთარი თავისადმი, სხვებისადმი და ცხოვრებისადმი სწორი დამოკიდებულება. მოხდეს მისი ემოციური განვითარება.
მაგრამ ხშირად ვხდებით მოწმეები , მშობლები როგორ აჩქარებენ (სრულიად კეთილი ჩანაფიქრით) შვილის განვითარებას, თანაც ინტელექტუალურად. აიძულებენ მათ მეცადინეობას, თავს ახვევენ სხვადასხვა მიმართულებებს, ,,არ მინდას“ თანხლებით მეცადინეობენ მათთან ერთად, ხშირად... მათ მაგივრად...
დიახ, ბავშვს დიდი შესაძლებლობები აქვს და მოწადინების შემთხვევაში, 2 წლის ასაკშიც შეუძლია ისწავლოს კითხვა, თვლა... მაგრამ რისთვის? ყველაფერს თავისი დრო აქვს.
ინტელექტუალური განვითარების სტიმულირებით თქვენ ზღუდავთ ბავშვის ემოციური განვითარების შესაძლებლობას, რაც მეტად მნიშვნელოვანია ბედნიერი და წარმატებული ადამიანის ჩამოყალიბებისთვის.
საჭიროა, ბავშვის განვითარების იმ ეტაპის მხარდაჭერა, რომელშიც ის ბუნებრივად იმყოფება. ერთიდან სამ წლამდე პერიოდი სამყაროს შეცნობისაა, სკოლაში ახლად მისულს უნდა ჩამოუყალიბდეს პოზიტიური განწყობა სწავლის მიმართ, წახალისდეს მისი ინტერესები.
მოამზადა ანა ნინიძემ, ე. შევჩენკოს წიგნის ,,მშობლების 10 შეცდომა“ მიხედვით.