დამრიგებლის საიდუმლო თავად ბავშვებშია
მზეო თურქაძე – თბილისის 96-ე არაქართულენოვანი საჯარო სკოლის მე-10 პირველი კლასის დამრიგებელი და გამორჩეულ პედადოგად აღიარებული – სიამოვნებით გვთანხმდება პედაგოგიური გამოცდილების გაზიარებაზე.
- არის თუ არა სპეციფიკური განსხვავება ქართული და არაქართულენოვანი სკოლების დამრიგებლების მუშაობაში?
- რა თქმა უნდა, მაგალითად, პატრიოტული აღზრდა, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული და დამრიგებლის და თანაც ქართულის პედაგოგის უშუალო მოვალეობაა, დიდი სიფრთხილით უნდა წარმართო. კლასში სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის მოსწავლეები გისხედან და განსაკუთრებული მიდგომა გჭირდება. პატრიოტიზმზე ლექციურ საუბარზე მეტად ღონისძიებები, ინსცენირებები, გამოფენები და სხვა მეთოდებია ეფექტური. ამას წინათ ჩავატარეთ შემეცნებითი ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნის კულტურულ-რელიგიურ ტრადიციებზე. ეროვნულ კოსტიუმებში გამოწყობილმა ბავშვებმა ინსცენირებით წარმოადგინეს თავიანთი მოძიებული მასალები. ეს მულტიკულტურული განათლების ერთი მაგალითია. მასწავლებელმა უნდა მოახერხო, რომ მოსწავლეს თავისი ეროვნული, ეთნიკური კულტურა, ტრადიციებიც უყვარდეს და ქართულსაც იცნობდეს და პატივს სცემდეს. წინააღმდეგობა არ უნდა შეექმნას ბავშვს, არ უნდა გაორდეს.
- რომელ აქტივობებს იყენებთ ეფექტურად კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის, ეს ხომ თანამედროვე სკოლის უმთავრესი მიზანია?
- ჩემი გამოცდილებით, კარგი შედეგი აქვს ბლუმის ტაქსონომიის საფეხურების მიხედვით დაგეგმილ აქტივობებს, მარტივიდან რთულისკენ მიმართულ მსჯელობას. საერთოდ, კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის ყველა მეთოდისა და აქტივობის გამოყენება შეიძლება, დაწყებული ლიტერატურული პერესონაჟის დახასიათებიდან, არგუმენტირებული ესეს წერით დამთავრებული, მაგალითად, ლუარსაბ თათქარიძეზე მსჯელობა როგორ შეიძლება მოსწავლის კრიტიკული აზროვნების განვითარებას არ ამსახურო? არგუმენტირებული ესეს წერის სწავლებაც ხომ სხვა არაფერია, თუ არა კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება. ეს მიდგომა საგანშიც და დამრიგებლობაშიც ეფექტურია.
- დისკუსიებს თუ იყენებთ ამ მიმართებით?
- დისკუსია, რა თქმა უნდა, კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის ეფექტური მეთოდია, ასევე მნიშვნელოვანია მისი როლი კომუნიკაციის უნარებისთვის.
- საჯარო სკოლების საკლასო გარემო რამდენად მოხერხებულია დისკუსიისთვის? ბევრ კერძო სკოლაში მოსწავლეები ოვალურ მაგიდებს უსხედან...
- რა თქმა უნდა, მოხერხებულ და კომფორტულ გარემოზე არც ჩვენ ვიტყოდით უარს. ოვალური მაგიდა არ გვაქვს, მაგრამ დისკუსიისათვის ვცვლით მერხებისა და მაგიდების განლაგებას. დისკუსიისას მარტო ვერბალურ კომუნიკაციას ხომ არ იყენებენ, მნიშვნელოვანია არავერბალური კომუნიკაციაც, რისთვისაც ბავშვები უნდა ხედავდნენ ერთმანეთს. ამიტომ საკლასო გარემოს ორგანიზებისას ამას ვითვალისწინებთ.
- ეროვნული სასწავლო გეგმის სადამრიგებლო განაკვეთში მოცემულ თემატიკაზე რას იტყვით?
- გეგმაში მოცემულია სადამრიგებლო საათის თემები, რომლის ფარგლებშიც ვითვალისწინებთ ბავშვების ინტერესებს. ვმართავთ შეხვედრებს, გამოფენებს, ვაკეთებთ ალბომებს... ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში ძალიან წაგვადგა სკოლის რადიოფიცირება, ვგულისხმობ მოსწავ;ლეთა ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართებით. სკოლაში იმართება სპორტული ღონისძიებები, ტურნირები. სულ ახლახან შიდასასკოლო საფეხბურთო ჩემპიონატში ჩვენმა კლასმა პირველი ადგილი და სიგელი მიიღო. სამოქალაქო აღზრდაში მეხმარება სადამრიგებლო საათი, რომელიც აღარ არის ფორმალური, როგორც ადრე იყო. ახლახანს, ჩვენი სადამრიგებლო საათის ერთ-ერთი თემა იყო “არა – ძალადობას”. ამავე თემაზე შემდეგ სტენდიც მოამზადეს ბავშვებმა. ზოგადად, როცა სადამრიგებლოში აღმზრდელობით თემატიკის გააქტიურებას ცდილობ, ცხადია, საპროგრამო მასალასაც იყენებ, სხვადასხვა საგნებიდან. ისევ ლუარსაბს მივუბრუნდები, როგორ შეიძლება, ლუარსაბ თათქარიძეზე მსჯელობდე და პიროვნულ განვითარებაზე, საზოგადოებაში ადამიანის აქტიურ როლზე არ ალაპარაკო ბავშვები, ამას არ მოაყოლო ბარათაშვილის “მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან...”?
- შეიმჩნევა, რომ საშუალო საფეხურზე მშობლები გაურბიან მასწავლებლებთან კომუნიკაციას და უმეტესად სკოლის ანაბარა ტოვებენ ბავშვებს. ასეთ დროს რა გზას მიმართავთ?
- სხვისი არ ვიცი და მე მშობლებთან კომუნიკაციისთვის აქტიურად ვიყენებ სოციალურ ქსელს. პარასკევი მშობლებთან შეხვედრის დღე გვაქვს, მაგრამ სხვა დროსაც მზად ვართ ამისთვის. გარდა კრებებისა, თვეში ერთხელ ინდივიდუალურად ვხვდები მშობლებს და მათთან საუბარს ყოველთვის პოზიტიური ინფორმაცით ვიწყებ, საყვედურების ნაცვლად რჩევებს ვუზიარებ. საერთოდ, ყველა ბავშვში უპირველესად კარგი უნდა ეძებო, უარყოფითის პოვნასა და მშობლისთვის თქმას ყოველთვის მოახერხებ.
- როგორ აგროვებთ მოსწავლეზე ინფორმაციას, მათს პირად საქმესა და დახასიათებებს როგორი მეთოდით ამუშავებთ?
- სხვადასხვა ფორმით. დახასიათებისთვის კარგად ვიყენებ დაკვირვების მეთოდს, მთელი წელი ვინიშნავ ინფორმაციას თითოეულზე, საგნების პედაგოგებსაც ყოველთვიურად ვეკითხები მათ შესახებ. მაქვს შემუშავებული სპეციალური ფორმა, რომელშიც შემაქვს ეს ინფორმაცია და სემესტრის ბოლოს სრულ სურათს ვიღებ თითოეულ მოსწავლეზე.
- რა არის ძირითადი სირთულე თქვენს მუშაობაში?
- გარდატეხის ასაკი უმძაფრესად მე-8 და მე-9 კლასებში იგრძნობა, მაგრამ მე-10-ში თვითდამკვიდრების იდეა აწვალებთ ბავშვებს. ამ დროს რთულია სხვა სკოლებიდან გადმოსულ მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათთან კლასელების დაახლოება. ახალი მოსწავლეების ინტეგრაციის პროცესს დრო სჭირდება. ვცდილობ, კლასის ერთიანობაზე ვიმუშაო, ამაში ექსკურსიები და სკოლის გარეთ შეხვედრები მეხმარება. ჩემს სადამრიგებლოში გოგონების ნაკლებობაა. ეს ცუდია, რადგან გოგონები სტიმულს აძლევენ ბიჭებს, კარგ საქმეებზე ითანხმებენ მათ. ბიჭებიც ცდილობენ გოგონების თვალში ღირსეულნი გამოჩნდნენ. დამრიგებლობა ძალიან საინტერესოა. ეს არის დაკვირვება თითოეულ ბავშვზე და თავად დაკვირვების პროცესია საინტერესო, ახალ დასკვნებამდე მიდიხარ. ეროვნული სასწავლო გეგმა მრავალფეროვანია, სადამრიგებლო პროგრამებიც, ტრენინგებიც საჭიროა, მაგრამ დამრიგებლის მუშაობის სირთულეების დაძლევისთვის ძალიან საინტერესო იქნება, სხვადასხვა სკოლის დამრიგებლების არაფორმალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ჩვენს გამოცდილებასა და იდეებს გავუზიარებდით,
- რა არის თქვენი დამრიგებლობის უმთავრესი “საიდუმლო”?
- წახალისება და არა _ დასჯა. ბავშვები უნდა გრძნობდნენ, რომ სამართლიანი ხარ და ყველას ერთი და იმავე საწყაოთი უდგები, არავინ გყავს გამორჩეული. თუ ეს დაიჯერეს, მათზე უკეთ მეგობრობას ვერავინ გაგიწევს. შენ კი მათთვის უფროსებში ყველაზე სანდო მოკავშირე გახდები. მახსენდება, შესვენებაზე, ერთ-ერთი ვაჟი მოსწავლე სახიფათოდ ჩამომჯდარიყო ფანჯრის რაფაზე. პედაგოგს, რომლის გაკვეთილიც მალე უნდა დაწყებულიყო, აწვალებდა – მე-3 სართულის ფანჯრიდან გადაეყუდებოდა, რაფას ხელს უშვებდა და აშინებდა, გადავხტებიო. მასწავლებელი ყვიროდა, ეჩხუბებოდა, პერანგით იჭერდა, მაგრამ ვერც ტოვებდა, რომ სხვები ეხმო საშველად, ამასობაში არ გადავარდესო. ამ დროს შევედი. მივუახლოვდი აბეზარს და ყურში ჩავჩურჩულე, ნუ გადავარდები, რა, თორემ ხომ იცი, გული გამისკდება-მეთქი. რა მოხდა? უსიტყვოდ ჩამოვიდა, თავდახრილი და შერცხვენილი. საიდუმლო თითოეულ ბავშვშია, მთავარია ისინი გენდობოდნენ.